ჟურნალი ,,სარკე”, ავთო ჩიტიძე
ელიტა ანდღულაძე განახლებული ,,კურიერის” გუნდის ერთ-ერთი ახალი სახეა. ის ჯერ რადიოში მუშაობდა, მერე კი ეკრანზე გადაინაცვლა. ამ ჟურნალისტს აქვს ერთი ისეთი რამ, რაც ქართულ მედიაში ყველასგან გამოარჩევს – მისი სახელი არავის ავიწყდება. ერთადერთია ჟურნალისტებს შორის, ვისაც ელიტა ჰქვია. ამის გამო უხერხულ სიტუაციაში ბევრჯერ მოხვედრილა, მაგრამ სახელის შეცვლას არაფრისდიდებით აპირებს. ზოგს ჰგონია, რომ ეს სახელი თავად დაირქვა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ელიტა ანდღულაძესთან საუბარიც სწორედ მისი უცნაური და იშვიათი სახელის ისტორიით დავიწყეთ.
– ელიტა, ძალიან გამორჩეული სახელი გაქვთ. ვინ დაგარქვათ და რატომ?
– პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ რესპონდენტის ამპლუაში პირველად ვარ და ვნახოთ, როგორი ინტერვიუ გამოგვივა. ეს სახელი ბებიამ დამარქვა. უყვარდა წიგნი, რომელსაც “ელიტა” ერქვა. მივეჩვიე იმას, რომ ჩემი სახელის გაგონებაზე ყველა იბნევა და რამდენჯერმე მამეორებინებენ. ბევრს ეგონა, რომ ელიტა მე დავირქვი. ერთხელ ჩემმა მოგვარემ სოციალურ ქსელში მომწერა, ჩვენ, ანდღულაძეები, ისედაც ელიტა ვართო. ეგონა, რომ ელიტა ამბიციურობის გამო დავირქვი.
– ეს სახელი გამხდარა თქვენი კომპლექსების მიზეზი?
– განსაკუთრებით რთული იყო სტუდენტობის წლები. დღემდე მწარედ მახსოვს ჩემი ლექტორის სიტყვები, ამისთანა რა დააშავე, რომ ელიტა დაგარქვესო. დღეს ჩემი სახელი ძალიანაც მომწონს. თუ ვინმე ერთხელ გაგიცნობს, არასდროს ავიწყდები.
– როცა ჟურნალისტიკაში მუშაობა დაიწყეთ, არავის ურჩევია თქვენთვის სახელის შეცვლა, რომ გაუგებრობები თავიდან აგეცილებინათ?
– კი, იყო შემთხვევა, როდესაც მითხრეს, იქნებ ჩართვებში სხვა სახელი გამოიყენოო. ჩემი ნათლობის სახელი ელენეა. მითხრეს, ეს გამოვიყენოთო, მაგრამ არ დავთანხმდი, რადგან ვთვლი, რომ კარგი სახელი მქვია.
– ჟურნალისტიკა თავიდანვე შეგნებული არჩევანი იყო?
– ათი კლასი ისე დავამთვარე, არ ვიცოდი, რა პროფესია უნდა ამერჩია. როცა უმაღლესში ჩაბარების ეტაპი დადგა, ჟურნალისტობა გადავწყვიტე, რადგან აქტიური ცხოვრება მიყვარს.
სკოლა დავამთავრე გურიაში, სოფელ სუფსაში და თბილისში ჩამოვედი მაშინ, როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელში მივედი. დაახლოებით 9 წელი საზოგადოებრივი რადიოს საინფორმაციო სამსახურში ვიმუშავე. სწორედ იქ ვისწავლე ნამდვილი ჟურნალისტიკა.
პირველად რომ გადასაღებად მივედი და გამოცდილ ჟურნალისტებში მოვხვდი, ცოტა დავიბენი, მივხვდი, რომ მანამდე ამ პროფესიაზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა. თეორია და პრაქტიკა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. “რუსთავი 2”-ში მოხვედრა კი ჩემთვის დიდ ავიაციაში მოხვედრასავით არის.
– კარიერულ საფეხურებზე დახურულ კარს არ დაჯახებიხართ?
– კი, როგორ არა. საზოგადოებრივ მაუწყებელში ქუჩიდან რომ მივედი, 2 წელი უშტატო თანამშრომელი ვიყავი. ბოლოს ხელმძღვანელობასთან შევედი და ავუხსენი, რომ უკვე ყველა უნარ-ჩვევა მქონდა და ჩემთან დაკავშირებით სხვა გეგმები თუ არ გააჩნდათ, წავიდოდი. ერთ თვეში კონტრაქტი გამიფორმეს.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ეტაპი, როდესაც “რუსთავის 2”-იდან შემოთავაზება მივიღე, რომ განახლებული “კურიერის” გუნდის ნაწილი გავმხდარიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჰოროსკოპით სასწორი ვარ და ბევრი ფიქრი მიყვარს, ზუსტად ორ დღეში დავთანხმდი. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაც იყო და ამავდროულად – კარიერაში დიდი ნახტომი.
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თვალცრემლიანი წამოვედი, რადგან ამ არხთან 9 წელი მაკავშირებდა და იქიდან წამოსვლა ემოციურად რთული იყო. ჩემდა გასაკვირად, “კურიერში” ისეთი გარემო დამხვდა, მგონია, რომ წლებია მათთან ერთად ვმუშაობ.
– ჟურნალისტიკა უშიშარ პროფესიად ითვლება. პიროვნულადაც ხართ ასეთი?
– როცა ვმუშაობ, არ ვიცი, შიში რა არის. მოვლენების ეპიცენტრში რომ ხარ, მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობ, რაც შეიძლება კარგი მასალა გქონდეს. იმაზე კი არ ფიქრობ, რომ შეიძლება შენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. მაგალითად, პრემიერა რომ იყო ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ”, იქ ჭყლეტაში მოვყევი და ლამის გავიგუდე. პოლიცია რომ არა, არ ვიცი, რა მოხდებოდა.
უეცრად მოვყევი დაპირისპირებული ძალების შეტაკებაში. სუნთქვა შემეკრა და მალე გონებასაც დავკარგავდი. ამ დროს პოლიციის კორიდორმა მიშველა და თავი დავაღწიე. ბევრს ჰგონია, რომ არაფრის მეშინია, მაგრამ მეც ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩვეულებრივი შიშებით.
– მაგალითად?
– მაგალითად, მეშინია მარტოობის და ხანდახან პანიკურადაც, რომ მარტო არ დავრჩე ცხოვრებაში. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ალბათ მაინც უფრო ძლიერი ქალი ვარ, ვიდრე სუსტი.
– როგორია თქვენი ცხოვრება ეკრანის მიღმა?
– ეს პროფესია ბევრ თავისუფალ დროს არ გიტოვებს. ჩემს პირად ცხოვრებაშიც არაფერი ხდება საინტერესო. ამ ეტაპზე მარტო ვარ. საერთოდ ძალიან რთულია ჩვენი რეჟიმის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა. საერთოდაც არ ვარ მარტივი ადამიანი და პირად ცხოვრებაში ჩემს ჰოროსკოპს, სასწორს, ძალიან ვამართლებ.
– რას ეძებთ და რას აფასებთ მამაკაცში ყველაზე მეტად?
– ჩემთვის საინტერესოა მამაკაცი, რომელმაც იცის, რა უნდა. ხშირად მეცვლება შეხედულებები იდეალურ მამაკაცზე. არ მიყვარს, როცა კაცები ქალებს ყვავილებს ჩუქნიან.
– გურული სიფიცხე თუ გახასიათებთ?
– ისეთი აქტიური ვარ, ყველა ხვდება, რომ გურული ვარ. გაბრაზებაც გურულივით ვიცი, განსაკუთრებით მაშინ, თუ მატყუებენ. როცა მშია, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ. ყველა ამბობს, რომ ამ დროს ნამდვილი გურული ვარ.
