,,სარკე”, ავთო ჩიტიძე
რეჟისორ დათო იმედაშვილის და მისი ცოლის, ანნა იმედაშვილის, ოჯახში მატების მოლოდინია. დათო მეოთხე შვილი მამა გახდება, ანა კი – მეორე შვილის დედა.
ეს სიხარული წყვილმა პანდემიის დაწყებისას გაიგო, ამიტომ ორსულობის პირველი ტრიმესტრი სახლის პირობებში ისე გაატარეს, ეს საიდუმლო არავის გაუმხილეს. სასიხარულო ამბავი მათ საერთო უფროს შვილს, პეტრეს, ახალხან ახარეს და მისი ემოციები რეალითი შოუში ასახეს.
პოპულარულმა წყვილმა თვითიზოლაციის პერიოდში გართობისა და თვითგადარჩენისთვის “მთავარზე” რეალითი შოუ წამოიწყო – ,,როგორ დავრჩით სახლში”. სწორედ ამ ფორმატში აცნობეს საზოგადოებას, რომ მათი ოჯახის წევრების რაოდენობა იზრდება.
დაუგეგმავი ბავშვი დიდი სიხარული აღმოჩნდა წყვილისთვის და განსაკუთრებით – 7 წლის პეტრესთვის, რომელიც მშობლებს დიდი ხანი ეხვეწებოდა, რომ და ან ძმა გაეჩინათ მისთვის. თუ ვის ელოდება წყვილი, ეს ჯერ საიდუმლოდ რჩება (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).
– ანნა, გეგმავდით თუ არა მეორე შვილს და როგორი ემოციები გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ მალე მეორე შვილის დედა გახდებოდით, ხოლო დათო – მეოთხე შვილის მამა?
– მოულოდნელი იყო, რადგან არ ვგეგმავდით. ეს სიახლე მაშინ შევიტყვეთ, როდესაც მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, ამიტომ პანიკა დამეუფლა. ამ ვირუსის ფონზე ისეთი პანიკა იყო გარშემო, რომ ამ სიახლის სიხარულის შეგრძნება ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო.
დათოს ჩვეულმა სიმშვიდემ პანიკის ნიშნები მომიხსნა და მშვიდი ორსული გამხადა. სულ რომ არმაგედონი ხდებოდეს, მას აქვს უნარი, მშვიდად ერთი-ორი სიტყვა მითხრას და მეც ვწყნარდები. დათოს ძალიან გაუხარდა, რომ ოჯახი იზრდება.
ორსულობის პირველი ტრიმესტრი ძალიან უცნაური მქონდა. პირველ ორსულობაზე, პეტრეზე, ძალიან ენერგიული ვიყავი. ამჯერად ყველაფერი პირიქით მოხდა, ძალიან უენერგიოდ და მძიმედ ვგრძნობდი თავს. პესიმისტი გავხდი, რაც ჩემში არასდროს იყო. არ ვიცი, ეს თვითიზოლაციის ცხოვრების პირობების გამო იყო თუ სხვა რამის.
ვეღარ ვვარჯიშობ, არადა პირველ შვილზე მთელი 9 თვე ინტენსიურად ვვარჯიშობდი. ახლა უკვე გადავედი მეორე ტრიმესტრში და ეს ყველაფერი უკან ჩამოვიტოვე.
პეტრეს ახლახან ვუთხარით, რომ კიდევ ერთი ბავშვი დაიბადება. ძალიან უნდოდა და თითქმის ყოველდღე გვთხოვდა, მისთვის და ან ძმა გაგვეჩინა, ამიტომ მის რეაქციას განსაკუთრებით ველოდებოდი. როცა გაიგო, ძალიან გაუხარდა და მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა დიდი ბედნიერებაა ეს ყველაფერი.
პეტრეს რეაქციის შემდეგ მივხვდი, რომ მეორე ბავშვის გაჩენა ნამდვილად საჭირო და დროული იყო.
– და ეს სასიხარულო ამბავი კარგად ასახეთ თქვენს რეალითი შოუში “როგორ დავრჩით სახლში”.
– ამიტომაც პეტრე კარგა ხანი არ გვიჯერებდა, რომ ეს მართალი იყო. ეგონა, რომ შოუს ფარგლებში გავეხუმრეთ. გადაღებებს რომ მოვრჩით, ბავშვი მოვიდა და მკითხა, მართალია, თუ მატყუებთო. ძალიან ემოციურია და, როცა დარწმუნდა, სიხარულისგან იტირა კიდეც. იმ ღამეს ძლივს დაიძინა. ყველას დაურეკა და ეს ამბავი ახარა.
– აღნიშნეთ, რომ მეორე შვილი მოულოდნელობა იყო. რატომ იკავებდით თავს კიდევ ერთი შვილისგან?
– ყველაფერი ადამიანის მზაობაზეა დამოკიდებული. პირველი შვილიც დაუგეგმავი იყო და ზუსტად იმ დროს დაიბადა, როცა უნდა დაბადებულიყო. იმ მომენტში აბსოლუტურად მზად ვიყავი დედობისთვის, სულ მის გვერდით ვიყავი. მისი ცხოვრებიდან ერთი წუთის გამოტოვებაც არ მინდოდა.
პეტრე წლისა და ორი თვის იყო, როდესაც სამსახურში გავედი და ისიც დათომ ძალით გამაგდო. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, 5 წელი გვერდიდან არ მოვშორდებოდი. ბუნებრივია, მინდოდა, რომ მეორე შვილიც მაშინ გამეჩინა, როდესაც მას ისეთი დოზით დავუთმობდი დროს, როგორც მინდოდა.
მეორე მხრივ, ვარ ფსიქოლოგი და კარგად მესმის, რა სირთულეებია, როდესაც ოჯახში კიდევ ერთი ბავშვი იბადება. ამ დროს თითქოს უფროს შვილს აიძულებ, რომ მალე გაიზარდოს. სულ მეშინოდა, რომ მეორე შვილის გამო პირველი შვილისთვის ყურადღება არ დამეკლო.
ამ შემთხვევაში პეტრე თვითონ იყო ინიციატორი და თან უკვე დიდი ბიჭიცაა. მას ახლა უკეთ ავუხსნი და უკეთ გაიგებს, რომ მეორე შვილის დაბადებისას სიყვარული კი არ იყოფა, ორმაგდება. მიუხედავად იმისა, რომ არ ვგეგმავდით, ახლა იდეალური დროა კიდევ ერთი შვილისთვის.
– დათოს როგორ ცვლის ეს სიახლეები?
– დათო სტაბილური და მშვიდი ადამიანია. მე უფრო აჟიტირებული ტიპი ვარ და ის ყოველთვის ცდილობს, მიწაზე დამსვას. ძალიან ბედნიერია, რადგან პატარა დათო ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ოთხი შვილის მამა გახდებოდა. როგორც თვითონ ამბობს, სასწაული განცდაა.
– ვის ელოდებით?
– სქესი მე და დათომ ვიცით, მაგრამ ჯერ არ ვამბობთ. უფროს შვილებს სიურპრიზი უნდა გავუკეთოთ და ორიგინალურად ვაცნობოთ, თუ ვინ იქნება მეოთხე. ამიტომ ჯერ საჯაროდ ამაზე არ ვსაუბრობთ.
ორსულობა უკვე მეტყობა. პეტრეზე 6 თვე ისე გავიდა, მუცელი არ მემჩნეოდა, ამჯერად უფრო ადრეულ ეტაპზე დამეტყო. სპეციალისტებმა ამიხსნეს, მეორე ორსულობისას ასე ხშირად ხდებაო.
– ფსიქოლოგიურად მზად ხართ იმისთვის, რაც ბავშვის დაბადებას მოსდევს – უძილო ღამეები და ასე შემდეგ?
– ცოტა უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ პირველ შვილზე ერთი ღამეც არ გამითენებია. თავიდანვე ცალკე ოთახში იყო, თავის საწოლში. ჩვენს ლოგინში ერთხელაც არ ჩამიწვენია და, როგორც ამბობენ, ეს მიდგომა ძალიან კარგია. ბავშვს უფრო მშვიდად სძინავს და დღესაც უფრო დამოუკიდებელია.
პეტრე ძალიან მარტივად გაიზარდა და ხანდახან არც კი მგონია, რომ უკვე 7 წლის გახდება. ძალიან დამოუკიდებელია და მეორეზეც ასეთივე მიდგომა მექნება.
პეტრე დილით ადრე დგება, საუზმეს თვითონ იკეთებს, ტანსაცმელს მარტო ირჩევს, თავს იწესრიგებს, თავის კატას და ძაღლს აჭმევს. მგონია, რომ ეს კარგი თვისებებია და მინდა, მეორე შვილსაც ეს ჩვევები ჰქონდეს განვითარებული.
– ალბათ ის სიამოვნება გაკლიათ, რომ იაროთ მაღაზიებში და ბავშვისთვის შეარჩიოთ სამოსი თუ აქსესუარები.
– არამარტრო მომავალ შვილისთვის, პეტრესთვისაც გვჭირდება. გაიზარდა და აღარაფერი ეტევა – ვერაფერს ვყიდულობთ. სანამ კორონავირუსი დაიწყებოდა, ჭრა-კერვის კურსებზე დავდიოდი და ეს ნიჭი უკვე გამომადგა, რაღაცები შევკერე. ძალიან მწყდება გული, რომ ამ ვირუსის გამო კურსი ბოლომდე ვერ გავიარე.
იმედი მაქვს, სანამ ბავშვი დაიბადება, ყველაფერი გაიხსნება. პეტრეზე ორსულობისას კოშმარები მესიზმრებოდა, რომ თითქოს ბავშვი დაიბადა და მე არც საწოლი მქონდა და არც ტანსაცმელი. ამიტომ ოთხი თვის თავზე უკვე მთელი ოთახი მოწყობილი მქონდა. ამჯერად ასე აღარ ვშფოთავ.
– ყველაზე მძიმე რა იყო პანდემიის რეჟიმში ცხოვრებისას?
– ეტყობა, ჰორმონების ბრალი იყო, მაგრამ მართლა ძალიან გამძაფრებულად ვიღებდი ყველა იმ შეზღუდვას, რომლებიც ამ ბოლო თვეებში ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა. სულ მეშინოდა და ძალიან ვებრძოდი საკუთარ თავს, რომ ეს არ გამომეხატა.
ეს რთული პერიოდი მეტნაკლებად თითქოს გადავიარეთ, მაგრამ მე, როგორც ფსიქოლოგი, ვთვლი, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, ფსიქოლოგიურად ეს რის ფასად დაგვიჯდა. სოციალური იზოლაცია ბავშვებისთვისაც და დიდებისთვისაც ასე უკვალოდ არ ჩაივლის.
– რეალითი შოუს ფორმატში ცხოვრება დამატებითი სტრესი არ არის?
– არა, პირიქით, ეს დაგვეხმარა ამ რთული პერიოდის გადატანაში, რადგან სულ საქმეზე, გადაცემაზე ვიყავით გადართული. მოკლედ, მუშაობით გავერთეთ და სხვა სტრესულ მომენტებზე არ ვფიქრობდით.

