ორი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძისა და თათია ხაინდრავას, სიყვარულზე დღემდე ბევრს საუბრობენ. მათ 1957 წელს შეეძინათ გოგონა, მარიამი (მირანდა) ხაინდრავა, რომელთანაც რამაზ ჩხიკვაძეს ურთიერთობა არასოდეს ჰქონია.
ქალბატონი მარიამი ,,პრაიმტაიმთან” ყვება:
-ვარ მევიოლინე, ვმუშაობ სიმფონიურ ორკესტრში. ბებია (კონსტანტინე გამსახურდიას და), სოფიო რომ გარდაიცვალა, რამაზ ჩხიკვაძის მშობლებთან გადავედი… არ მინდა, რომ მამა ვუწოდო რამაზ ჩხიკვაძეს, გულნატკენი ვარ… რამაზი ისე წავიდა ამქვეყნიდან, არასდროს შევხვედრივარ. მეუღლე, ნატაშა ჩხიკვაძე, ცუდ როლს თამაშობდა. ჩემი ერთი კონცერტის შემდეგ სასწავლებელში მივარდნილა, ეს ბავშვი რა გვარით ცხადდებაო.
ორი წლის ვიქნებოდი, როცა რამაზმა ნატაშა შეირთო. მისი შვილი იშვილა და ჩემკენ გამოხედვა აღარ უნდოდა. იმ ბიჭს მამა ცოცხლი ჰყავდა, მაგრამ რამაზმა თავის გვარზე დაწერა. ნატაშა ისე იყო ჩასაფრებული, მსახიობობაში შემიშლიდა ხელს, ამიტომ ავირჩიე სხვა პროფესია.
პატარა რომ ვიყავი, რამაზი ზრუნავდა ჩემზე. ნატაშა რომ გამოჩნდა, ყველაფერი დამთავრდა… პატივს ვცემ, როგორც უდიდეს მსახიობს, მაგრამ როგორც პიროვნებას, არ ვცემ პატივს… მისი გარდაცვალება არ შემეხო, ჩემთვის არ არსებობდა.
რამაზს ულტიმატუმი ჰქონდა წაყენებული მშობლებთან – თუ ბინაში ჩამწერდნენ, მათ დაკარგავდა. ერთადერთი შვილი ვერ გაწირეს. შორეული ნათესავი იყო მათთან ჩაწერილი და ბინა მას დარჩა…
იმქვეყნად წაიღო ეს ცოდვა, იქ გაუსწორდება ის, ვინც საჭიროა.
ზეციურ საქართველოში სახალხო არტისტი ხარ თუ უბრალო ადამიანი, არავის აინტერესებს, მთავარია, ვის რა გაუკეთე. კარგად მოქცეოდა გერს, ვინ უშლიდა, მაგრამ მე რატომ მომექცა ასე!
თამარ ბოჭორიშვილი, სრულად ,,პრაიმტაიმში”

