გიორგი სუხიტაშვილი: ,,კარალეთში პაპა რომ მენახა, საშვისთვის 160-ჯერ დავრეკე”

გიორგი სუხიტაშვილი: ,,კარალეთში პაპა რომ მენახა, საშვისთვის 160-ჯერ დავრეკე",,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილისთვის საგანგებო მდგომარეობის დროს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი პაპა იყო, რომელიც სოფელ კარალეთში მარტო ცხოვრობს. სოციალური ქსელებით ,,მარტოპაპას” უამრავი ადამიანი იცნობს და გულშემატკივრობს.

მომღერალს სხვა უამრავი საზრუნავიც აქვს, ბევრი ადამიანი ჰყავს გარშემო, რომელთა წინაშეც პასუხისმგებლობა აქვს აღებული. კრიზისულ სიტუციაში კი აღარ იცის, პრობლემებს როგორ გაუმკლავდეს. გიორგიმ ამ ყველაფერზე ,,სარკესთან” ისაუბრა (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).

– გიორგი, ემოციურად ადვილად გადაიტანეთ თვითიზოლაციის პერიოდი?

– თავიდანვე გავაანალიზე, რა მოვლენასთან გვქონდა საქმე და ემოციურად არ გამჭირვებია. უფრო რთული საკითხი ის არის, რომ ყველაფერი გაჩერდა, მათ შორის – სტუდიაში მუშაობის პროცესიც.

საგანგებო მდგომარეობის დაწყებამდე რამდენიმე სიმღერის ჩაწერაზე ვმუშაობდით. აქედან ორი მაცაცო სებისკვერაძის იყო, ერთი – ზაზა წურწუმიასი. სამწუხაროდ, დამთავრება ვერ მოვასწარით. იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში სტუდიაში მუშაობის განახლებას მაინც შევძლებთ.

რაც შეეხება კონცერტებს და სხვა სახის გასართობ ღონისძიებებს, ისინი გარუკვეველი ვადით გადაიდო. ყველაზე გვიან ალბათ ჩვენი სფერო ამუშავდება. პროგნოზების მიხედვით თუ ვივარაუდებთ, წლის ბოლომდე არაფერი იქნება, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ შემოსავალი არ იქნება.

– ეკონომიკური კრიზისი პირველია, რაზეც ყველა მომღერალი ერთხმად საუბრობს. თქვენი აზრით, ხელისუფლებას რა სახის დახმარება უნდა გაეწია მომღერლებისთვის?

– მზა რეცეპტის დასახელება, რასაკვირველია, გამიჭირდება. რთული სიტუაციაა. მე, პირადად, რამდენიმე წლის წინ ბინა შევიძინე და საკმაოდ სოლიდური საბანკო ვალდებულება მაქვს. გადახდა დროებით შეჩერებული იყო, ივნისიდან კი განახლდება. ყოველი მეორე თუ არა, მესამე ადამიანი მაინც მსგავს სიტუაციაშია.

ჩვენთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მომღერლობა, როგორც პროფესია, არ არსებობს. ხომ არსებობს იურისტი თავისი დიპლომით, მათემატიკოსი – თავისი დიპლომით, ჩვენ თუ იურისპრუდენციამდე მივალთ, აღმოვაჩენთ, რომ პროფესია არ გვაქვს.

სხვა საკითხია, რომ სცენაზე ვდგავართ, ქვეყნის სახელი უცხოეთში გაგვაქვს ან კარგი ბიჭები ვართ და კარგი ხმა გვაქვს, მაგრამ ოფიციალურად პროფკავშირებიც კი არ გვეხება, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და არც სამთავრობო. ჩვენზე არავინ იღებს პასუხისმგებლობას.

საიდუმლო არ არის, რომ მომღერლების უმეტესობა დღესდღეობით რესტორნებში მუშაობს, ფაქტობრივად ისინი საკუთარ ქვეყანაში არალეგალები არიან. ყველა ხელზე იღებს წინასწარ შეთანხმებულ თანხას. შესაბამისად, რომელი რესტორნის ხელმძღვანელი მოგვცემს ცნობას, რომ დროებით უმუშევრები დავრჩით?! არამარტო ჩვენ, მიმტანები და მზარეულებიც მსგავს სიტუაციაში არიან.

– რესტორნების მეპატრონეების ინტერესები გასაგებია, მათ არ უნდათ დამატებითი თანხის გადახდა ბიუჯეტში. ახლა კი ვინ დაიცავს თქვენს უფლებებს?

– არავინ. 2 წელია, რაც სასამართლოში მაქვს შეტანილი საჩივარი, იმის გამო, რომ დამქირავებლებმა ღონისძიებისთვის წინასწარ შეთანხმებული თანხა არ გადაიხადეს. ეს ფაქტი ბათუმში მოხდა. ყველა საჭირო ჩანაწერი წარვადგინე სასამართლოში, მაგრამ პროცესი ადგილიდან არ დაძრულა.

– ანუ ხშირია შემთხვევები, როცა ღონისძიებაში მონაწილეობთ და გასამრჯელოს არ გიხდიან?

– ძალიან ხშირად ხდება ასე. ამიტომ ვამბობ, სანამ ყველაფერი თავის ადგილზე არ დალაგდება და სანამ უამრავი შავი ხვრელი იარსებებს, ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია არ გამოსწორდება.

ახლა ხომ მწვავედ დადგა ეს საკითხი, ჩაწყნარდება სიტუაცია, კორონავირუსი გაივლის და ამ პრობლემაზე ყურადღებას აღარავინ გაამახვილებს. მე რადიოში ვმუშაობ და იქიდან მცირე შემოსავალი მაქვს. გარდა ამისა, ვარ ორკესტრში, რომელიც სახელმწიფო დოტაციაზეა, მაგრამ ეს მიზერული თანხაა.

წლის ბოლოს ხომ ჩავაბარებ დეკლარაციას და მაშინ გამოჩნდება, რამდენით შემცირდა ჩემი შემოსავალი. იმ ადამიანს, რომელსაც 1000 ლარი აქვს შემოსავალი და მას, ვისაც 10000 აქვს, ფულის ერთნაირად ხარჯვას ვერ მოსთხოვ. ვისაც მეტი აქვს, მისი პასუხისმგებლობაც გარშემომყოფების მიმართ შემოსავლის ადეკვატურია.

– ალბათ ახლა ყველა უკეთ გავაანალიზებთ იმ ადამიანების ყოფას, რომლებიც წლების განმავლობაში სამუშაოს გარეშე არიან დარჩენილი.

– მათი ყოფა კარგად მაქვს გათავისებული და ამიტომ ვსაუბრობ პასუხისმგებლობაზე. ჩემს საახლობლოში არიან უმუშევრები და ისეთებიც, მწირი შემოსავალი რომ აქვთ. ჩვენ ერთობით გაგვქონდა თავი. ახლა სახელმწფომ უნდა აიღოს მათზე პასუხისმგებლობა.

– საუბარი დაგვიმძიმდა. არც თუ ისე სახარბიელო ყოფაშიც შეიძლება მცირე პოზიტივის დანახვა. ასეთი ბოლო პერიოდში გახსენდებათ რამე?

– საკუთარ თავთან განმარტოებით ვისიამოვნე, მაგრამ, დანაზოგი რომ ამოიწურება, ამ საკითხს პოზიტიურად ვეღარ უყურებ. ამ ეტაპზე მამაჩემიც უმუშევარი დარჩა. დედას და ჩემს დას ის აქცევდა ყურადღებას, ამიტომ მათ წინაშე ფინანსური პასუხისმგებლობაც მე უნდა ავიღო საკუთარ თავზე.

– გარდა ამისა, გყავთ პაპა, რომელიც კარალეთში ცხოვრობს და ძალიან პოპულარულია, რადგან სოციალურ ქსელებში თქვენს მარტოპაპაზე ხშირად წერთ. კარანტინის პერიოდში აკითხავდით?

– ზუსტად 160-ჯერ დავრეკე ნომერზე 144, რომ გუბერნიიდან გადაადგილებისთვის საჭირო საშვი ამეღო. ამბობდნენ, ნაცნობობით აძლევენ ქალაქიდან გასვლის უფლებასო, მაგრამ ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ პირად საქმეებზე არავის ვაწუხებ. შესაბამისად, ყველაფერი კანონის დაცვით გავაკეთე.

არ შეიძლებოდა, პაპა მარტო დამეტოვებინა. ვერც ვერავის ვთხოვდი, რომ მისულიყვენ და საკვები მიეტანათ. 84 წლისაა და მასთან უცხო ადამიანების ხშირი კონტაქტი ცოტა საფ-რთხილოა. ნებისმიერ ფასად თავად უნდა მიმექცია ყურადღება და მოვახერხე კიდეც.

– პაპა ხომ არ ნერვიულობდა ან ხომ არ ეშინოდა ეპიდემიის?

– არა, ადამიანს, რომლის თვალწინაც 2008 წლის ომის კადრებმა ჩაიარა, კორონა ვერ შეაშინებდა, უფრო სხვებზე წუხდა. ყველა მითითებას დღემდე კარგად ასრულებს. პირბადეებიც ჩავუტანე და და შინიდან გასვლის დროს ხმარობს. როგორც შემიძლია, ვცდილობ, მოხუცებულობის წლები გავულამაზო. მინდა, ხშირად ვნახო და მოვეფერო.

– ეს კარგი მაგალითია ახალგაზრდებისთვის. თქვენი პოსტები და ვიდეოები გულს ათბობს. კარგი სანახავია პაპისა და შვილიშვილის ასეთი ურთიერთობა.

– თუ ვინმესთვის მაგალითად გამოდგება, კარგია. თუმცა, რასაც ვაკეთებ, ყველაზე მეტად მე მახარებს. პაპას სანამ შეეძლო, უზარმაზარ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა, ახლა მე და ჩემი მეგობრები ჩავდივართ და ვითომ ვმუშაობთ, უფრო ვმაიმუნობთ, მაგრამ პაპა მაინც კმაყოფილია. მისი ბედნიერი სახის დანახვა მეც მაბედნიერებს.