ქეთო ბექაური: ,,ისეთი გრძნობა აღარ მოსულა, როგორიც მქონდა”

ქეთო ბექაური: ,,ისეთი გრძნობა აღარ მოსულა, როგორიც მქონდა",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ქეთო ბექაურს ერთი ნაბიჯიღა აკლდა კულინარიული შოუ მასტერშეფის” ფინალამდე, მაგრამ პროექტს გამოეთიშა. ,,სარკეს” უყვება, რომ კონკურსისთვის ამერიკიდან ჩამოვიდა.

ქეთო ბექაური: 

-ამერიკაში სწავლასთან დაკავშირებული გეგმები მქონდა, მაგრამ ჯერ მინდოდა, მემუშავა, ფული დამეგროვებინა და მერე ჩამებარებინა კულინარიის კოლეჯში.

მამაჩემიც ამერიკაშია და რესტორნებში სივებით სირბილი დავიწყე. ერთ-ერთში მიმიღეს, მაგრამ ორი კვირა ვიმუშავე და პანდემიის გამო დაიკეტა. მერე ჩამოვედი და აქ კარანტინში მოვხვდი. ,,მასტერშეფი” რომ არა, დღემდე დეპრესიაში ვიქნებოდი.

– კონკრეტულმა შემთხვევამ აღმოგაჩენინათ საკუთარ თავში კულინარი?

– სულ რაღაცებს ვაცხობდი სახლში, რადგან ტკბილეული მიყვარს. შეყვარებული მყავდა და შოკოლადის მაფინებს ხშირად ვუცხობდი. მეჩიჩინებოდა, კულინარიის აკადემიაში ჩააბარეო, ამიტომაც გადავწყვიტე ჩაბარება. მერე თვითონ საზღვარგარეთ წავიდა და აღარ ვიყავით ერთად… მან მიბიძგა, აკადემიაში ჩამებარებინა.

გაგიჭირდათ შეყვარებულთან დაშორება?

– გამიჭირდა, მაგრამ სამყაროში ყველაფერი ბალანსდება. მისი წასვლის შემდეგ თავი თითქოს იმით გადავირჩინე, რომ ახალი პროფესია შევიძინე და ვცდილობდი, საქმეზე ვყოფილიყავი ორიენტირებული. კულინარია დამეხმარა ამ მძიმე პეროდის გადატანაში.

– ახლა ვისთვის ამზადებთ, ისევ არის თქვენს ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცი?

– ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. ოთხი დედმამიშვილი ვართ. მეგობრებს უყვართ ჩემი მომზადებული კერძები და მაკეთებინებენ. რაც შეეხება სიყვარულს, ჯერჯერობით ისეთი გრძნობა აღარ მოსულა, როგორიც იყო.

– უნდა უყვარდეს თქვენი ნახელავი?

– მე თუ ვეყვარები, ჩემი კერძებიც უნდა უყვარდეს, რომ გავუგოთ ერთმანეთს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”