ცნობილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის ვაჟი, თარაშ კანდელაკი პატიმრობაში დატოვეს. მას ერეკლე თედიაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი. თარაშ კანდელაკის ახლობლები ამბობენ, რომ ის უდანაშაულოა და მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ მისი სახელი და გვარი მედიაში გავრცელდა.
-ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ჩემი შვილი მარტო გამოვიდა თავისი რესტორნიდან. არ მინდა, ვინმემ ჩათვალოს, რომ შვილს ვიცავ. იცით, რატომ ვართ ჩუმად? იმიტომ, რომ იმ არაჩვეულებრივ ხალხს, დაზარალებული ბავშვის მშობლებს ვუთანაგრძნობ.
მომეწონებოდა, ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაში იყოს და ამ დროს მეორე მხარეს მყოფი დედა თავის შვილს ხელს აფარებდეს? მე ვერ დავიცავ ჩემს შვილს, არ შემიძლია, იმიტომ, რომ ის ბავშვი არის ცუდად. მე დედის ლოცვას არ ვკითხულობ, იმ ბავშვის ლოცვით ვიწყებ დილას და მთელი ჩემი ოჯახი. ის ბავშვი კარგად უნდა იყოს, რომ ჩემი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდეს. შედით, ადამიანებო, ჩემს მდგომარეობაში. შეიძლება, რომ ბავშვი ასე კრიმინალად გამომიცხადოთ? – განაცხადა თარაშ კანდელაკის დედამ.
თარაშ კანდელაკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორ ია მეფარიშვილის განმარტებით, ამის საფუძველს ის აძლევს, რომ ეს მძიმე ბრალდებაა და არსებობს მისი მიმალვის შესაძლებლობა.
პროკურორის განცხადებით მოწმეებზე ზეწოლისა და დამატებითი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით სწორედ პატიმრობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
მაისური, რომელიც თარაშ კანდელაკს იმ ღამით ეცვა, დაიკარგა. გამოძიებამ ვერც მის მობილურ ტელეფონს მიაგნო, პროკურორის ინფორმაციით ბრალდებულს არ გამოუჩენია გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი.
თარაშ კანდელაკის ინტერესებს 5 ადვოკატი იცავს. უფლებადამცველებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს აღკვეთი ღონისძიების სახით 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შერჩევაზე.
შუამდგომლობა ასევე მოიცავდა თარაშ კანდელაკისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას.
საქმეზე გამოძიება 217 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და 3-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოკრივე გიორგი კანდელაკის კუთვნილ რესტორანში დაიწყო, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, მისი შვილი, თარაშ კანდელაკი ერთ-ერთი მონაწილე პირი იყო. სწორედ ამ გარჩევის დროს დაშავდა 18 წლის ერეკლე თედიაშვილი, რომელიც დღემდე კომაშია. ორი ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

