,,სარკე”, ავთო ჩიტიძე
17 წლის მარიამი, იგივე მემე ჟორდანია, პროექტ ,,დიდი სცენის” ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო. მემე სასცენო ფსევდონიმია და მის ორ ,,მე”-ს განსაზღვრავს. პოზიტიური, მხიარული გოგონა ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, ამის შესახებ ის ,,სარკეს” ესაუბრა.
მემე:
– გარეგნობის გამო ბავშვობიდან დაკომპლექსებული ვიყავი. ბულინგმა თავისი გავლენა იქონია ჩემზე და ჩამომიყალიბდა კომპლექსი, რომ საზოგადოება ვერ მიღებდა. საბოლოოდ მივხვდი, რომ პრობლემა ჩემში იყო. მე თვითონ აგრესიულად ვიყავი განწყობილი. ერთგვარი თავდაცვითი რეაქცია მქონდა, რადგან მეგონა, რომ ყველა დამცინებდა და აქეთ ვხდებოდი აგრესიული.
საკუთარი თავის სიყვარული რომ ვისწავლე, გარშემომყოფებმაც სხვანაირად დამინახეს. საზოგადოების დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც თავდაჯარებული გავხდი და საკუთარი თავი ისეთი მივიღე, როგორიც ვარ.
– რა იყო ბულინგის დროს ყველაზე მტკივნეული თქვენთვის?
– ყველაზე მძაფრი ემოციები მაინც გარეგნობას უკავშირდებოდა. ეს ყველაფერი იმდენად მტკივნეული იყო, გახსენებაც არ მინდა. შეიძლება ჩემ მიმართ დღესაც იყოს შეძახილები, მაგრამ უკვე ვიცი, რომ ნეგატივს ნეგატივით არასოდეს უნდა უპასუხო. დღეს რომ ვინმემ მითხრას, შენ ხარ მსუქანი და მახინჯიო, აუცილებლად ვეტყვი: ,,მადლობა. შენ ძალიან კარგად გამოიყურები”.
ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებსაც არ მოეწონები. როცა საკუთარ თავს ისეთს მიიღებ, როგორიც ხარ, ყველა პრობლემა ქრება. ვცდილობ, ყველაფერი იუმორში გადავიტანო, რადგან ვთვლი, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი ხუმრობაა.
– მართალია, რომ ცნობილი რეჟისორის, გიზო ჟორდანიას, შვილიშვილი ხართ?
– კი, ბაბუს ძმა იყო და ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. ამიტომაც ხელოვნება ყოველთვის ახლობელი იყო ჩემთვის.

