თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ყოფილმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ თეა ადეიშვილის გადაცემაში ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში ნაპოვნია გარკვეული ტიპის მედიკამენტები და ხომ არ შეიძლება, რომ საქმის გაყალბებაზე წავიდეს ლაპარაკი და კვალის არევა, ყოფილმა პროკურორმა უპასუხა:
-ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი შექმნა და ამდენი შრომა, ყველაფერი ჩადო… თამარი არ იყო ელიტური ოჯახიდან, ჩვეულებრივი, უბრალო ოჯახის შვილს 30-ჯერ, 50-ჯერ მეტი შრომა სჭირდება, რომ რამეს მიაღწიოს ამ ქვეყანაში. თამარმა 50-ჯერ მეტი შრომა გასწია, რომ მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და დასაქმებული ყოფილიყო… და ვის სჯერა იმ სისულელის, რომ ასეთი ადამიანი რაღაცით ერთობა?! მაგათ რამე ხომ არ ეშლებათ! შემთხვევით, ასეთი რაღაცებით მამიკოს შვილები და ელიტური ოჯახების შვილები ხომ არ ერთობიან?! ვისაც აქვთ იმის საშუალება, არ იმუშაონ და მამიკომ და დედიკომ მისცეთ ყველაფერი და კიდევ სხვა რამე, რომ წამლებს შეეთამაშონ… ძალიან ხომ არ გეშლებათ?! თქვენ სხვა სამყაროში ხომ არ გგონიათ თავი. თქვენ მოწყდით რეალობას და ჩვეულებრივი ოჯახების ყოფა-ცხოვრება თქვენთვის არაფერს ნიშნავს.

