,,სარკე”, ლელა დევდარიანი
ტელეწამყვანმა ეკა ამირეჯიბმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ფული უძრავ ქონებაში დააბანდა. მან თბილისში ბინა შეიძინა და ახლა მისი რემონტით არის დაკავებული. ის ყოველთვის მოწესრიგებულია. კარანტინიცისე გაატარა, როგორც სპეციალისტები გვირჩევდნენ.
ეკა ამირეჯიბი:
– ძირითადად მარტო ვცხოვრობ, ამას მიჩვეული ვარ… კარანტინის დროს არავის ვნახულობდი. მერე გავიგე, რომ ვიღაცები თურმე სახლში იბარებდნენ სტილისტსაც და ფრჩხილის ოსტატსაც. ეს უპასუხისმგებლობა და შეუგნებლობაა. ასეთი ქცევა უკულტურობა მგონია.
– როგორც ქალს, ახლა რა ეტაპი გაქვთ ცხოვრებაში?
– ამ წუთას მთლად სახარბიელო მდგომარეობა არც ქალს აქვს, არც კაცს, არც დიდს თუ პატარას. ამდენი მოულოდნელობა გავლენას ახდენს ჩვენზე. რადგან ქვებს არ ვისვრით, ეს იმას არ ნიშნავს, კარგად ვართ. არ იყო ადვილი დისტანცირება – კაცისგან, ქალისგან, მეგობრისგან…
ეს პერიოდი ჩართული ვარ სახლის რემონტში. ჩემი სახსრებით შევიძინე ბინა. ჩავთვალე, რომ უკვე დრო იყო, სერიოზული ნაბიჯი გადამედგა და ჭკვიანურად დამებანდებინა ფული.
– რა არის ქალისთვის ყველაზე მთავარი ცხოვრებაში?
– ქალი ბევრნაირია, კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ძალიან ჭრელია ცხოვრება და ადამიანებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არ არსებობს წინასწარი გათვლები. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები პასუხი მაქვს რაღაცებზე.
ქალს სხვადასხვა ეტაპზე ალბათ სხვადასხვა რაღაც სჭირდება. 10 წლის წინ სხვა რაღაც მჭირდებოდა – უფრო ხმაურიანი და აქტიური ცხოვრება, ახლა სხვანაირი სურვილები მაქვს. მირჩევნია, წავიკითხო, ფილმს ვუყურო, ვიმოგზაურო.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”

