,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
,,ანიტუკა, მომენატრე, ბაჭიავ,
შენი კოცნა მომენატრა კისერში.
ამ ცხოვრებამ უხილავად გაქცია
და მის ბილიკს დაბნეული მივყვები.
ანიტუკა, მომენატრე, კიკინა,
შენი ხმა და სურნელება მჭირდება.
ჩემი სულის, ჩემი გულის სხივი ხარ,
სიცოცხლე ხარ აკინძული ფიქრებად…”
ეს ლექსი 2 წლის ანიტა ფაცაციას დაუწერა ბებიამ, თამუნა გლურჯიძემ. პატარა გოგონა ცოტა ხნის წინ ინდოეთის კლინიკაში უმძიმესი დიაგნოზით გარდაიცვალა. ბებიისთვის მისი უზომო მონატრება ახლა თავისთვად იკინძება სტრიქონებად.
ანიტა წლისა და 10 თვის იყო, გულის დაავადებამ თავი რომ იჩინა. მშობლებმა პატარა ჯერ ავსტრიაში წაიყვანეს, მერე – ინდოეთში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მშობლებმა, მარიკო სადრაძემ და გიორგი ფაცაციამ, გადაწყვიტეს, შვილის სახელით სიკეთე აკეთონ და სხვა პატარებს დაეხმარონ.
გიორგის დედა, თამუნა გლურჯიძე, ამბობს, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს სხვებისთვის გაწეული სიკეთე ეხმარება, უბედურებას გაუძლონ და ცხოვრების გაგრძელება შეძლონ.
თამუნა გლურჯიძე: მარიკო და გიორგი სანამ დაქორწინდებოდნენ, 5 წელი შეყვარებულები იყვნენ. ეს იყო ძალიან დიდი და ლამაზი სიყვარული, რომელიც სხვაგვარად ვერც დამთავრდებოდა, რომ არა ოჯახის შექმნა.
5 წელი ხდება ამ ზაფხულს, რაც ცოლ-ქმარი არიან. ანიტა 2 წლის შემდეგ დაიბადა. ფეხმძიმობის დროს მარიკოს ტოქსიკოზიც კი არ ჰქონია და ბავშვიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.
– დაავადება, რომელმაც ანიტას სიცოცხლე შეიწირა, რამ გამოიწვია?
– გასული წლის ივნისში დაემართა ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია, რომელიც გამოიხატებოდა მაღალი სიცხეებით. საავადმყოფოში გადაყვანა მოგვიხდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა. მშობლებმა დასასვენებლად გურიაში წაიყვანეს, ბახმაროშიც ავიდნენ. ვთვლიდით, რომ ვირუსის შედეგად ჰქონდა ორგანიზმი დასუსტებული და ჰაერზე ყოფნა კარგად იმოქმედებდა. დახტოდა, თამაშობდა, მაგრამ თურმე თვენახევარი ეს დაავადება ფარულად მიმდინარეობდა.
ბახმაროში გახდა ცუდად – სუნთქვა გაუჭირდა, უმადობა და სისუსტე ჰქონდა და, რა თქმა უნდა, ჭირვეულობდა. თავიდან იფიქრეს, რომ ისევ გაცივდა, მაგრამ მდგომარეობა რომ არ შეიცვალა, მეორე დღეს გადაწყვიტეს თბილისში წამოსვლა.
დაუდგინდა მიოკარდიტი, რომელიც საშიში არ არის, თუ კარდიომიოპათიაში არ გადაიზრდება. 2 თვეც არ იყო გასული, რომ ეს დიაგნოზი დაისვა.
– არაფრით შეიძლებოდა ამ პროცესის შეჩერება და მიოკარდიტის მკურნალობა?
– სამკურნალო დანიშნულება არ არსებობს. შარდმდენებს ასმევენ და ცდილობენ, გული არ გადაიტვირთოს. ორგანიზმმა თავისით უნდა აალაგოს ეს პრობლემა. მიოკარდიტი ბავშვებში საკმაოდ ხშირია ვირუსული ინფექციის შემდეგ, მაგრამ თავისით ლაგდება. ჩვენ არაფერი დაგვიკლია, მაგრამ მაინც ასე მოხდა…
პრობლემა ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ხელოვნური გულის აპარატის ჩადგმა, გულის გადანერგვა.
– ანუ უცებ რომ გადანერგილიყო გული…
– დიახ. მერე შეიძლებოდა შეგუების და სხვა პრობლემა წარმოშობილიყო, რომელიც ასევე ლაგდება, მაგრამ ეს ვერ მოხდა. ვფიქრობდით, რამე ხომ არ შეგვეშალა-თქო, მაგრამ სხვა არაფერი შეგვეძლო იმის გარდა, რაც გავაკეთეთ. როცა წავიკითხეთ, რასთან გვქონდა საქმე, მივხვდით, რომ ვერაგ დაავადებას ვიყავით შეჭიდებული, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. იმედიც გვქონდა, რადგან ბავშვი ძალიან ძლიერი იყო.
რადგან საქართველოში არ ხდება გულის გადანერგვა, მივხვდით, უცხოეთში უნდა წაგვეყვანა, მაგრამ ეს უზარმაზარ თანხებთან იყო დაკავშირებული. დუხჭირი ცხოვრება არ გვაქვს, მაგრამ სახლებიც რომ გაგვეყიდა, ვერაფერს გავწვდებოდით. 300 000 მაინც უნდა გჭეროდა ხელში, რომ გასულიყავი ქვეყნიდან. გვირჩიეს, რომ ევროპაში ლტოლვილად ჩაბარებულიყვნენ და გარკვეული შეღავათები ექნებოდათ.
17 ოქტომბერს წავიდნენ მარიკო, გიორგი და ანიტა ავსტრიაში. შემდეგ გავიგეთ, რომ ყველგან, სადაც გულის გადანერგვა ხდება, გარკვეული რეგულაციები არსებობს და არაფრით გადაუნერგავენ ადამიანს, იმ ქვეყნის მოქალაქე თუ არ არის. თავისი ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებენ უპირატესობას და კიდეც რომ დაგაყენონ რიგში, მაინც ვერ მოასწრებ. უკვე წასულები იყვნენ, როცა ეს ამბავი გავიგეთ.
ყველა ქვეყანაში დავაგზავნეთ მიმართვები და ერთადერთი, რომელმაც პირდაპირ გვითხრა, რომ დრო არ დაგვეკარგა იქ ჩასვლით, რადგან კანონი არ მისცემდათ ჩვენი დახმარების საშუალებას, თურქეთი იყო. ასე აღმოჩნდნენ ბავშვები ფაქტობრივად ტყვეობაში.
– როგორ პირობებში უწევდათ ცხოვრება ავსტრიაში?
– საშინელ პირობებში. ბავშვი, რომელიც ერთი წუთით არ უნდა ყოფილიყო ექიმების ზედამხედველობის გარეშე და აპარატურაც სჭირდებოდა, გაუშვეს ბანაკში. ციხეში ალბათ უკეთესი პირობებია, ვიდრე იქ დახვდათ. წყალი რომ გაეცხელებინათ, იმის საშუალებაც არ ჰქონდათ. არადა ბავშვი უკვე მძიმედ იყო. დაზღვევის მსუბუქ პროგრამაში ჩასვეს, რაც საკმარისი არ იყო.
მარიკომ რომ დამირეკა, ასეთ პირობებეში ვართო და ვიდეომიმართვაც ჩაწერა, მეც დავწერე პოსტი, პრემიერთან მჭირდება კომუნიკაცია, იქნებ მიშველოთ-მეთქი. პრემიერის აპარატიდან მაშინვე დამიკავშირდნენ და იმ დღიდან 24 საათი ხაზზე იყვნენ, ასევე – საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულოს დეპარტამენტი. ყველა დაგვეხმარა, რომ ლტოლვილის სტატუსი შეჩერებოდათ და გადასულიყვნენ ინდოეთში, რადგან ეს იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც გულის გადანერგვა შეიძლებოდა.
არსებობს კანონი – მოგიხსნიან ლტოლვილის სტატუსს, მაგრამ გაგიშვებენ შენს ქვეყანაში, სხვაგან წასვლის უფლება არ გაქვს. ამას ბავშვი ფიზიკურად ვერ გადაიტანდა. არ ვიცი, რა და როგორ მოიმოქმედა ჩვენმა მთავრობამ, რომ შევძელით ინდოეთში წასვლა. კარგად იცით, როგორი შეუვალია ევროპის კანონები. პირველივე წუთიდან ჩაერთო პრეზიდენტი და არ დავიღლები მადლობის თქმით. ის, რომ შედეგი ვერ დადგა, არ ნიშნავს, რომ ამ ხალხის მადლობლები არ უნდა ვიყოთ.
შედეგი ალბათ იგივე იქნებოდა, მაგრამ ჩვენ გვექნებოდა განცდა, რომ შეგვეძლო, ინდოეთში ჩასვლით გადაგვერჩინა. ავსტრიაში გულის ხელოვნურ აპარატსაც არ დგამდნენ, რადგან ეს ავტომატურად გულის გადანერგვის რიგში ჩაყენებას ნიშნავდა. ჩვენი ტრაგედია ათმაგი იქნებოდა, ეს ყველაფერი რომ არ გამოგვსლოდა და საკუთარ თავსაც დავაბრალებდით, რომ ვერ შევძელით. ჩვენ ყველაფერი შევძელით.
პირველივე დღიდან, როგორც კი გაჟღერდა ეს ამბავი, თბილისის მერმა, კახი კალაძემ, საკუთარი ჯიბიდან გადმორიცხა ბავშვისთვის თანხა და გვითხრა, როგორც კი კალკულაცია გვექნებოდა, ბიუჯეტიდანაც დაგვეხმარებოდნენ. იმ ეტაპზე არ გვჭირდებოდა და ტყუილად ხომ არ გამოვართმევდით სახელმწიფოს, ამიტომ აღარ მიგვიმართავს.
გთხოვთ, ცალკე გამოყავით, რომ არსებობს დედამიწაზე სასწაული ადამიანი, ჩვენი ელჩი ინდოეთში – არჩილ ძულიაშვილი. მას სახელმწიფომ სთხოვა, კლინიკის სანდოობა გადაემოწმებინა და ბავშვებს დახვედროდა. ჩვენს შვილებს გვერდიდან არ მოსცილდა. ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ამხელა ტრაგედიით სრულიად უცხო ქვეყანაში აღმოჩნდა, გვერდით მამასავით, ძმასავით დაუდგა ჩვენი ელჩი.
ამ ადამიანმა მოიძია ვიღაც ბიზნესმენი, რომელმაც თანხის ნაწილი გაიღო. სრულად ჯერ კიდევ არ არის დაფარული კლინიკაში ყოფნის საფასური, მაგრამ თავდებში ჩაგვიდგა და ბავშვის წამოყვანა შევძელით. ამბობს, რომ თავად დაფარავს იმ თანხას. იმდენად შეეჩვია ანიტა, რომ ბაბუს უძახდა, რადგან სულ მათთან იყო.
– როგორი ბავშვი იყო ანიტა? როგორც ფოტოებიდან და კადრებიდან ჩანს, პრინცესასავით ზრდიდით.
– დიახ, მართლა პრინცესასავით ვზრდიდით. მერე კი მთელი ქვეყანა გადარია. რომ წაგაკითხათ, პირადში რა წერილებს ვიღებ… ეტყობა, ამ ბავშვს რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა. ცანცარა და მოძრავი იყო – 2 წუთი ვერ დასვამდი ერთ ადგილას. ახტებოდა, ჩამოხტებოდა, ჩაგიჯდებოდა კალთაში და 2 წუთში წამოხტებოდა. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლებოდა ასეთ ცოცხალ ბავშვს მსგავსი რამ დამართნოდა.
ფუფუნებაში იზრდებოდა იმ მხრივ, რომ ყველა მასზე ვიყავით მიჯაჭვული. ერთი სული მქონდა, სამსახური როდის დამიმთავრდებოდა, რომ მასთან მივსულიყავი. ყველაფერი გვერდით გავწიეთ და თავიდანვე მისთვის ვარსებობდით. ჩემთვის პირველი შვილიშვილი იყო, თან ორი ბიჭის დედა ვარ და გოგო სხვა იყო, მაგრამ მარიკოს მშობლებიც ასე იყვნენ. მათ კი ჰყავთ უფროსი შვილიშვილი.
ანიტა საოცარი ბავშვი იყო – თვალებს რომ დაგიბრიალებდა… გადაბმულად არ მეტყველებდა, გარკვეულ ფრაზებს ამბობდა. რაც ეს დიაგნოზი დაისვა, გვითხრეს, ერთმა გაციებამ შეიძლება დაგღუპოთო და ყველას და ყველაფერს ვარიდებდით. გასასეირნებლად რომ გავიყვანდით და ბავშვებს დაინახავდა, იქით იწევდა, მაგრამ არ ვაძლევდით უფლებას, ვინმეს მიახლოებოდა, რადგან გვეშინოდა.
ამან ხელი შეუშალა, უფრო სწრაფად წასულიყო ვერბალური განვითარება, მაგრამ ფრაზებს ამბობდა. სახელებს არქმევდა ნივთებს და გვახვედრებდა, რა უნდოდა. ძალიან უყვარდა სიმღერა, ცეკვა. ცდილობდა, მუსიკას აჰყოლოდა.
– როგორ არიან ანიტას მშობლები?
– ამ ყველაფერს უძლებენ იმ საქმით, რომელიც წამოიწყეს. უნდათ, ანიტას სახელით ბევრი კეთილი საქმე გააკეთონ. ჯგუფში “ანიტასთვის” იდება ინფორმაციები, რომ ვიღაცას დახმარება გაუწიეს, სადღაც პროდუქტები მიიტანეს. უპოვარ ბავშვს კანფეტიც რომ მიუტანონ და უთხრან, რომ ეს ანიტას სახელით არის, თითქოს პატარა შვებას გრძნობ.
რასაც მათ ეს თვეები გაუძლეს… ნორმალურ ადამიანად დარჩე იმის მერე, რითიც ეს ამბავი დასრულდა, ალბათ ფანტასტიკის სფეროა. ასეთ დროს ადამიანი ჭკუიდან რომ არ გადადის… მეც ამ ყველაფრის ორგანიზებაზე ვიყავი გადასული, 10-20-ჯერ ვრეკავდი სხვადასხვა უწყებებში და მერე ბოდიშიც მოვუხადე, რომ გამიძლეს. ალბათ მეც ამ აქტივობებმა გადამატანინა. ტვინი რომ გაქვს გადართული, რომელ კლინიკაში მოთავსდეს ბავშვი, როგორ და ვინ დაიხმარო, ეს გაძლებინებს, თორემ 24 საათი რომ დაჯდე და იფიქრო, რა გჭირს, ვერაფრით გაუძლებ.
ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები დრო დარჩე საკუთარ თავთან მარტო. მარიკოს და გიორგის მეგობრები და ახლობლები მარტო დარჩენის საშუალებას არ აძლევენ. ხუთშაბათს ბავშვი დავკრძალეთ და ორშაბათს სამსახურში მივედი. შვებულება მქონდა, მაგრამ სახლში ვეღარ გავჩერდი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარის თანაშემწე ვარ. დავურეკე თამარ ჟვანიას და ვუთხარი, უნდა გამოვიდე-მეთქი. ძალიან მზოგავენ სამსახურშიც.
მე კიდევ ის დამემატა, რომ შვილს ცალკე ვდარდობდი, შვილიშვილს – ცალკე. მარიკოც ჩემი შვილია, რა თქმა უნდა. ერთი, მე არ გავაჩინე, თორემ… დედამთილად არც მოვიაზრები. თვითონაც მითხრა რამდენჯერმე, არ მგონიხარ დედამთილიო. თბილი და ტკბილი ოჯახი აქვთ და მინდა, ამ გამოცდამ უფრო გაამყაროს მათი ურთიერთობა. სანამ ცოცხლები ვართ, სხვა რა გზაა.
– რა სპეციალობის არიან მარიკო და გიორგი?
– მარიკო ფილოლოგია, გიორგი ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სპეციალისტია. მარიკომ გადაწყვიტა, რომ ბავშვი წამოეზარდა და მერე ემუშავა.
საოცარი დედა იყო. ერჩივნა, თვითონ გაეზარდა ბავშვი. ამ ეტაპზე გიორგიც არ მუშაობს და ალბათ სასწრაფოდ სჭირდება სამსახური. ახლა ისეთ მძიმე მდგომარეობაში არიან, ალბათ დრო სჭირდებათ.
– ამხელა სამყარომ როგორ ვერ დაგიტია, პაწიავ; ბედნიერი ვარ, ისე შემავსო ანიტამო – სტატუსებში დაწერეთ.
– ვკითხულობ, რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ, მაგრამ პასუხი არ მაქვს. მარიკო ფეხმძიმედ რომ იყო, ვამბობდი, ბავშვი ოღონდ ჯანმრთელი იყოს და რას დავეძებ, ბიჭი იქნება თუ გოგო-მეთქი. ზედმეტად დაფეთებულები რომ ვიყავით, ალბათ ეს წინათგრძნობა იყო.
კლასიკური გაგებით, ამას ბედნიერება არანაირად ჰქვია, მაგრამ გარკვეული წილი ბედნიერებისა არის იმაში, რომ ამ მოკლე პერიოდში ანიტამ სიყვარულით გადაგვრია და გაგვაგიჟა. ამ სიყვარულს ეფერები და ამაში გრძნობ ბედნიერებას. ეს ძნელი ასახსნელია. სითბოსა და სიყვარულს სულ ვგრძნობ.
ვიცი, რომ ფიზიკურად არ არის და არც იქნება, მაგრამ რა გრძნობაც მის მიმართ მქონდა, სულ ჩემშია. ეს მონატრება სულ ჩემშია. თითქოს განფენილი იყო ყველგან, ახლა შეიკრა და შიგნით ჩამისვეს – ასეთი განცდა მაქვს. რთული ასახსნელია, მაგრამ ამას ვგრძნობ.
ამ სიბერეში ლექსების წერა დამაწყებინა. გაუსაძლისია მისი მონატრება და, როცა ამას ვეღარ ვერევი, ვჯდები და ანიტუკას ლექსს ვუწერ, ასე ვეფერები. ეს ლექსები თავისით მოდის, ტვინის განძრევაც არ მჭირდება.
– აქამდე არასოდეს დაგიწერიათ?
– ბავშვობაში როგორც ყველას, ალბათ მეც დამიწერია, მაგრამ ახლა, როგორც კი ანიტუკა მომენატრება, ვჯდები და ვწერ. ლიტერატურულ ღირებულებაზე პრეტენზია არ მაქვს, ესენია ლექსები-მოფერება. საოცარი მოთხოვნილება გვაქვს ყველას, რომ სულ რაღაცას ვაკეთებდეთ და სულ ანიტა არსებობდეს.
გაცემა გვსიამოვნებს, რადგან ხალხისგან ძალიან ბევრი მივიღეთ. ბავშვი ძალიან დამძიმებული იყო, მეშინოდა, მაგრამ მაინც მჯეროდა, რომ სასწაული მოხდებოდა. იმხელა ემოციამ და აჟიოტაჟმა, რაც ანიტას გარშემო იყო ატეხილი, ილუზიებში გადაგვაგორა. ვფიქრობდი, ამდენი ადამიანი ლოცულობს და ეს ამბავი ცუდად როგორ დასრულდება-მეთქი. ამ ზღაპრის მჯეროდა.
ეკლესია არ იყო ქვეყანაში, სადაც ანიტას ჯანმრთელობაზე არ ლოცულობდნენ. მეგონა, ამდენი ლოცვა-ვედრება უკვალოდ არ ჩაივლიდა. ხანდახან მგონია, რომ პარალელურ სამყაროში დავიწყე ცხოვრება.

