„თამარ ბაჩალიაშვილთან ერთად რამდენიმე პროექტში ვიმუშავე. რა პროექტები იყო, ამის თქმა არ შემიძლია, კონფიდენციალური ინფორმაციაა, მოგვიწია ერთად მოთხოვნილ შეკვეთებზე მუშაობა.
ვიღაცები მასზე ამბობენ, რომ ის დამწყები პროგრამისტი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ის, რასაც წლების განმავლობაში ვსწავლობდი, თამარმა სულ რაღაც ერთ წელში მოახერხა. ძალიან გონიერი გოგო იყო.
საოცრად აზროვნებდა და ჩვეულებრივ ადამიანზე ბევრად უფრო სწრაფად ითვისებდა ყველაფერს. ის დიდი პროფესიონალი იყო, ჩვენ ერთად გვიმუშავია და ვიცი მისი რესურსი.
ის რამდენიმე სტატუსით მუშაობდა, პროგრამებსაც წერდა. ის ძალიან ყურადღებიანი და ფრთხილი იყო თავის საქმეში. რაც თამარს ევალებოდა და აკეთებდა, იმდენად მწირ ინფორმაციას აძლევენ დამკვეთები, რომ არ მგონია, ისეთი რამ აღმოეჩინა, რის გამოც მას გაუსწორდებოდნენ.
თუმცა არაფერს გამოვრიცხავ, ეს ისეთი პროფესიაა და ისეთი გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდა. ბოლოს პანდემიამდე ვიმუშავეთ ერთად, ერთ ოთახში ვისხედით, მერე სახლებიდან გავაგრძელეთ ურთიერთობა. ის ძალიან გაწონასწორებული, ფრთხილი და ხარისხზე ორიენტირებული გოგო იყო.
იმდენად გაწონასწორებული და ამავე დროს ლაღი იყო, რომ თვითმკვლელობამდე არ მივიდოდა, არც არასოდეს ეტყობოდა, რომ რამე პრობლემა ჰქონდა. მართალია, მე მასთან თებერვლის ბოლომდე მქონდა შეხება, მაგრამ არ მჯერა თვითმკვლელობის ვერსიის.
გონებრივად უძლიერესი თამარი ფიზიკურად ისეთი სუსტი იყო და იმდენად ნაზი ხმა ჰქონდა, გოგონას დაცვა რომ მოუნდება ბიჭს…
ამ ორ პროექტზე მუშაობისას თავი საოცრად დამამახსოვრა თავისი აზრებით, კოდების წერის მანერით და იდეებით”, – ამბობს თამარის თანამშრომელი ,,პრაიმტაიმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„პრაიმტაიმი“ მის ვინაობას არ ასახელებს.

