ჟურნალი ,,სარკე”, ავთო ჩიტიძე
,,კორონავირუსის პერიოდი ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა, ასეთი მაგარი ამბები გვაქვს”, – დაწერა მსახიობმა, მომღერალმა და ტელეკომპანია ,,ფორმულას” დილის გადაცემის წამყვანმა, გიორგი ცხადაძემ და ყველას ახარა, რომ მალე მამა გახდება – მას და სალომე ლემონჯავას გოგონა ეყოლებათ.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი 5 წელზე მეტია დაოჯახებულია, მათთვის შვილის მოლოდინი მაინც სიურპრიზი იყო. ბავშვისთვის ჯერ ოთახი ვერ მოაწყვეს, რადგან მაღაზიები დაკეტილია და ვერც სახელზე თანხმდებიან. იმედი აქვთ, რომ შვილის დაბადებამდე ნივთების ყიდვასაც შეძლებენ და მის სახელზეც შეჯერდებიან.
გიორგიმ ,,სარკეს” თავისი ცხოვრების დიდი მოლოდინის ემოცები გაუზიარა.
– გიორგი, მალე მშობელი გახდებით. როგორ მიიღეთ ეს სიახლე?
– ჯერ კიდევ არ მაქვს გააზრებული ის ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება. ვგრძნობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, თუმცა სრულად ალბათ მაშინ გავაცნობიერებ, როდესაც ბავშვი დაიბადება.
სასწაულია, როდესაც შენი ნაწილი გადადის სხვა არსებაში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წლის ოჯახი გვაქვს, შვილის ყოლას ჯერ კიდევ არ ვგეგმავდით. იმდენად დატვირთული რეჟიმი გვქონდა, რომ ბავშვის ადგილს ჯერ ვერ ვხედავდით. ეს ამბავი მოულოდნელი იყო ჩვენთვის, მაგრამ სასიამოვნო მოულოდნელობა და დიდი სიხარული აღმოჩნდა.
– რა იყო თქვენი პირველი რეაქცია, როცა გაიგეთ, რომ მალე მამა გახდებოდით?
– სანამ ექიმთან ექოსკოპიაზე არ წავედით, არ ვიჯერებდით, რომ შვილი გვეყოლებოდა. ბავშვის სქესს სანამ გავიგებდით, ყველა გვეუბნებოდა, სალომეს ბიჭის მუცელი აქვსო. მე კი ყოველთვის მინდოდა, რომ პირველი გოგო მყოლოდა.
სალომეც დარწმუნებული იყო, რომ ბიჭი გვეყოლებოდა. ექიმთან რომ მივედით, ვთხოვეთ, ბავშვის სქესის შესახებ ინფორმაცია დახურული კონვერტით მოეცა, რომ შემდეგ საზეიმო ვითარებაში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაგვეგო.
გვინდოდა, ჩვენთვისაც სიურპრიზი ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოვითმინეთ და კლინიკაშივე გავხსენით, ეს საიდუმლო სახლამდეც ვერ მოვიტანეთ, სამაგიეროდ, კლინიკაში ისეთი ემოციები გვქონდა, კაბინეტებიდან გამოცვივდნენ.
– ამ მოლოდინმა რა გავლენა იქონია თქვენს ურთიერთობებზე?
– ერთმანეთის გვერდით თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ. გაცნობიერებული გვაქვს, რომ ბავშვის დაბადება ჩვენს ურთიერთობაში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს. ერთმანეთისთვის იმდენი დრო აღარ გვექნება, რამდენიც ახლა, მაგრამ ის დიდი ბედნიერება, რაც წინ გველოდება, ყველანაირად გვამშვიდებს.
– სალომეს ორსულობისას სირთულეები და თავისებურებები ხომ არ ახასიათებს?
– სალომე ძალიან მომთხოვნი გახდა, განსაკუთრებით – პირველ პერიოდში. მისგან ყოველთვის დიდი ხელშეწყობა მქონდა, რომ ჩემი საქმე კარგად მეკეთებინა. არასდროს გაუპროტესტებია, რომ კარიერას დიდ დროს ვუთმობდი, მაგრამ ორსულობისას სხვა ინსტინქტები განუვითარდა, სულ ითხოვდა, რომ მის გვერდით მეტი დრო გამეტარებინა.
საბედნიეროდ, მისი ხასიათის ეს სირთულე ორი თვე გაგრძელდა. ეს კორონავირუსიც საინტერესოდ დაემთხვა, რადგან სახლში ყოფნისა და მუშაობის რეჟიმზე გადავედით
– როგორია თქვენი ცხოვრება შეზღუდულ პირობებში?
– ძალიან რთულია სახლში ცხოვრების რეჟიმი, განსაკუთრებით ჩვენნაირი აქტიური ადამიანებისთვის, მაგრამ შევეგუეთ. სალომეს ორსულობაც გვეხმარება, რომ ნაკლებად ვინერვიულოთ იმაზე, რაც სამყაროში ხდება. საკუთარ თავზე ვმუშაობ, ვუყურებთ ღირებულ ფილმებს, რომელთათვისაც დროს ხშირად ვერ ვნახულობდით. ვკითხულობთ წიგნებს, ბავშვს ვასმენინებთ მუსიკას, მეც ვუმღერი ხოლმე და ეს აქტივობა ძალიან მოსწონს. ვვარჯიშობთ და ჯანსაღად ვიკვებებით.
ხანდახან სასეირნოდ დავდივართ, ოღონდ ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანები არ არიან. ვთამაშობთ სამაგიდო თამაშებს.
21-ე საუკუნეში ფიქრის პრობლემა იყო, ახლა კი მეტად დავიწყე ფიქრი და ბევრი რამ გადავაფასე. რა თქმა უნდა, ძნელია ამ შეზღუდვებით ცხოვრება, თუნდაც ის, რომ ჩვენი ბავშვისთვის ვერაფერს ვყიდულობთ, რადგან ყველაფერი დაკეტილია და ონლაინ მომსხურებაც აიკრძალა.
ადამიანებთან ცოცხალი კონტაქტი მაკლია. ვფიქრობდით, რომ ონლაინ სპექტაკლები გაგვეკეთებინა, ვცადეთ კიდეც, მაგრამ არ მოგვეწონა. ეს ის არ იყო.
– ალბათ ახალ სიმღერებზე მუშაობა უფრო ადვილია სახლის პირობებში.
– სიმღერებზე ვმუშაობ, რა თქმა უნდა, არანჟირების გარეშე. ბევრ ექსპერიმენტს ვატარებ და ბევრ გეგმას ვაწყობ და, როგორც კი დამთავრდება თვითიზოლაციის პერიოდი, მაშინვე ძალიან აქტიური გავხდები მუსიკაში.
– ხართ მსახიობი, მომღერალი, ტელეწამყვანი. კიდევ მოსინჯავთ საკუთარ თავზე რაიმე პროფესიას?
– ძალიან მინდა, რომ მუსიკალური დრამის სპეციალობა ვისწავლო ევროპაში. მიუზიკლი ძალიან მიყვარს და ჩემს მომავალს აქეთაც ვხედავ. 21-ე საუკუნეში მსახიობმა მაყურებელს ტექსტთან ერთად შოუც უნდა აჩვენო.

