ლელა წურწუმია: ,,მე და მამულიჩას განქორწინება არ გვემუქრება”

ლელა წურწუმია: ,,მე და მამულიჩას განქორწინება არ გვემუქრება",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მომღერალ ლელა წურწუმიასთვის, ისე როგორც სხვა მრავალისთვის, ამ გაზაფხულზე  ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი უცებ შეიცვალა იძულებითი დასვენების რეჟიმით. ახლა ისიც სახლში ატარებს უმეტეს დროს. მისი ქმარი, პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) ხუმრობს კიდეც, ჩემი ცოლი სახლს დღეში სამჯერ ალაგებსო. ეს ლელას დღევანდელი რეალობაა (ინტერვიუ ჩაწერილია მარტში).

სამაგიეროდ მომღერალმა სხვა ბევრი რამისთვის მოიცალა, მაგალითად, ამზადებს სადილებს, რაც დიდიხანია არ გაუკეთებია. ასევე თავის მოქალაქეობრივ პოზიციას იმით გამოხატავს, რომ სოციალურ ქსელში ხალხს ამხნევებს, ამხიარულებს და ცდილობს, ამით პანიკისგან დაიცვას.

პანდემიის დაწყებამდე ბოლო კონცერტი ლელამ 7 მარტს გამართა ბათუმში, თან ისე, რომ მაყურებელთან მაქსიმალურად დაიცვა დისტანცია. სხვათა შორის, “სარკეს” უამბო, რომ რამდენიმე თვის წინ მას ისეთი უცნაური ვირუსი ჰქონდა, არ გამორიცხავს, რომ მაშინ სწორედ კორონავირუსი გადაიტანა.

– ლელა, როგორ შეცვალა კორონავირუსმა თქვენი და თქვენი ოჯახის ცხოვრება?

– არამარტო ჩემი, მთელი მსოფლიოს წესრიგი შეცვალა. ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი მქონდა ამ გაზაფხულზე. სექტემბრამდე სულ გაწერილი იყო კონცერტები კლუბებში, კორპორატიულ წვეულებებზე, გასტროლები, მაგრამ სხვა რეალობა დადგა, რამაც რადიკალურად შეცვალა ყველაფერი.

მე მაინც მგონია, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, უბრალოდ ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ ცვლილებებს.

– შეძელით, რომ შექმნილ სიტუაციაში პანიკაში არ ჩავარდნილიყავით, თუნდაც ცოტა ხნით?

– აზრი არ აქვს პანიკას. რა მნიშვნელობა აქვს, ნერვიულობა მოგკლავს თუ ვირუსი? ამ შემთხვევაში ნერვიულობა შეიძლება უფრო საზიანო იყოს, ვიდრე ეს ვირუსი.

ინსტაგრამგვერდზე ბევრი გამომწერი მყავს და ისინი მუდმივად თვალს მადევნებენ. მათთვის მაგალითი და სტიმული უნდა ვიყო, რომ ყველაფერი კარგად არის. როდესაც ეს ყველაფერი გადაივლის, ძალიან ბევრს დასჭირდება ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ნევროპათოლოგი. სოციალურ ქსელს რომ ვუყურებ, ამ ახალი რეალობის გამო ზოგი მართლა სიგიჟის ზღვარზეა.

– საკუთარ თავში პანიკის არც ერთი ნიშანი არ დაგიჭერიათ? მაგალითად, გჭირდებოდათ თუ არა, უაზროდ ბევრი პროდუქტი იყიდეთ მარკეტში…

– არა. მე რომ მაღაზიაში შევდივარ, ვგრძნობ, ბევრი თვალი მიყურებს. ამ დროს რომ დავიწყო დიდი რაოდენობით პროდუქტის შეძენა, ჩათვლიან, მაქვს რაღაც ინფორმაცია, რომ ცუდი გველოდება წინ და უფრო მეტად დაპანიკდებიან. პოპულარული ადამიანების მიმართ არის განცდა, რომ ჩვენ გვაქვს წვდომა ბევრ ისეთ ინფორმაციასთან, რომელიც საზოგადოების ფართო წრეებამდე არ მიდის, ამიტომ მუდმივად გვაკვირდებიან და ჩვენც მოგვეთხოვება, რომ ჩვენი საქციელით პანიკა არ შევქმნათ.

– არ გქონდათ შიში, რომ შეიძლებოდა შემთხვევით ვირუსის მატარებელი ყოფილიყავით? თქვენ ხომ ბევრს მოგზაურობთ.

– საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში არ მომიწია მოგზაურობა. 7 მარტს ბათუმში მქონდა კონცერტი, მაგრამ მაქსიმალურად შევძელი და ახლო კონტაქტი არ მქონია მაყურებელთან. მიყვარს მაყურებელთან ახლო კონტაქტი, მაგრამ ამჯერად გავითვალისწინე რეკომენდაციები და ორი მეტრის რადიუსით არავის მივკარებივარ.

მაყურებელიც ძალიან გონივრულად იქცეოდა. სხვათა შორის, გასული წლის სექტემბერში ვიყიდე პირბადეები.

– რატომ?

– შემთხვევით შემხვდა შავი პირბადეები, მომეწონა და ვიყიდე. ხასიათში მაქვს, როცა რაღაც მომეწონება, ვყიდულობ. დეკემბერში ძალიან ცუდად გავხდი, მაშინ პროექტ “მხოლოდ ქართულში” ვიყავი და ერთი კვირის შემდეგ იგივენაირი სიმპტომებით სოფო ნიჟარაძეც გახდა ცუდად.

– გრიპის ვირუსი გქონდათ?

– არ ვიცი, ცოტა განსხვავებული იყო, შეიძლება კორონავირუსიც მქონდა. 24 საათში გავიკეთე სამი გადასხმა, ანტიბიოტიკებით ვიმკურნალე და ამან მალე დამაყენა ფეხზე.

– როგორია თქვენი თვითიზოლაციის რეჟიმი?

– თვითიზოლაცია მთავარი იარაღია ამ ვირუსთან ბრძოლაში და მეც მაქსიმალურად ვიცავ. სახლიდან მხოლოდ მარკეტში თუ გავდივარ პროდუქტებზე და იქაც სრული ეკიპირებით – ხელთათმანი, პირბადე, ანტისეპტიკური სითხე. ავტომობილი ისეთი დასპირტული მაქვს, პატრულმა რომ გამაჩეროს, ალკოტესტმა შეიძლება ჩაბერვის გარეშეც გააწითლოს.

– ძალიან დატვირთული რეჟიმი გქონდათ, ყველაზე ცოტა დროს სახლში ატარებდით. ახლა, როცა შეიცვალა ყველაფერი და სახლში გიწევთ ყოფნა, რითი ხართ დაკავებული, ადვილი იყო ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადასვლა? მამულიჩამ პოსტიც კი დადო, ჩემი ცოლი დღეში სამჯერ ალაგებს სახლსო.

– სახლის დალაგება აქამდეც მიყვარდა, მაგრამ ახლა იმის გამო, რომ საჭიროა ჰიგიენის წესების მაქსიმალური დაცვა, ყველაფერს ვაკეთებ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. ძალიან ცოტა ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და ისინი ჩემთვის მეტად ძვირფასები არიან. მათ წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობ და არასოდეს უნდა მოექცე სხვას ისე, როგორც არ გინდა, რომ შენ მოგექცნენ.

სახლშიც არ ვარ პასიური. ყოველდღე მიწევს სადილის გაკეთება და მომწონს ეს რუტინა. რომ დავფიქრდეთ, რამდენ ადამიანს ენატრებოდა კარგი გამოძინება? მათ შორის მეც.

სახლში ყოფნისას სახე გაცრეცილი ხდება, ამიტომ ჩემს მეგობართან ერთად სასეირნოდ გავდივარ. ამასაც მთელი ეპიკირებით ვაკეთებ. რთულია ასეთი რეჟიმით ცხოვრება, მაგრამ ვცდილობ, ამ ყველაფერს მოთმინებით შევხედო.

– რას უთმობთ ახლა დროს, რისთვისაც აქამდე ვერ იცლიდით?

– რაღაცებს გადავხედე, კითხვისთვის მოვიცალე… არ ვიცი, მთელი დღე როგორ გადის. მთავარია მოთმინება და გავა ის პერიოდიც მალე, რომელიც სახლებში უნდა გავატაროთ.

ჩემი მეგობრის მეგობარი ამერიკაში ცხოვრობს და აფთიაქში შესულა. აქცენტით მიხვდნენ, რომ არ იყო იქაური და, როცა გაიგეს, საქართველოდან იყო, აფთიაქში ყველამ ტაში დაუკრა, თქვენ ყველაზე კარგად ებრძვით ამ ვირუსსო. მართლაც დიდი ფუფუნებაა, როცა ქვეყანაში გყავს ისეთი პროფესიონალი ექიმები, როგორებიც არიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე. ჩვენმა სამედიცინო პერსონალმა მართლაც შეუძლებელი შეძლო.

– მამაკაცებისთვის უფრო რთულია სახლში ჯდომა. მამულიჩას როგორ გადააქვს ეს პერიოდი?

– მამულიჩა ბაკურიანში დადის ხშირად, რადგან დედა და ბავშვები იქით არიან. ამ ფორმით ცდილობს, თავისი თვითიზოლაცია გაიხალისოს.

– რას ფიქრობთ, როგორი ცხოვრება გველოდება ამ პანდემიის შემდეგ?

– სიდუხჭირე რომ იქნება, ამაზე არავინ დაობს. მე მახსოვს ასეთი კრიზისი 2008 წელს, როდესაც, მართალია, ვირუსი არ იყო, მაგრამ მსოფლიოში იყო დიდი ეკონომიკური კრიზისი. მაშინ არარეალური ფასები იყო ბევრ რამეზე. ამის შემდეგ ბევრი რამ დაინგრა და ახლებური სტანდარტები შემოვიდა.

ასე მგონია, დღესაც იმავე რეალობის წინაშე ვდგავართ. მეორე მხრივ, ბუნებაც გაჩვენებს, რამდენად პატარაა ადამიანი და რომ არ შეიძლება ბუნებასთან მუდმივი ჭიდილი. ასე მგონია, ეს ვირუსი დიდი სილის გაწვნა იყო ჩვენთვის. ეს არის გაკვეთილი, რომელმაც ადამიანებს რაღაცების სხვანაირად დანახვა უნდა გვასწავლოს.

– მთელ მსოფლიოში მუსიკოსები მათ გასამხნევებლად, ვინც სახლში რჩება, კონცერტებს სოციალური ქსელებით აკეთებენ. თქვენგანაც მსგავს რამეს ხომ არ უნდა ველოდოთ?

როგორც შემიძლია, ვცდილობ, მაქსიმალურად გავამხნევო ადამიანები. სახლიდან ხშირად ვერთვები გადაცემებში, სოციალურ ქსელში. მაყურებლის გასახალისებლად ანეკდოტებიც კი მოვყევი ერთ-ერთ ლაივში.

რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა მათთვის, ვინც სახლში რჩება?

– ყველას უნდა შეეძლოს, საკუთარ თავში რაღაც ახალი აღმოაჩინოს. ეს პერიოდი ყველას მისცემს დაფიქრების და ცხოვრების გაანალიზების საშუალებას. ნახეთ, ჩინეთში კარანტინის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტი განქორწინების განაცხადი შეიტანეს ოჯახურმა წყვილებმა. აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთის დიდი დოზით ატანა არ შეუძლიათ. მე და მამულიჩას ეს არ გვემუქრება, რადგან ჩვენ ისედაც სულ ერთად ვართ.