“მთავარის” ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედ ალი 24 წლის იყო, როდესაც 2010 წელს ეთნიკური უმცირესობებისთვის ამოქმედდა პროგრამა 1/4, რომელიც დიდ შეღავათებს ითვალისწინებდა არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის.
– ზოგადი უნარები აზერბაიჯანულ ენაზე ჩავაბარე, შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, ქართული ენის მოსამზადებელი კურსები გავიარე და ამის საფუძველზე მოვხვდი თსუ-ის სოცპოლიტიკურ მეცნიერებათა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, – უყვება ის “სარკეს”.
– ქართული ენის სწავლა გაგიჭირდათ?
– თავიდანვე მქონდა გაცნობიერებული, რომ ენის ცოდნა დამაკავშირებელი ხიდია, რომელიც საზოგადოებებს აერთიანებს და, როცა შენი ეროვნული ენა ქართულია, მაშინ ამ ენის სწავლა და შეყვარება გარდაუვალია. ასევე ძალიან მინდოდა უმაღლესი განათლების მიღება, ეს კი ქართული ენის შესწავლის გარეშე შეუძლებელი იყო, ამიტომაც მიზნად დავისახე, რომ ჩემი ეროვნული ენა უნდა შემესწავლა.
– თქვენ მუშაობდით “რუსთავი 2”-ში, შემდეგ კი გუნდს “მთავარ არხში” წაჰყევით. ასე რატომ გადაწყვიტეთ?
– “რუსთავი 2”-ში მე, პირადად, ნიკა გვარამიამ მიმიღო. მან მომცა შანსი, რომ იმ დროისთვის ქვეყნის ყველაზე დიდ და რეიტინგულ ტელეკომპანიაში მემუშავა და გავზრდილიყავი. შემდეგ იცით “რუსთავი 2”-ის ამბები.
ნიკა როცა წავიდა და ყველა გაჰყვა, არც მე დავრჩი, რადგან დარჩენა ჩემთვის პრინციპისა და ადამიანური ღირებულებების ღალატის ტოლფასი იყო. დღეს ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ და ვმუშაობ იმ გუნდთან, რომელიც პროფესიონალ ჟურნალისტად მზრდის და მაძლევს შესაძლებლობას, მივაღწიო დიდ წარმატებას. მე მიყვარს ჩემი ოჯახი და ამ ოჯახს “მთავარი არხი” ჰქვია.
– ვიცი, რომ შეყვარებული გყავთ. მოგვიყევით მასზე, სად გაიცანით, ვინ არის და რამდენი ხანია, რაც მას დაუკავშირეთ ცხოვრება.
– ჩვენ საუნივერსიტეტო სივრცეში გავიცანით ერთმანეთი, ურთიერთობა კი ახლახან დავიწყეთ, 7 თვეა. თავდაუზოგავად შრომისმოყვარე, რეალიზებული და შემდგარი ადამიანია. საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობს და ასევე არის ილიას უნივერსიტეტის განათლების მაგისტრი. წინ ბევრი გეგმა გვაქვს.
– ამ გეგმაში ოჯახის შექმნაც შედის?
– დაოჯახებას ახლო მომავალში ვაპირებთ.
ინტერვიუ ოქტომბერშია ჩაწერილი. საბოლოოდ კი ჯეიჰუნმა და მისმა რჩეულმა, ლეკუნა (ლამარა) ჯაფოშვილმა ქორწილი გაზაფხულისთვის გადადეს, ნოემბრის ბოლოს კი იუსტიციის სახლში ქორწინება ოფიციალურად გააფორმეს.
– “მოამბეში” ტელეეკრანზე დაბლა მარჯვენა კუთხეში რომ გოგო ჩანს ხოლმე, უკვე ჩემი ცოლია. მოკლედ, მე “მთავარ არხზე” ვმუშაობ, ის – “პირველ არხზე”, – უთხრა მან “ამბებს”.
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

