,,მარინა ეზუგბაიას შესაფერისი რეაქცია არ ჰქონდა, როცა ჩემი თოჯინა გადასცეს” – ექიმი ნატო მელანაშვილი კოლეგების თო}ინებს ქმნის

,,მარინა ეზუგბაიას შესაფერისი რეაქცია არ ჰქონდა, როცა ჩემი თოჯინა გადასცეს" - ექიმი ნატო მელანაშვილი კოლეგების თო}ინებს ქმნის,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ნატო მელანაშვილი ექიმი-რეაბილიტოლოგია და ერთ-ერთ დიდ კლინიკაში მუშაობს, თუმცა მისი ყველაზე დიდი გატაცება თოჯინების შექმნაა. ძირითადად კოლეგების სახეებს ქმნის.

პანდემიის დროს შთაგონების წყაროდ ქართველი ინფექციონისტები იქცნენ. დაიგეგმა, რომ კოლეგების, ლევან რატიანის, მარინა ეზუგბაიას და მარინა ენდელაძის, თოჯინებს შექმნიდა და პირდაპირ ეთერში გადასცემდა, თუმცა ჩანაფიქრი ნახევრად განხორციელდა, რადგან ,,პოსტ TV”-ის ეთერში მარინა ეზუგბაია არ მივიდა.

ქალბატონ მარინას ,,პოსტ TV “-ის წარმომადგენელმა თოჯინა პირდაპირ ეთერში მაშინ გადასცა, როდესაც ჟურნალისტებს კოვიდინფიცირებულების შესახებ ახალ სტატისტიკაზე უამბობდა. თოჯინა მომწონსო, კი, თქვა ექიმმა, მაგრამ უმალ ჩაუძახა იმავე ყუთში, რომლითაც მიუტანეს.

ამ რეაქციამ თოჯინების შემქმნელი გააკვირვა, თუმცა ყველაფერი პირდაპირ ეთერს დააბრალა.

ნატო მელანაშვილი:

– ბავშვობიდან მინდოდა, პლასტიკური ქირურგი გამოვსულიყავი და სამედიცინოზე ამიტომ ჩავაბარე,  მაგრამ მერე გადავუხვიე, რადგან ეს დარგი მაშინ საქართველოში განვითარებული არ იყო.

ძალიან კარგად ვხატავდი, ვძერწავდი. რაც თავი მახსოვს, ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებ და ვფიქრობ, კარგი პლასტიკური ქირურგი ვიქნებოდი, მაგრამ…

ჩემი თოჯინების პროტოტიპები ძირითადად ექიმები არიან. ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ჩემთვის გავაკეთე ისე, რომ არავის შეუკვეთია. შეკვეთით რომ ვამზადებდი, ყველა ,,მიჰყავდათ” და სახლში აღარ მრჩებოდა.

– იცის გია ჯაჯანიძემ?

– “ფეისბუქზე” “გია ჯაჯანიძეები” გამომეხმაურნენ, მაგრამ ვერ ვხვდები, რომელია ნამდვილი.

– გთხოვდათ, გადაგეცათ?

– არა, მხოლოდ მადლობას მიხდიდა ყველა. მომყიდე და მაჩუქეო, არც ერთს უთქვამს. არც მინდა ამ თოჯინის გასხვისება, რადგან რაღაცნაირად მიყვარს. ხან სათვალე გამოვუცვალე, ხან ჩანთა გავუკეთე. ამ თოჯინით ვთამაშობ.

– რატომ აარჩიეთ ,,სათამაშოდ” მაინცდამაინც გია ჯაჯანიძე?

-კარგი აურა აქვს და ეს თოჯინაც დადებით განწყობას მიქმნის.

– როგორი განწყობა ეუფლებათ ადამიანებს, როდესაც თავიანთ თოჯინებს ხედავენ პირველად?

– ყველა უზომო აღფრთოვანებით ხვდება.

– მარინა ეზუგბაიას რეაქცია რომ სხვაგვარი იყო? თოჯინა ისევ ყუთში ჩააგდო.

– კი და აღარ ვიცი, მოეწონა თუ არა. არა მგონია, რომ თავისი თოჯინის დანახვა არ ესიამოვნა. როგორც სხვები აღიქვამენ თავიანთ თოჯინებს, მარინას ისეთი რეაქცია არ ჰქონდა. შეიძლება იმიტომ, რომ ბევრი კამერა უყურებდა და ემოცია ვერ გამოხატა.

ლევან რატიანს და მარინა ენდელაძეს სტუდიაში გადავეცით და არც მათ ჰქონდათ შესაფერისი რეაქცია, მარგამ კამერა როგორც კი გამოირთო, ბატონი ლევანი ამბობდა, რა კარგიაო.