თბილისელი ანი მურადელი მსოფლიოში ცნობილი 80 ბალერინის სიაშია, როგორც გედის პარტიის საუკეთესო შემსრულებელი. შეეძლო კარიერაში უფრო წინ წაეწია, მაგრამ მისი ცხოვრება სხვა გზით განვითარდა. ის ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა, 3 წლის წინ კი დედა მოკლა. ის დაიჭირეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ქალთა კოლონიიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ის ფსიქიატრიულიდან გამოვიდა და სალონში მანიკიურს აკეთებს.
ტრაგედია 20 მაისს, თბილისში დატრიალდა. ანი მურადელმა 84 წლის დედას, ლამარა მინდორაშვილს, სხეულის სხვადასხვა ადგილას დაზიანებები მიაყენა და თავში ვაზა ჩაარტყა. ამ დროს ანი მთვრალი იყო, მკვლელობის შემდეგ 24 საათი გარდაცვლილ დედასთან ერთად ბინაში გაატარა.
– ანი ჩემს დას ნაშვილები ჰყავდა. მინსკში მივლინებაში იყო და მაშინ ნახა 2 წლის ანი – პატარა, ლამაზი გოგონა, ცისფერი თვალებით. თურმე ანი ფეხზე მოეხვია, დედა, წამიყვანეო…
6 წლის იყო, კასტინგზე რომ მივიყვანეთ. ჭაბუკიანმა შეარჩია. ანი აღნაგობით ყველა სტანდარტს პასუხობდა, ძალიან შრომისმოყვარე, დისციპლინიანი გოგო იყო. ძალიან დიდი მიღწევები ჰქონდა, პრიმა ბალერინა გახდა, ყველა სპექტაკლში ცეკვავდა მთავარ როლს… მერე ფეხი იტკინა. ეს დიდი სტრესია. დავატარებდით ექიმთან, ყოველდღე რეაბილიტაციაზეც დამყავდა, რადგან მე უფრო მქონდა დრო, ჩემი და რამდენიმე უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. 2011 წელს ანიმ მამის სიკვდილი ძალიან განიცადა, ამას დაემატა ოჯახის დანგრევა და დაიწყო სმა…
როცა მთვრალი იყო, აგრესიული ხდებოდა და ჩემს დას უმოწყალოდ სცემდა, თავს არტყმევინებდა იატაკზე, ფეხებით შესდგებოდა. გამოვიძახებდით პატრულს, ხედავდნენ დამტვრეულ ჭურჭელს, ნაცემ ქალს. ვეუბნებოდი, წაიყვანეთ, ხომ ხედავთ, ძლივს დგას ფეხზე, მთვრალია-მეთქი. სად წავიყვანოთო, მპასუხობდნენ…
იმ დღეს სულ ვრეკავდი და, როგორც იქნა, ანიმ აიღო ყურმილი. მივხვდი, მთვრალი იყო. მოვიდეს დედაშენი ტელეფონთან-მეთქი, ნუ მაწუხებო და დაკიდა ყურმილი. მეორედაც დავრეკე, იგივე გამიმეორა.
ნათესავს ვთხოვე, გამყოლოდა. ვუკაკუნებდი, დეიდა ვარ, გააღე-მეთქი, კარს ფეხებს ურტყამდა, კიოდა. მერე მეზობლები გამოვიდნენ და მითხრეს, წუხელ ღამის 2 საათზე საშინელი წივილ-კივილის ხმა გამოდიოდაო. ალბათ შველას ითხოვდა ჩემი და… მიცვალებული ხალიჩაზე პირქვე იყო დამხობილი, წამებით მოუკლავს, მერე 24 საათი გვამთან ერთად იყო. ანი საზოგადოებისთვის საშიშია, როგორ გგონიათ, არ მიყვარს? მაგრამ ეს ჩაიდინა. დანის ერთი დარტყმით რომ მოეკლა, ალბათ ასე არ გავმწარდებოდი, წამებით მოკლა დედა.
ახლა ამბობენ, შეურაცხადმა მოკლაო. თუ ასეა, კარს რატომ არ გვიღებდა? ანუ აცნობიერებდა, რაც მოხდა. თავიდან აღიარა კიდეც, მაგრამ მერე ადვოკატების რჩევით თქვა, არაფერი მახსოვსო. წელიწად-ნახევარი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს, თუ უნდათ, დღესვე გამოუშვან, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ საზოგადოებისთვის არ არის საშიში, – უყვებოდა ,,კვირის პალიტრას” ყოფილი ბალერინას დეიდა ესმა მინდორაშვილი (სტატიის ავტორი თეა ხურცილავა).
– როდესაც ანი დაწესებულებიდან გამოვიდა, დეიდამისმა სახლის გასაღები მეზობელთან დაუტოვა და შეუთვალა, რომ მასთან ურთიერთობის აღდგენა არ ეცადა და თუ მივიდოდა, პოლიციას გამოიძახებდა. ანი დედის საფლავზეც დადის, რომელიც თვითონ მოკლა, – ამბობს ,,პრაიმტაიმთან” ანი მურადელის ახლობელი.

