ნანუკა ჟორჟოლიანი: “როცა მძინავს, მაშინაც ბედნიერი ვარ”

ნანუკა ჟორჟოლიანი: "როცა მძინავს, მაშინაც ბედნიერი ვარ"ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი “სარკესთან” მისი ცხოვრების დეტალებზე საუბრობს:

– ძალიან რთულია დაობლება. მგონია, რომ ჭიპლარი წყდება სამყაროსთან დედის გარდაცვალების შემდეგ. მარტო რჩები, ასაკშიც მაგ დროს შედიხარ… ახლა ის ეტაპი მაქვს, სიცხე რომ მომცეს, არ ვიცი, ვის დავურეკო, რა დავლიო, საჭმელი ნიგვზით გავაკეთო თუ სხვა რამით… პირობითად ვამბობ ამ თემებს. დედაჩემი თან ჩემი მეგობარი იყო.

– როცა უდედობას მძაფრად გრძნობთ, როგორ უმკლავდებით განცდებს?

– მივდივარ იმ ადამიანებთან, ჩემს დახმარებას რომ მოახერხებენ. საბედნიეროდ, მუდამ მყავს ისეთი ადამიანები გვერდით, რომლებიც ყოველთვის მეხმარებოდნენ კრიზისებიდან გამოსვლაში. ახლაც მათ გამომიყვანეს მდგომარეობიდან, თუმცა, დაჯი რომ დავკრძალეთ, 3 დღეში გავფრინდი ქვეყნიდან და თვეზე მეტი აქ არ ვიყავი.

ევროპაში გავფრინდი. მარიამის ბინა მქონდა ჩასაბარებელი და მანამდე ერთი თვე შემეძლო იმ ბინაში ვყოფილიყავი, რადგან გადახდილი გვქონდა ქირა. ევროპაში წასვლაც დამეხმარა ამ ამბავში.

ჩარტერული რეისით მოვახერხე წასვლა, თორემ 95% ვერ ახერხებს ქვეყნიდან გამგზავრებას, რადგან ბილეთია ძალიან გაძვირებული. თან, როცა თვენახევრით მიდიხარ, გიღირს ძვირის გადახდა, მაგრამ ვისაც 1 კვირით წასვლა უნდა, ვერ წავა, რადგან გაორმაგებულია ბილეთების ფასები. საბედნიეროდ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობები მაძლევს ამის უფლებას.

– კარანტინის გადატანა გაგიჭირდათ?

– არა, რადგან იმდენად მიყვარს სახლში ყოფნა, პრობლემა არ ყოფილა. ვგიჟდები სახლში ყოფნაზე, წამოწოლაზე… პიჟამას ჩაცმა და წოლა მიყვარს. სად მაქვს ეგ ფუფუნება სხვა დროს?! ამ ბოლო დროს საჭმელების კეთებაც შემიყვარდა. გააჩნია, სად ვარ. არის სახლი, სადაც საჭმელებს ვაკეთებ, არის სახლი, სადაც მხოლოდ წოლა მიყვარს…

ასე რომ, კარანტინი პრობლემად არ აღმიქვამს. პრობლემა ჩემთვის გამოკეტილი ემიგრანტები უფროა, ვიდრე ის, რომ მე ვიყავი სახლში გამოკეტილი.

– ისეთი ბობოქარი ცხოვრების მოყვარული ხართ, თქვენგან წოლა და საჭმელების კეთების სიყვარული ცოტა მოულოდნელია.

– ბოლო დროს ვგიჟდები ამ ყველაფერზე. პანიკური შეტევების შემდეგ ცხოვრების სხვა ეტაპი დამიდგა.

– საჭმელების კეთება თქვენს წონაზე არ აისახება?

– არანაირად. ერთია, როცა აკეთებ და მეორე, რას აკეთებ. თან ახლა წონა ყველაზე ნაკლებად მაწუხებს. ეგ ჩემს ცხოვრებაში აქტუალური აღარ არის.

– ანუ სასურველი წონა გაქვთ…

– დიახ, დავედი სასურველ წონაზე და თან უფრო ვიკლებ.

– თქვენი ქალური ცხოვრება რა ეტაპზეა?

– ბედნიერების. 24 საათი ბედნიერი ვარ. როცა მძინავს, მაშინაც ბედნიერი ვარ.

– შეყვარებული ხართ?

– არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. ბედნიერი ვარ და, მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი.

რუსუდან ადვაძე, სარკე