ნიკა წულუკიძე ცოტა ხნის წინ ბიჭის, კიტა წულუკიძის, მამა გახდა. ნიკა და მისი ცოლი, თეკლა კოსტავა, უკვე ორი შვილის მშობლები არიან.
ოჯახურ სიხარულზე ნიკა წულუკიძე “სარკეს” უყვება:
– პირველი შვილის დაბადებისას ბოლომდე შეცნობილი არ მქონდა, რას ნიშნავდა მამობა, ამიტომ სიხარულთან ერთად აფორიაქებულიც ვიყავი. ახლა კი იმ ბედნიერი განცდის განმეორება იყო. ძალიან კარგია, რომ უკვე ორი შვილის, ქალ-ვაჟის, მამა ვარ.
– როგორ შეიცვალა ოჯახის შექმნის შემდეგ ნიკა წულუკიძე?
– ძირეულად შევიცვალე. როცა ხდები მეუღლე, ორი შვილის მამა, გემატება პასუხისმგებლობა, მოვალეობები, სხვა განცდებით ეგებები ყოველი დღის გათენებას, შენი შვილების თვალებით უყურებ სამყაროს, სხვანაირი სიმშვიდეა ოჯახში დაბუდებული.
– გაგიჭირდათ პირველი შვილის გაზრდა ახალბედა მშობლებს?
– თავდაპირველად იყო სირთულეები, რადგან ბავშვს ღამე არ ეძინა, მაგრამ ჩემი მეუღლე ყველაფერს გმირულად აკეთებდა. ცოტ-ცოტას მეც ვეხმარებოდი, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო. ჩემი წილი 30 პროცენტი გამოდიოდა.
– როგორ გაატარეთ კარანტინის პერიოდი?
– კორონას ჟამიანობის პირველი პერიოდი დიდ დიღომში, ჩვენს პატარა სახლში გავატარეთ, სადაც მოზრდილი მიწის ნაკვეთი გვაქვს. დავბარეთ, დავამუშავეთ, გავთოხნეთ, მოვიტანეთ ბიონაკელი, გავანოყიერეთ და ბოსტნეული დავთესეთ. მთელი ზაფხული მწვანილი არ გვიყიდია, ყველანაირი ხილი გვაქვს. მოვიწიეთ კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, კვახი, სიმინდი, ნესვი, საზამთრო.
– ხართ რამდენიმე ტელეგადაცემის წამყვანი, ამავე დროს კითხულობთ ლექციებს, გაქვთ რადიოგადაცემა. როგორ ასწრებთ ამ ყველაფრის ხარისხიანად კეთებას?
– რაც უფრო მეტი საქმე გაქვს, დროს უფრო კარგად ანაწილებ. ზოგს ერთი ქვითარი აქვს გადასახდელი და იმდენი ხანი ემზადება ბანკში წასასვლელად, ბოლოს დაკეტილი ხვდება.
– არ შეიძლება, რომ ტელევიზიაში ამდენი წლის მუშაობის განმავლობაში პოლიტიკითაც არ დაინტერესებულიყავით.
– რას ამბობთ, არასოდეს გავერევი პოლიტიკურ პროცესებში! ტელევიზიაში კი არა, ტაქსით რომ ვმოძრაობ, მძღოლს თუ რადიო აქვს ჩართული და პოლიტიკური დებატებია, ვთხოვ, ან გამორთოს, ან ხმას ჩაუწიოს. ნამდვილად არ მინდა პოლიტიკით გონების გადაღლა. ერთხელ ვცხოვრობ და ბევრად უფრო საჭირო და საშური საქმეები მაქვს გასაკეთებელი.
ია ქუთათელაძე, სარკე

