მომღერალმა და ტელეწამყვანმა თემო საჯაიამ შემოდგომაზე ცნობილ მოდელზე და ასევე ტელეწამყვან მარიტა ჯანაშიაზე იქორწინა.
მარიტა “სარკესთან” საუბრობს.
– მარიტა, როგორ გახსენდებათ ქორწილისთვის სამზადისი?
– ჩემი ყველაზე დიდი სანერვიულო იყო ამინდი, რადგან ყველაფერი ღია ცის ქვეშ იყო დაგეგმილი. დიდი სანერვიულო იყო კორონას თემაც. ყველაფერი გავთვალეთ, რომ რისკები მინიმუმამდე ყოფილიყო დასული, გამოვიყენეთ ერთჯერადი ჭურჭელი.
იმდენი ვინერვიულე, რომ ვერაფერი ვჭამე, ერთი ყლუპი პუნში დავლიე და ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს.
მე და თემოს გვინდოდა, ეს დღე ყოფილიყო ისეთი ლამაზი და ბედნიერი, როგორიც ჩვენ მოგვიხდებოდა. უფროსებს კი გული დავ-წყვიტეთ, მაგრამ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც გვინდოდა. არ იყო ტრადიციული რესტორანი მაგიდებით, ეს იყო ღია ცის ქვეშ ფურშეტი, ბევრი ცეკვა და გართობა.
ჯვარი დავიწერეთ ქაშვეთის ეკლესიაში და მცხეთაში ვიპოვე ისეთი ადგილი, რომელიც ჩემს წარმოსახვაში იყო იდეალური ჩემი ქორწილისთვის.
ამ ყველაფერმა იმდენი დრო და ენერგია წაიღო, ქორწილის მერე ერთი კვირა გადაბმულად მეძინა.
– რა იპოვეთ თემოში ის მთავარი, რამაც მიგახვედრათ, რომ სწორედ ის უნდა ყოფილიყო თქვენს ცხოვრებაში?
– ყველა იმ თვისებას ვაფასებ მასში, რაც გააჩნია. ერთი კონკრეტული რომ გამოვყო, არ ვიქნები მართალი. მართლა იშვიათად შემხვედრია ისეთი ხასიათის ადამიანი, როგორიც თემოა. ბევრმა შეიძლება არც დამიჯეროს, რადგან შორიდან არ ჩანს, რომ კარგი ხასიათი აქვს და, სხვათა შორის, ამას ჩემზეც ამბობენ.
მან ჩემს ცხოვრებაში დიდი ყვითელი ფერი შემოიტანა, რომელიც საშუალებას გაძლევს, ცხოვრება უკეთეს ფერებში დაინახო. ჩემი ცხოვრება გაანათა. მასთან ძალიან მშვიდად ვგრძნობ თავს.
თემო არაჩვეულებრივი კულინარი აღმოჩნდა და უგემრიელეს კერძებს აკეთებს, შედევრებით მანებივრებს, ამიტომაც უკვე გამასუქა.
– ბებიამ, მსახიობმა მარი ჯანაშიამ, როგორ მოგიწონათ არჩევანი?
– ბებიას ძალიან მოსწონს თემო და კარგად უგებენ ერთმანეთს. მათ უფრო ადრე გაიცნეს ერთმანეთი. თემო ჩემი ოჯახის ყველა წევრს ძალიან უყვარს. სამწუხაროდ, პანდემიის გამო მამაჩემი ვერ ჩამოვიდა საფრანგეთიდან და ვერ გაიცნო.
ავთო ჩიტიძე, სარკე

