საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, “სარკესთან” იხსენებს, რომ ბავშვობიდან უამრავი აუხდენელი ოცნება დარჩა, რომლებიც დრომ ვერ აანაზღაურა.
– მაგალითად, რა გახსოვთ, რა გენატრებოდათ და რა ვერ აინაზღაურეთ?
– სრულიად პრიმიტიულ რამეებზე ვოცნებობდი, მაგალითად, საღეჭ რეზინზე. მაშინ ჩვენთვის ეს საოცნებო იყო, მაგრამ ახლა, როდესაც ის ხელმისაწვდომია, ვერაფრით აანაზღაურებს იმ დანაკლისს, რომელსაც ის მაშინ გულისხმობდა. მინდოდა კომპიუტერი – მაშინ ახალი შემოსული იყო სათამაშო კომპიუტერები. მინდოდა ტანისამოსი, მოგზაურობა და ა.შ.
– წიგნები?
– წიგნები არ მაკლდა, რადგან ჩემი ოჯახი სკოლასთან იყო დაკავშირებული. ბაბუაჩემი სკოლის დირექტორი გახლდათ და, შესაბამისად, ყველაზე მეტად რაც არ მაკლდა, წიგნები იყო. წიგნების სამყაროში ვიზრდებოდი და ამ თვალსაზრისით ძალიან გამიმართლა.
– ახლა რა ოცნებები აქვს გიორგი კეკელიძეს?
– მინდა, ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია მოვახდინოთ, დავასრულოთ ლეგენდარული სამკითხველო დარბაზების რეკონსტრუქცია და ასე შევთავაზოთ ჩვენს მკითხველებს.
– სხვა რა გატაცებები გაქვთ?
– ჩემი მთავარი გატაცება მოგზაურობა, ადამიანებზე დაკვირვება და ფეხბურთია. ასევე, ფილმების ყურება მიყვარს, რომელიც ჩემი პროფესიული მოვალეობაც გახლავთ.
– როგორი უნდა იყოს მეგობარი თუ მეუღლე, რომელსაც აირჩევთ ცხოვრების თანამგზავრად?
– ადამიანი უნდა იყოს საინტერესო და არა სწორხაზოვანი.
– ლამაზიც?
– ფიზიკურობა, თუ ამ შემთხვევაში მეგობარ გოგოს გულისხმობთ, ცხადია, გარკვეულ მნიშვნელობას ინარჩუნებს, მაგრამ არა – გადამწყვეტს. ყველაზე მიმზიდველი საინტერესო ადამიანია.
– შვილებზე არ ოცნებობთ?
– ასეთ საკითხებზე არ ვოცნებობ. თუ მოხდება და იქნება, იქნება, თუ არა და, ამ თვალსაზრისით კონცენტრირებული არ ვარ.
– დაოჯახებას აპირებთ?
– ამ წუთას ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა, თუმცა ეს არ არის საჯარო და არც ვაპირებ მის გასაჯაროებას. რაც შეეხება დაოჯახებას, ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილების ნაწილი და არა – გეგმის. თუ ეს მოხდება, ადვილად შეიტყობთ ამ ამბავს.
– უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში ასეთ შეტყობინებას?
– ვფიქრობ, მაინცდამაინც – არა.
რუსუდან ადვაძე, სარკე

