,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
აპრილის დასაწყისში დიდი ხმაური გამოიწვია თბილისში ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახურის კორონავირუსით დაინფიცირების ამბავმა. ვირუსი ასევე გამოუვლინდათ მის დას, დისშვილსა და დის დედამთილს.
თავიდან ითქვა, რომ ინფიცირების წყარო ის კლინიკა იყო, სადაც სასულიერო პირის და, ნანა პაპავა, მუშაობს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვირუსი ჯერ სასულიერო პირს შეეყარა. წყარო, ვინ და სად გადასდო ეკლესიის მსახურს ინფექცია, დღემდე ცნობილი არ არის.
ნანა პაპავა კლინიკა ,,თიმის” რეანიმაციული განყოფილების მთავარი ექთანია. მისი ოჯახის წევრები უკვე გამოჯანმრთელდნენ. ვირუსით ინფიცირებულები აღარ არიან კლინიკა ,,თიმის” თანამშრომლებიც, რომლებსაც კორონავირუსი ნანა პაპავამ გადასდო.
ნანა პაპავა ბოჭორიშვილის კლინიკაში 2 წლის შვილთან, ანდრიასთან ერთად იწვა. პატარამ უსიმპტომოდ და ბევრად ადრე დაძლია საშიში ვირუსი, ვიდრე დედამ და მისმა სასულიერო პირმა ბიძამ. ბავშვი საავადმყოფოდან დედის გარეშე გაწერეს. ნანა ამბობს, მან ფსიქოლოგიური ომიც მოიგო და ახლა თავისუფლად სუნთქავს.
ნანა პაპავამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თავის ამბავს ასე ყვება:
,,გამარჯობათ, მე კოვიდ-ინფიცირებული ვარ. დიახ, მე ნამდვილად ვარსებობ. გადავწყვიტე, ხმამაღლა ვისაუბრო საზოგადოების წინაშე. არსებობს მითი, რომ კოვიდი არ არსებობს. მინდა, იმედი გაგიცრუოთ, რადგან კოვიდ-19 ნამდვილად არსებობს და ის ჩვენ შორისაა, ჩვენთან ძალიან ახლოს.
თავიდან მოგიყვებით ჩემს ამბავს, თუ რამხელა სტრესი მივიღე ამ ვირუსით, როგორ აფათურეს ჟურნალისტებმა ჩემს სულში ხელები, მხოლოდ იმიტომ, რომ სასულიერო პირის და ვარ, რომელსაც დაუდგინდა კოვიდ-19.
სასულიერო პირი არის ჩვეულებრივი პაციენტი, ხალხნო, პაციენტი, რომლის უფლებები არ იქნა დაცული. სახელი, გვარი, ფოტოები – ყველაფერი გამოფინეს, მისი ნებართვის გარეშე მოხდა მისი იდენტიფიცირება, როცა სხვა ყველა პაციენტის უფლებები დაცულია.
ის ხუთი დღე, როდესაც სუნთქვა არ შემეძლო, მქონდა ქოშინი, ორმხრივი პნევმონია, ისინი თავს არ მანებებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ექსკლუზივი მოეპოვებინათ! რომ არა ჩემ მიერ დასნებოვნებული ჩემივე თანამშრომლები, რომლებიც აქეთ მამხნევებენ ბოლო წუთამდე, არ ვიცი, დღეს სად ვიქნებოდი”.
ნანა პაპავა ,,სარკეს” დეტალურად მოუყვა, როგორ მოიგო ომი ვირუსთან და საკუთარ თავთან (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში):
– ვირუსი შემხვდა ძმისგან, რომლის პირველი წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია და ეპიდემიოლოგიური სამსახური ამ საკითხზე მუშაობს. ძმასთან პირველი კონტაქტიდან მეექვსე დღეს დამეწყო შემცივნება, ტემპერატურა 37,4 მქონდა. ძალიან ავღელდი.
ნერვიულობის ფონზე ყველაფერი ერთად დამეწყო – სუნთქვაც გამიჭირდა, გულმკერდიც ამტკივდა, გადავიღე კატე-კვლევა და ორმხრივი პნევმონია აღმომაჩნდა. მაშინვე ცხელების ცენტრში გადავედი. სანამ ექიმი ანამნეზს მეკითხებოდა, მეუღლემ სახლიდან დამირეკა, რომ ბავშვს ცრუ კრუპი დაემართა. მოგეხსენებათ, ცრუ კრუპი არის ზედა სასუნთქი გზების, საყლაპავის მწვავე შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ხველა და სუნთქვის გაძნელება.
რა თქმა უნდა, პირველადი დახმარება აღმოუჩინა, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ საეჭვო პაციენტი ვიყავი კორონავირუსზე, გადავწყვიტე, ანდრიაც გადაეყვანათ ბავშვთა ინფექციურ კლინიკაში, სადაც მას აუღეს შღ ტესტი. პასუხი მოვიდა დადებითი – ბავშვს ჰქონდა კოვიდ-19. ეს დიდი შოკი იყო ჩემთვის.
მეორე დღესვე ერთად ყოფნის უფლება მოგვცეს და ამ ვირუსთან ბრძოლა ერთად დავიწყეთ.
– როგორი ბიჭია ანდრია და როგორ გადაიტანა ვირუსი, გაუჭირდა რომელიმე ეპიზოდში?
– ანდრია იმხელა პოზიტივს ასხივებს, ისეთი ნიჭიერი და ყოჩაღი ბავშვია… მას კორონავირუსმა ვერაფერი დააკლო. ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობდა, პნევმონიის გარეშე, თუმცა პროტოკოლის მიხედვით გვიწევდა სამ დღეში ერთხელ ანალიზების კონტროლი, ანუ სისხლს ვენიდან უღებდნენ. ამ ყველაფრისგან ბავშვმა, რა თქმა უნდა, სტრესი მიიღო, მაგრამ ეს ერთად ყოფნით გადავლახეთ.
პერიოდულად სამედიცინო ხელთათმანს ვაძლევდი, “შპრიცს” – ნემსის თავის გარეშე, ნიღაბს იკეთებდა და ვთამაშობდით, ის იყო ექიმი, მე – მისი პაციენტი.
ძალიან აქტიურობდა პალატაში. თავისი სიცელქით პერსონალსაც ამხიარულებდა. პროტოკოლის მიხედვით, ორ კვირაში გადაუმეორეს შღ ტესტი და უარყოფითი პასუხი მოვიდა. 24 საათში ისევ გაუკეთეს და ისევ უარყოფითი მოვიდა. მე და ანდრია ისეთი ბედნიერები ვიყავით…
მინდოდა, ფანჯარა გამომეღო და ბოლო ხმაზე მეყვირა, რომ ჩემმა შვილმა ეს შეძლო, ახალი ვირუსი დაამარცხა.
ანდრია ძალიან გონიერი ბავშვია თავის ასაკთან შედარებით. მან კარგად გააცნობიერა, რომ გარეთ ჩემ გარეშე უნდა გასულიყო. ავუხსენი, რომ მამიკოს ნახავდა. მეორე დღეს დადგა ჩემი და ანდრიას ცალ-ცალკე ყოფნის დრო. დამემშვიდობა, ლოყაზე მაკოცა, მითხრა, დედა, მიყვარხარო.
ანდრიას გაწერის შემდეგ ორ კვირაში მეც სახლში დავბრუნდი. ჯამში, კლინიაკში 30 დღე დავყავი. ძალიან რთული დღეები გამოვიარე. პირველი 5 დღე იყო კრიტიკული. ემოციური ფონი და თან მქონდა სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, სისუსტე, ტაქიკარდია, ადვილად ვიღლებოდი. მკურნალობის დაწყებიდან მეექვსე დღეს კლინიკურად კარგად გავხდი.
ანდრიამ როდესაც დაამარცხა ვირუსი, პედიატრმა მითხრა, რომ შეიძლებოდა ჩემთან ერთად დარჩენილიყო, მაგრამ მე გავუშვი მამიკოსთან, რადგან, როდესაც ჩემთან შემოდიოდნენ, ძალიან განიცდიდა. მოშორდითო, ექთნებს უყვიროდა. ამიტომ დაბრუნდა სახლში, სადაც ისევ ისეთი ცელქი და მოუსვენარი გახდა, როგორიც ადრე იყო.
ანდრიას ამბის გასაჯაროების მიზანი, პირველ რიგში, ჩემი მადლიერების გამოხატვაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ყველაფრის გადატანაში დაგვეხმარნენ. მადლობა ბოჭორიშვილის კლინიკის მედპერსონალს, შეუფასებელია მათი შრომა!
– თქვენი ძმა როგორ იყო?
– მასზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს ჩემი ძმის პირადია. მთავარია, კარგად არის. ერთად გამოვეწერეთ. ჩემზე ერთი დღით ადრე მოუვიდა უარყოფითი პასუხი, მაგრამ მე დამელოდა და კლინიკა ერთად დავტოვეთ. ახლა ორივენი თვითიზოლაციაში ვართ.
– დედამთილს თქვენ გადასდეთ?
– დიახ, ჩემგან გადაედო ჩემს შვილს, ანდრიას და დედამთილს, რომელიც 68 წლის არის. მან ეს ურთულესი პერიოდი გადალახა. თვითიზოლაციას ერთ კვირაში დაასრულებს და სახლში დაბრუნდება.
– რამდენი ხანია ექთნად მუშაობთ და როგორი იყო განცდა, როცა გააცნობიერეთ, რომ შესაძლებელი იყო, ვირუსი სხვებისთვისაც გადაგედოთ?
– 15 წელია, რაც ექთნად ვმუშაობ. 3 დღე ვიარე კლინიკაში უსიმპტომოდ და ჩემგან 6 თანამშრომელი დაინფიცირდა. ჩემი კლინიკაში გადმოსვლის დღიდან მათი რაოდენობა ყოველდღე მატულობდა. ეს იყო ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი. თითოეული ადამიანი მტკიოდა და ეს ყველაფერი ძალიან ძნელი გადასატანი აღმოჩნდა. ამ კუთხით ბევრი მუშაობა დამჭირდება ფსიქოლოგთან.
ეს იყო ყველაზე საშინელი გრძნობა, ემოცია, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებ. ძალიან დიდი სტრესი მივიღე. ჩემი ინფიცირებული კოლეგები რომ არა, ვერ გადავრჩებოდი. მამხნევებდნენ და ბოლომდე გვერდით მედგნენ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. საბედნიეროდ, ისინი გამოჯანმრთელდნენ და თავს კარგად გრძნობენ.
კოვიდ-19 ძალიან ძნელად გადასატანი ვირუსია, რომელიც ძალიან რთულ ემოციურ სტრესს იწვევს. ეს არის ფსიქოლოგიური ომი. იყო ისეთი დღეებიც, რომ ჟანგბადს გაწვდიან, მაგრამ მაინც ვერ სუნთქავ სათანადოდ.
ნამდვილად არ არის მარტივი ვირუსი. ჯერ მისი ხასიათი კარგად არ ვიცით. არც ის, რას დაგვიტოვებს მომავალში. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის ფსიქოლოგიური ომი და არ უნდა დანებდე. ძალიან რთულია, კლინიკაში გაატარო 30 დღე და გკლავდეს შვილების მონატრება, დარდი კოლეგებზე.
ჩემი ჩღ ანალიზი გააკეთეს კლინიკაში შემოსვლიდან მე-15 დღეს და პასუხი ისევ დადებითი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურად არანაირი სიმპტომი არ მქონდა, ვირუსი ისევ აღმოჩნდა ჩემს ანალიზში. ამისთვის მზად ვიყავი და არ მინერვიულია. 4 დღის შემდეგ, ანუ მე-19 დღეს ისევ გამიკეთეს ჩღ ტესტი და პასუხი კვლავ დადებითი მოვიდა.
ეს იყო ნამდვილი იმედგაცრუება. ვცდილობდი, არ შემემჩნია, მაგრამ მეწყებოდა ტაქიკარდია, ყელში ბურთი მეჩხირებოდა და მთელი სხეული მიკანკალებდა, მაგრამ ამასობაში კარგი რაც მოხდა, ის იყო, რომ ხუთი ჩემი “თანაკოვიდელი” წავიდა სახლში. მათ ეს შეძლეს!
27-ე დღეს დადგა მომენტი, როდესაც ბოლო ძალებს ვიკრებდი, რომ კარგად ვყოფილიყავი, მაგრამ თითქოს ისევ დასაწყისში დავბრუნდი, მქონდა ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ჰაერი არ მყოფნიდა, ტემპერატურა ისევ 37.4 იყო. კატე-კვლევის შემდეგ გამოირიცხა პნევმონია, სითხე პლევრაში. სისხლის ანალიზში ყველაფერი წესრიგში იყო. მქონდა სტრესული მდგომარეობა. თურმე ასე მარტივი არ არის ყველაფერი, სტრესს ბევრი რამის გამოწვევა შეუძლია.
30-ე დღე რომ გათენდა… დღეს მზიანი ამინდია-მეთქი, ვეპოტინებოდი ამ ამინდს, დღეს აუცილებლად გამახარებს-მეთქი… დილის 11 საათიდან თავი საშინლად მტკიოდა, სულ საათს ვუყურებდი, ხან ფილმი ჩავრთე, ხან წამოვწექი, იქნებ ჩამეძინოს და 6 საათი მალე მოვიდეს-მეთქი. არაფერი გამომდიოდა, ემოციას ვერ ვაკონტროლებდი. 19:01-ზე მოვიდა სმს, რომ მე გავიმარჯვე!
მინდა, მადლიერება გამოვხტო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პირველივე დღიდან გვერდით მედგნენ. მადლობა კლინიკა “თიმის” ხელმძღვანელებს, კოლეგებს, ოჯახს, მეგობრებს – თქვენ გადამატანინეთ ეს მწარე დღეები მორალურად!
მადლობა კლინიკა ბოჭორიშვილის მედპერსონალს, ჩემს ექიმ ინფექციონისტს, ხატია ხატიაშვილს, რომელიც, თავისი პროფესიონალიზმის გარდა, არის ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანი, რომლის დანახვა ყოველდღე მიხაროდა.
მინდა, გავამხნევო ის ადამიანები, რომლებიც ინფიცირებულები არიან: თქვენ ამას შეძლებთ იმიტომ, რომ ჩემმა 2 წლის ბიჭმა შეძლო, მე შევძელი და აუცილებლად თქვენც გამოგივათ. თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს ძალიან გამბედავი, ჰუმანური და მშრომელი მედპერსონალი!
ვფიქრობ, მე და ანდრიამ ბევრის შიში დავამარცხეთ. ჩვენ ვიქნებით სხვებისთვის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა დანებდე. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მეტი პოზიტივი გავცეთ და ამ ვირუსს მარტივად მოვერევით.
– ვიდეო გამოაქვეყნეთ, სადაც აღფრთოვანებით საუბრობთ, რომ გარეთ გამოხვედით. რა ემოცია ახლავს გათავისუფლებას ამ ყველაფრისგან?
– საოცარი გრძნობა იყო. როგორც კი გავიგე, რომ ვირუსი დავამარცხე, ერთი წამიც არ გავჩერებულვარ. გარეთ, მიწაზე ფეხი რომ დავდგი, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. თავისუფლება ვიგრძენი და ეს იყო საოცარი განცდა!
– რამდენი შვილი გყავთ?
– ორი შვილი მყავს. უფროსი, ზუკა, სოფელშია. როგორც კი სკოლიდან დაითხოვეს, მაშინვე ბებია-ბაბუასთან წავიდა. ზუკა 9 წლის არის. მისთვის სიმართლის თქმა მომიწია. დღეში რამდენჯერმე ვიდეოთვალით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, ამიტომ დამალვა არ გამოვიდოდა. ვეცადე, მისთვის ეს ინფორმაცია მაქსიმალურად უსაფრთხოდ მიმეწოდებინა.
თავიდან, რა თქმა უნდა, მისთვის შოკი იყო – დედაც, ძმაც და გამზრდელი ბებიაც ინფიცირებულები ჰყავდა. ფიქრობდა, რომ დედა მოკვდებოდა და ა.შ. “გუგლში” უკვდავების წამალს ეძებდა. დროთა განმავლობაში შიშმა გადაუარა. ყოველდღე ვსაუბრობდით და მხედავდა, რომ დღითიდღე უკეთესად ვიყავი. ახლა ერთი სული აქვს, იზოლაციას როდის დავასრულებ, რომ მალე ჩამეხუტოს.
