ნუცა შანშიაშვილი: ,,ძველი ტიბეტური საიდუმლო ვარჯიშებით ვეხმარები ადამიანებს”

ნუცა შანშიაშვილი: ,,ძველი ტიბეტური საიდუმლო ვარჯიშებით ვეხმარები ადამიანებს",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ამერიკაში, ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნუცა შანშიაშვილი პანდემიამ შინაგანად ძალიან შეცვალა. როგორც ,,სარკესთან” ამბობს, მის სულიერ სამყაროში ბევრი ჩაკეტილი კარი გააღო და ახლა ნაკლებად ადარდებს ის ფინანსური ზარალი, რაც ამ ვირუსმა მოუტანა:

ნუცა შანშიაშვილი:

-ვთვლი, რომ ყველაფერი საჭიროა, რაც დღეს ხდება. ადამიანებში ნეგატიური ენერგიის უდიდესი მოზღვავებაა და ბუნებას ეს რაღაცნაირად უნდა გაეკონტროლებინა. კარგია, რომ ჩვენი აზროვნების და ცხოვრების განწმენდა ამ კოვიდით ხდება და არა – ატომური ომით.

ერთ რამეს მივხვდი, რომ ადამიანი გარესამყაროს პირისპირ აბსოლუტურად უსუსური და უძლურია. ერთადერთი, რაც ამ უსუსურ ადამიანს აძლიერებს, არის ლოცვა. ჩვენ ვართ ნაფოტები უკიდეგანო მორევში და იმისთვის, რომ გადარჩე, საჭიროა, დინებას მიჰყვე და საკუთარი სიტყვებით ილოცო.

დავიწყე ადამიანებისთვის იმის გაზიარება, რაც წლებია ნასწავლი მაქვს. ეს არის ძველი ტიბეტური სუნთქვის საიდუმლო ვარჯიშები. ვიდეოებს სოციალურ ქსელში ვდებ და ამ რთულ სიტუაციაში ბევრ ადამიანს ვეხმარები, რომ სიმშვიდე და სულიერი ჰარმონია მოიპოვონ. სულიერების კუთხით ძალიან დიდი ცოდნა მაქვს დაგროვილი და ქართულ ენაზე პატარ-პატარა ჩანართებს ვაკეთებ, რომ ინფორმაცია ბევრმა მიიღოს.

სხვათა შორის, ამ პერიოდმა მუსიკალურადაც შემცვალა, ბგერებთან ურთიერთობაში უფრო თამამი და მუსიკაშიც მეტად თავდაჯერებული გავხდი.