8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ, არ ხართ კმაყოფილი?! სტაბილურობა არ გაქვთ?! – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტების მიერ საქართველოში არსებულ სოციალურ ვითარებაზე დასმულ შეკითხვას.
“ბიძინა ივანიშვილს არც ვიცნობ, ერთხელ ვარ შეხვედრილი, რასაც მე ვხედავ და რასაც ის აკეთებს, სამება, 4.000 ადამიანს დაეხმარა კულტურის და ხელოვნების წარმომადგენლებს – ის ხალხს ეხმარებოდა, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, იმიტომ, რომ ისინი მოკვდებოდნენ მშიერი.
ერთპარტიული პარლამენტი თავისთავად არ არის სასურველი და ეს ჩვენ ყველამ ვიცით. გაყალბებას უნდა დამტკიცება. ხალხო, როგორ შეიძლება ამდენი ლაპარაკი გაყალბებაზე, როცა არ არის დამტკიცებული? სად არის ეს საბუთები? ძალიან ბევრი რაღაც არის გადაჭარბებული.
როგორ შეიძლება სრულყოფილი იყოს სასამართლო და ყველა სტრუქტურა ამ ქვეყანაში, რამდენი წელი გავიდა, რამდენი ხანი ვითარდება დემოკრატია საქართველოში? საფრანგეთში ვცხოვრობ მე და ვიცი, რამდენი ხანი ვითარდებოდა დემოკრატია. სოციალური მდგომარეობა გგონიათ პარიზში კარგია? მე არ ვარ სოციოლოგი, საქართველო არის გაჭირვებული ქვეყანა, გაჭირვებული რომ იყო, იმიტომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ბევრი რამ გააკეთა. 8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ არ ხართ კმაყოფილი? სტაბილურობა არ გაქვთ? ვინმე დაგესხათ თავს?“- განაცხადა ბოლქვაძემ.
ის, რომ ოპოზიცია არ არის პარლამენტში, დისკომფორტია არა მისთვის, არამედ ქვეყნისთვის.
“ადამიანი, რომელიც ვარ არტისტი, მოვდივარ პოლიტიკაში, ამიტომ მე ვიცი, რომ ჩემი პასუხისმგებლობა უნდა გავაანალიზო. ვაპირებ ვიყო ძალიან აქტიური და გავაკეთო ბევრი რამ, გავაკეთო, რის შესაძლებლობაც მექნება,”- განაცხადა ბოლქვაძემ.
ამბები

