სპეციალისტები და სახელმწიფო მეთაურები შეთამხმდნენ იმაზე, რომ კორონავირუსის მართვის ყველაზე ეფექტური საშუალება, ისე, რომ ქვეყანა არ გაჩერდეს, სწრაფი ტესტირებებია. ისრაელში სადაზღვევო კომპანიებმა უკვე გააკეთეს მინი სამედიცინო პუნქტები და დაიწყეს ტესტირებები.
საქართველოს მოქალაქეები სოციალური ქსელით კითხულობენ, ქვეყანას ტესტების შეძენა უფრო ძვირი დაუჯდება თუ ათიათასობით ადამიანის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება და სამჯერადი კვება? – ეს არის ის კითხვა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად სვამენ.
გერმანია აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ამ ეტაპზე უკვე წარმატებით კონტროლდება და იმართება. ეს კი სწორედ სწრაფი ტესტირებით მოახერხა. პლუს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა ჯერჯერობით არც ერთ ეტაპზე არ გადატვირთულა. გერმანელი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს ყოველივე ძირითადად ინტენსიური ტესტირების დამსახურებაა, როგორც ადრეულ, ასევე შიდა გავრცელების ფაზებზე.
სწრაფი ტესტირების ეფექტურობის მაგალითი სამხრეთ კორეაცაა, რომელმაც უარი თქვა იმ ქალაქების დახურვაზე, სადაც კოვიდ-19-ი გავრცელდა. სამაგიეროდ, ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანს უტარებენ კორონავირუსის ტესტებს. ამისთვის ქვეყენაში გახსნილია საველე ლაბორატორიები,
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ლაბორატორიების არსებობით უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.
სამხრეთ კორეამ ამ ტესტის შექმნა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიების მოწყობა სულ 17 დღეში მოახერხა. საველე ლაბორატორიების სისტემა იმგვარად მუშაობს, რომ მათი ერთი ქალაქიდან მეორეში გადატანა იოლია. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კონკრეტულ ქალაქში კორონავირუსის ბევრი შემთხვევა გამოვლინდება.
სამხრეთ კორეელი მეცნიერები ამბობენ, რომ ინფიცირებულების გამოვლენა და შემდეგ იზოლაცია ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას ამცირებს და ინფექციის გავრცელებას უშლის ხელს.
პრევენციული ზომები სამხრეთ კორეაში არ ითვალისწინებს ქალაქების ბლოკირებას, დახურვას ან გადაადგილების შეზღუდვას.
შენობების დიდი ნაწილის შესასვლელში თერმული კამერები დგას, რომელიც მოქალაქეების ტემპერატურას აკონტროლებს. ლიფტებში არის სადეზინფექციო ხსნარები. მეტროებში კი არიან ადამიანები, რომლებიც მუდამ ახსენებენ მოქალაქეებს ხელების დაბანის აუცილებლობას.
მომზადებულია „ბიბისის“, „სიენენის“, ,,ახალი ხმის” მიხედვით

