კლინიკური იმუნოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბათუმელმა ექიმებმა გამოიყენეს ოზონოთერაპია (ნახეთ მასალა ბმულზე), რომელსაც, წინასწარი მონაცემებით, დიდი წარმატება ჰქონდა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენების ფონზე დაავადება გაცილებით ადრე ალაგდა, ვიდრე, არსებული პრაქტიკის მიხედვით, სტანდარტულად ხდება.
_მათ 4 პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს უკეთეს შემთხვევაში ვირუსი უქრებოდათ მე-13, მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს და ზოგს შეიძლება ორი თვის შემდეგ.
ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის, ყველამ იცის, რა არის, შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. არის დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს ოზონს, ხდება მისი გაზავება ხსნარში და ინტრავენურად გადაესხმება პაციენტს, – უთხრა ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
მკურნალობის ამ მეთოდს მთელ მსოფლიოში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი წერს, რომ ოზონოთერაპიას სწრაფი ეფექტი აქვს, მაგრამ შემდეგ შეუქცევად პროცესებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში.
,,ბატონი ცერცვაძის მიერ შემოთავაზებული ოზონის თერაპია ყველა თანამედროვე ქვეყანაში ითვლება პარამედიცინურ თერაპიად.
გერმანიაშიც ბევრია ე.წ. ოზონის ცენტრები.
2 წლის წინ მქონდა ერთი რუსული ფირმისაგან შემოთავაზება, რომელსაც იტალიასა და საფრანგეთში აქვს რამდენიმე ცენტრი და მთავაზობდა ჩემს ქალაქში ამ ცენტრზე ზედამხედველობას, კვირაში სამჯერ უნდა ,,გამოვჩენილიყავი” და მეთვალყურეობა გამეწია _ ყველა სხვა საქმეს სამედიცინო პერსონალი გააკეთებსო.
რა კეთდება?
სპეციალური აპარატის მეშვეობით ადამიანს უღებენ 250 მილილიტრ სისხლს, ამ აპარატში შედის ოზონი და სისხლს ერევა. ამის გამო სისხლი ხდება მოლურჯო მუქი ფერის და ეს სისხლი მერე 40 წუთის განმავლობაში უკან შედის ორგანიზმში.
ამ მეთოდის დროს არის ექსტრემალურად მაღალი ოქსიგენიზაცია, ანუ ჟანგბადის რაოდენობა. ოზონიანი სისხლი ხსნის უმცირესს კაპილარსაც კი. იწვევს ფლეშ მდგომარეობას, ანუ ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც მთაში _ იხსნება ყველა კაპილარი ფილტვში და ადამიანი სახეზე წითლდება. ოქსიგენიზაცია ექსორბიტალურად იმატებს.
რატომ არ გამოიყენება ეს მეთოდი ნორმალურ, კლასიკურ მედიცინაში?
1. მასობრივი ოქსიგენიზაციის მატება იწვევს თავისუფალი რადიკალების, უჯრედის ნარჩენი პროდუქტის მყისეულ მასობრივ გამოთავისუფლებას უჯრედული ელემენტებიდან უჯრედის სითხეში.
თუკი არაა ექსტრემალურად მაღალი ფაგოციტური სისტემა, ამ გამოთავისუფლებულ რადიკალებს ადვილად შეუძლიათ, დააზიანონ უჯრედის უმნიშვნელოვანესი ადგილი, სადაც მთელი უჯრედის გენეტიკაა, ანუ მისი ბირთვი. ამ რადიკალებმა თუ კონცენტრაციის გამო ბირთვში შეაღწია და იქ დნმ დააზიანა, ადამიანს ექნება შესაბამისი პრობლემები და ეს დაახლოებით დასხივების მსგავსი მოვლენებია, რომლებიც პრობლემებს იწვევს გარკვეული დროის მერე, როცა ორგანიზმს უჯრედთა განახლება სჭირდება.
ანუ მოკლე დროში უმჯობესდება სიტუაცია და გარკვეული დროის მერე უჯრედების გამრავლების, რეგენერაციის ფუნქცია ყოველი ახალი უჯრედის წარმოქმნისას კატასტროფულად მცირდება.
2. შემდეგი უარყოფითი შედეგია თავად ფილტვის ფუნქცია. რომ წარმოვიდგინოთ, ფილტვის კაპილართა 40% არის დახურული, ანუ ეს რეზერვია. წარმოიდგინეთ, რომ ერთდროულად და მყისიერად იხსნება ეს კაპილარული სისტემა. ანუ რა ხდება _ ფილტვი სისხლით იბერება, ალვეოლები სისხლით ივსება, ერთი მხრივ და, მეორე მხრივ, ის გახსნილი კაპილარი უკვე არასოდეს დაიხურება ან ძნელად იხურება.
ეს იწვევს ასევე გარკვეული დროის მერე ფილტვის პრობლემებს, სუნთქვის პრობლემებს. ოზონის გარეშე ჩვეულებრივ ფილტვის კუნთებს და სასუნთქ სისტემას არ შეუძლია ამდენი მოწოლილი სისხლის ჟანგბადით კარგად მომარაგება. ეს იწვევს ხანგრძლივი დროის განმავლობაში თანდათანობით ჟანგბადის უკმარისობას და ადამიანის ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას. ასეთი ადამიანი ფაქტობრივად ,,ოზონის პაციენტია” და 2 ან 3 თვეში აუცილებლად მოგაკითხავთ. აი, მაშინ ,,რა კარგი იყო და ახლა უკვე ისევ ცუდად ვარ” _ ეს სიტუაცია რამდენიმე წელი გასტანს და ბოლოს ადამიანი მიდის კლასიკურ მედიცინასთან სამკურნალოდ. ბევრი მინახავს ამგვარი შემთხვევაც.
3. კიდევ ერთი პრობლემაა ფილტვის არტერიული წნევის კატასტროფული მატება. კარგი და ძლიერი გული ამას უძლებს. სუსტი გული კი ფილტვის შეშუპებას იწვევს. ამიტომაცაა აუცილებელი ასეთ ,,ოზონის ცენტრებში” ექიმი, კლასიკური ექიმი.
4. კიდევ ერთი და ალბათ მთავარი პრობლემაა არა ჟანგბადი, არამედ ის, რაც ამ ზედმეტი ჟანგბადისგან წარმოიქნება და რაც ორგანიზმმა უნდა გამოიტანოს და ესაა ნახშიროჟანგი.
ოზონის თერაპიისას ნახშიროჟანგიც მაშინვე იკლებს, ჟანგბადი, ანუ ოქსიგენიზაცია ფილტვში და სხეულში იმატებს და ნახშიროჟანგი დასაწყისში იკლებს. ეს სასიამოვნო ეფექტია, შვების მომცემი. თუმცა არც თუ იშვიათად ეს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას იწვევს.
დიდი რაოდენობით ჟანგბადის დროს ტვინი ამას აღიქვამს, როგორც ბრძანებას: ,,არ ისუნთქო!”. ანუ სუნთქვის ცენტრი დათრგუნოს. ამიტომაც ოზონის თერაპიისას ადამიანებს ეუბნებიან, სუნთქვა არ დაავიწყდეთ. ვიცით, რომ გულის ცემაზე გავლენა ადამიანს ნაკლებად აქვს, მაგრამ სუნთქვა შეუძლია ბრძანებისამებრ და როგორც უნდა, თუკი გონები არ დაკარგა.
თუმცა ეს ზედმეტი ჟანგბადი კი არ არის უმთავრესი პრობლემა, არამედ ეს ჟანგბადი ხომ შევიდა ორგანიზმში, გაიარა მთელი ციკლი და გამოიწვია ბევრი ნახშიროჟანგის პროდუქცია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ტვინისთვის ნახშიროჟანგი არის სუნთქვის ცენტრის მასაზრდოებელი და ამიტომაც ზედმეტად იმუშავებს, მეორე, ზედმეტი ჟანგბადით გამოწვეულმა პროცესებმა ზედმეტი ნახშიროჟანგი გამოიწვიეს და ესეც ზრდის ნახშიროჟანგის რაოდენობას. ეს კი მთლიანად ორგანიზმის სისტემებს ცვლის და თითქმის ყველა მნიშვნელოვან ორგანოზე აქვს გავლენა.
ასე რომ, ,,ცერცვაძის აღმოჩენილი ან ბათუმში აღმოჩენილი ოზონის თერაპია ახალი არაა და ამერიკელებმა ეს დაუშვეს მხოლოდ უმძიმესი, უკვე თითქმის სასიკვდილოდ გადადებული ადამიანებისთვის, როგორც ალტერნატივა, რომ როგორმე ქსოვილებთან ჟანგბადი მიიტანონ.
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ან მართვით სუნთქვაზე სტაბილური პარამეტრებით მყოფი პაციენტებისათვის ეს არაა ალტერნატივა, არამედ მოცდა და მხოლოდ სიმპტომური თერაპიაა საჭირო.
თუკი უკვე ადამიანს ვერაფერს შველი, რა თქმა უნდა, შეგიძლია გამოიყენო.
ახლა ბუნებრივი კითხვა:
თუკი ასე საშინელია ეს ოზონის თერაპია, რატომაა გერმანიაში, გინდაც არა ექიმების მიერ, ან ზოგიერთ კერძო ან ალტერნატიულ კლინიკაში დაშვებული?
უპირველესად, იმიტომ, რომ დადგენილია მკაცრი საზღვრები და კრიტერიუმები _ დოზა, ხანგრძლივობა, სიხშირე და ეს დოზები ფაქტობრივად ისე მინიმალურია, რომ ეფექტიც, შესაბამისად, მინიმალურია და გვერდითი მოვლენებიც. უფრო ფსიქოთერაპიული ფუნქცია აქვს.
მეორეც, პაციენტი აწერს ხელს, რომ ის შეიძლება დაიღუპოს კიდეც და ეს ყველაფერი ხელშეკრულების სახით ფორმდება კლინიკას, ექიმსა და პაციენტს შორის. ამ თერაპიას არც ერთი დაზღვევა არ ანაზღაურებს და კერძოა, ანუ პაციენტი იხდის და პაციენტს შეუძლია გააკეთოს, რაც სურს, როგორც იურიდიულ დამოუკიდებელ სუბიექტს”, _ წერს იაგო ფრანგიშვილი.
