,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე
ბათუმელ მომღერალს, გიორგი ნაკაშიძეს, სტარტი ჰქონდა აღებული, ოთხი სიმღერა ჩაწერა, ალბომის გამოსაშვებად ემზადებოდა, უცებ კი სახლში, თვითიზოლაციაში აღმოჩნდა. როგორც კი საზღვრები გაიხსნება, გეზს საერთაშორისო კონკურსებისკენ აიღებს. ამაში კი ის ალბომი დაეხმარება, რომელზეც ბევრი იმუშავა.
24 წლის მომღერლის ცხოვრებაში სიყვარულის დრო მოვიდა. ელოდება გოგოს, რომელიც მის გულს დაიპყრობს (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).
– გიორგი, მართალია, კონცერტები აღარ ტარდება, მაგრამ მომღერლებს ბევრი დრო მიეცათ რეპერტუარზე საზრუნავად. თქვენ რას აკეთებთ, ხომ არ მუშაობთ ახალ სიმღერებზე ან თავად ხომ არ დაიწყეთ წერა?
– სიმღერებს არ ვწერ. უკრაინელი კომპოზიტორის სიმღერებს ვმღერი ხოლმე. სანამ კორონავირუსი დაიწყებოდა, ოთხი სიმღერა ჩავწერე და ოთხივე ინგლისურენოვანია – ჩემს სტილზე მორგებული. მერე ყველაფერი დაიხურა და ჩაწერა ვეღარ მოვახერხე. იმედია, ყველაფერი დალაგდება და ჩემი საყვარელი საქმის კეთებას გავაგრძელებ.
კორონავირუსმა ბევრ რამეში შემიშალა ხელი. ახლა ვზივარ სახლში და ვმღერი. შინიდან მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გავდივარ – მაღაზიაში და ისეთ ადგილებში, სადაც, ვიცი, რომ ხალხი არ იქნება. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ – მეგობრებზე უარს ვერ ვამბობ. სულ სახლში ყოფნით ძალიან მოვიწყინე და ძმაკაცებთან შეხვედრაზე უარს ვერ ვამბობ. ამდენი ხანი სახლში არასოდეს ვყოფილვარ, ეს რა ყოფილა!
– საინტერესოა, რა ხდება ზღვისპირა ქალაქში, როგორი სიტუაციაა. ამ დროს უკვე ტურისტული სეზონია ხოლმე გახსნილი.
– ძალიან კარგი ამინდებია და ხალხი გარეთ არის გამოსული, ზღვაზეც გადიან. ადგილობრივების გარდა, ტურისტებიც არიან, რომლებმაც თავიანთ სამშობლოში ვერ გაასწრეს. ქუჩებში ხალმხმრავლობაა, კორონავირუსის ბევრს უკვე აღარ ეშინია. კაფეები და ბარები კი გაჩერებულია. ამ მხრივ, ბათუმი მკვდარი ქალაქივით არის.
კორონავირუსამდე ძალიან აქტიურად ვცხოვრობდი. ჩემი ბენდი მყავს და კონცერტებს ვატარებდი. ახლა ყველაფერი დახურულია და ვის უნდა ჩვენი სიმღერა?!
– დიდი ბენდი გყავთ?
– 8 წევრისგან შედგება, აქედან 2 გოგოა. რეპ-როკის სტილი გვაქვს. “ცოცხალი სიგიჟე” – ასე ჰქვია ჩვენს ბენდს.
– სამსახურის გარეშე ყოფნა ფინანსურ კრიზისსაც შეგიქმნიდათ.
– რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემები შემექმნა, რადგან უკვე თვეებია სახლში ვარ. უმოქმედოდ ყოფნასთან ერთად ისიც ძნელია, საკუთარი ფული რომ შემოგაკლდება.
– ისევ შემოქმედებაზე გკითხავთ. ალბომში რამდენი სიმღერა შევა?
– 8-9 სიმღერა შევა, ძირითადად უცხოენოვანი. მინდა, რომ ქართულენოვანი სიმღერებისთვის ცალკე ალბომი გავაკეთო. ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი, ალბომს რა დავარქვა.
– დღეს უმძიმესი სოციალური ფონია ქვეყანაში. როგორ ფიქრობთ, თქვენი ალბომის ყიდვას მოახერხებენ მსმენელები?
– ეს ალბომი ამერიკისთვის და სხვა ქვეყნებისთვის მინდა, რომ მათ ვაჩვენო, ასევე იმისთვის, რომ საერთაშორისო კონკურსებზე გავიდე უცხოეთში. ალბომი ამ ყველაფრისთვის მაქვს გათვლილი.
ამერიკაში, კონკურსზე ვაპირებდი წასვლას, საქართველოს სახელით უნდა გავსულიყავი, მაგრსამ კორონავირუსმა ყველაფერზე იმოქმედა, მათ შორის – ამერიკაზეც და იმ კონკურსზეც. როგორც კი პანდემია ჩაივლის, ალბათ ჩემი ახალი ალბომით რომელიმე ქვეყანაში წავალ და საკუთარ ძალებს კონკურსში მოვსინჯავ.
– წარმატებებს გისურვებთ! კოვიდ-19-მა პირადი გეგმებიც ხომ არ შეგიცვალათ?
– ჩემს პირადში საინტერესო არაფერი ხდება. არ გამოჩენილა გოგონა, რომელიც ჩემს გულს დაიპყრობდა, გულს ამიფორიაქებდა, გულიდან ნაპერწკლებს გადმომიყრიდა. მალე 24 წლის ვხდები და სიყვარულის მოლოდინში ვარ.
– სახლში ხომ არ გეუბნებიან, რომ დროა ოჯახის შექმნის?
-კი, ასეა, უკვე დროა, ცოლი მოიყვანოო. მამაჩემი ვინმე კარგ გოგოს თუ დაინახავს, მეუბნება, აი, გიორგი, ასეთი უნდა შეირთო. მიდი, გაიცანი, ასეთი რძალი მინდაო. მოკლედ, ძალიან სურთ, რომ დავქორწინდე.
– კონკრეტულად როგორი უნდა იყოს გოგო, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს, რა თვისებები უნდა ჰქონდეს?
– ყურადღებიანი უნდა იყოს, ურთიერთობა შეეძლოს. ჩვენი აზრები და გემოვნება უნდა ემთხვეოდეს. მთავარია, ერთმანეთით ვხარობდეთ და ჰარმონია გვქონდეს.

