“როცა ცუდად ვყოფილვარ, პალატაში გაუთენებია ჩემთვის ღამე” – სესილი ბოკერია შეყვარებულს ძალიან ანერვიულებს

"როცა ცუდად ვყოფილვარ, პალატაში გაუთენებია ჩემთვის ღამე" - სესილი ბოკერია შეყვარებულს ძალიან ანერვიულებსტელერეპორტიორი სესილი ბოკერია “კურიერის” ჯგუფს ერთი წლის წინ შეუერთდა, რითაც ბავშვობის ოცნება აისრულა:

– რომელ სფეროში გრძნობთ თავს უკეთ?

– როდესაც ტელეკომპანიაში მოვედი, რამდენიმე გახმაურებულ მკვლელობაზე მომიწია მუშაობა, ამას მოჰყვა ბორჯომის ერთთვიანი ხანძრები და, აქედან მოყოლებული, სადაც უბედურება და ექსტრემალური სიტუაციაა, იქ მიწევს ყოფნა.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ტერორისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია რომ მიმდინარეობდა, პირველად მოვყევი ორმხრივ სროლაში. რაღაც მომენტში აღმოვჩნდი ბინაში გამაგრებული ტერორისტებისა და სპეცრაზმელების შუაში. არც კამერა მქონდა იმ წუთში და მობილურით ხელის კანკალით ვიღებდი კადრებს.

– როგორია თქვენი ცხოვრება საქმის მიღმა?

– მყავს ოჯახი, რომელიც ძალიან მიყვარს და მაქვს პირადი ცხოვრება, ოღონდ არ ვიცი, როგორ ვახერხებ. ჩემი შეყვარებული გაგებით ეკიდება ჩემს საქმეს, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრს ვანერვიულებ. პარლამენტთან აქციაზე, რომელიც რეზინის ტყვიებით დაარბიეს, ერთი წამით არ მივუტოვებივარ. ფარივით მედგა და მიცავდა ყოველგვარი საფრთხისგან. თან ბევრმა ჩემმა კოლეგამ არ იცოდა ჩვენი სიყვარულის ამბავი და ყველა მეკითხებოდა, ვინ არის ეს ბიჭი, ხელებგაშლილი რომ დაგყვება ყველგანო.

ჩემი და ჩემი შეყვარებულის გაცნობა გადაღებას უკავშირდება. ბევრს ახსოვს სიუჟეტი, როდესაც პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე პოლიციელებს ხელში ატაცებული მიჰყავთ და ამ დროს მე ინტერვიუს ვართმევ. ეს ინტერვიუ ძალიან პოპულარული გახდა. სწორედ ამ ვიდეოში მნახა და მომწერა, მაგარი ხარო. აქედან დაიწყო ყველაფერი. ის სულ სხვა პროფესიის არის. გარკვეულ წრეებში ცნობილი ადამიანია, მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა მისი ვინაობის გამხელა.

ამ სიყვარულმა პიროვნულადაც შემცვალა, ძალიან დამთმობი გამხადა.

– რითი განებივრებთ?

– ჩემთვის მთავარი განებივრება არის მისი ყურადღება, როცა ცუდად ვყოფილვარ, პალატაში გაუთენებია ჩემთვის ღამე. ამ გრძნობისგან იმდენი ემოცია მაქვს, რაც 26 წლის განმავლობაში არ მქონია, ამიტომ ყველანაირად შევეცდები, გავუფრთხილდე მას.

ავთო ჩიტიძე, სარკე