ჟურნალი ,,სარკე”, ლელა დევდარიანი
სამოდელო აკადემია ,,კატრინის” ხელმძღვანელი ეკატერინე მგალობლიშვილი უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებს აკეთებს, სილამაზის კონკურსებსა და ფესტივალებს ატარებს. ამ სფეროში სკოლის ასაკიდან ჩაერთო და წარმატება ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა მასთან. თვლის, რომ ბევრ რამეში გაუმართლა, პირველ რიგში კი, ადამიანებში.
ორი ქალიშვილის დედაა. ლრი განქორწინების მერე პირადი ბედნიერება ოჯახის მესამედ შექმნის შემდეგ იპოვა. გვერდით ჰყავს მამაკაცი, რომელიც ყველაფერში უგებს და მუდამ მზად არის, ყველაფერში ხელი შეუწყოს. თავის ქალურ და საქმიან გამოცდილებაზე ეკატერინე “სარკეს” გულახდილად ესაუბრება.
– ქალბატონო ეკატერინე, თქვენი ხელმძღვანელობით არაერთი საერთაშორისო პროექტი ხორციელდება. ცოტა ხნის წინ “ბილტმორში” სილამაზის კონკურსი “მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი” ჩატარდა. მოგვიყევით, როგორ ჩაიარა ღონისძიებამ.
– საქართველოში ჩემი ხელმძღვანელობით უკვე მე-7 წელია სხვადასხვა საერთაშორისო პროექტები ხორციელდება, მაგალითად, როგორებიც არის – “მის და მისტერ პლანეტა”, “საბავშვო ფორუმი”, ფესტივალი “მსოფლიოს საუკეთესო პრინცი და პრინცესა”, სამოდელო კონკურსი “მსოფლიოს მოდელი თინეიჯერი” და საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონია “მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი”, რომელიც საქართველოში წელს 16 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით გაიმართა.
სხვა პროექტების მსგავსად, ესეც დატვირთული იყო ისეთი აქტივობებით, როგორებიცაა ნაციონალური სამოსის ტური, მეგობრობის საღამო, ინტერვიუ ჟიურისთან, საქველმოქმედო საღამო. მოწვეული გვყავდა სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერები და ქართველმა დიზაინერებმაც მიიღეს მონაწილეობა. ესენი არიან ფატუნა, თეო თავდგირიძე, ტატანა და სხვები.
ამ პროექტის ფარგლებში დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თუნდაც ერთი მარცვალი ჩადო პროექტის განვითარებაში. ამას მარტო ვერ შევძლებდი. შემიძლია ვთქვა, რომ პროექტმა წარმატებით ჩაიარა. რამდენიმე დღეა, რაც დამთავრდა და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ისევ მწერენ, აინტერესებთ, კიდევ როდის ჩატარდება.
ამჯერად მინდა, სტუმრებმა ბორჯომი ნახონ. საქართველოდან ერთადერთი ქართველი ვარ, რომელიც მონაწილეობს იმ საერთაშორისო კონკურსებსა და სამოდელო ფესტივალებში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება. 35 ლიცენზიას ვფლობ. “ბილტმორში” სცენაზე გამოვიდნენ 30 წლიდან 65 წლამდე ქალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მათ თავიანთი დიზაინერების მიერ შექმნილი ეროვნული სამოსი წარადგინეს. საქართველო მათ წელიწადში 4-ჯერ მასპინძლობს.
– სანამ თქვენთან ასეთი წარმატება მოვიდოდა, რა გზა გაიარეთ და, საერთოდ, რატომ გადაწყვიტეთ, ამ სფეროში ყოფილიყავით?
– ძალიან დიდი ხელშეწყობა მქონდა. პატარაობიდან ისე ვიზრდებოდი, რომ ვიცოდი, პრინცესა ვიყავი და ეს ნამდვილი მეგონა. ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, წმინდა ნინოს სახელობის მე-3 გიმნაზია დავამთავრე.
14 წლის ასაკში, მაშინ, როდესაც მსგავსი რაღაცები თითქმის არ ტარდებოდა, სკოლის დირექტორთან შევედი და ვუთხარი, ბატონო ნოდარ, მე მინდა მესხიშვილის თეატრი და თუ შეიძლება დამეხმარეთ, რომ იჯარით ავიღო-მეთქი. გადავწყვიტე, მე თუ პრინცესა ვიყავი, ჩემ ირგვლივ სხვა პრინცესებიც აღმომეჩინა და გამეკეთებინა ქუთაისის “პრინცი და პრინცესა”. ამისათვის კი თეატრი მჭირდებოდა.
სასწავლო ნაწილის გაოცებული თვალები არ მავიწყდება.
– ოცნების განხორციელებაში დაგიდგნენ გვერდით?
– ბატონი ნოდარი დამეხმარა და ჩავატარე ქუთაისის ,,პრინცი და პრინცესა”. ქუთაისიდან ეტაპობრივად გადავედი დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში, აღმოსავლეთშიც და მერე ჩვენს ქვეყანასაც გავცდი.
15 წლის წინ მივიღე პირველი ლიცენზია და ეს იყო “მის და მისტერ მსოფლიოს თინეიჯერი”. სხვათა შორის, მე და თამუნა გომართელმა ერთად გავაგზავნეთ მსოფლიოს საბჭოში, რა მქონდა გაკეთებული წლების განმავლობაში და რატომ ვითხოვდი ლიცენზიას.
ეტაპობრივად დავიწყე, ჯერ გავხდი ეროვნული დირექტორი, შემდეგ საბჭოს წევრი, ჟიურის წევრი და დღეს ოთხი საკუთარი საერთაშორისო ფესტივალი და კონკურსი მაქვს. ასევე ვხელმძღვანელობ მოდის აკადემია “კატრინს”, სადაც ვაჟებს და გოგონებს შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ როგორც ადგილობრივ კონცერტებში, სატელევიზიო პროექტებსა და გადაცემებში, ასევე საერთაშორისო ფესტივალებში, 100-მდე ქვეყანაში ვართ გაწევრებული.
ამ კონკურსების დირექტორები ვემსახურებით ქვეყნებს შორის მეგობრობას, ურთიერთობას, ვსწავლობთ ერთმანეთის კულტურას. ერთი დღე გვაქვს, რომელსაც მეგობრობის საღამო ჰქვია და ყველა საკუთარი ქვეყნის პრეზენტაციას ახდენს – სამზარეულოთი, სიმღერებით, ცეკვებით, ვიდეორგოლებით.
2 კვირის წინ ინდოეთში ვიყავი. კონკურსზე იქაური მერი გვესწრებოდა, არაჩვეულებრივი ადამიანი და მას აჭარული ვაცეკვე. როდესაც მეგობრობის საღამო დამთავრდა, მითხრა, როგორი ლამაზი მუსიკა და ცეკვა გაქვთ ქართველებსო.
ბათუმში, ბულვარში გამოგვიყვეს ერთი კუთხე, სადაც გამწვანების აქციას ვაკეთებთ. ყველა ქვეყნის წარმომადგენელს ჩამოაქვს განსხვავებული მცენარე და იქ ვრგავთ. მეგობრობის კუთხე დავარქვით ბულვარში.
ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, ვცდილობ, პირველ რიგში, საკუთარ თავს და ჩემ გვერდით მყოფ ადამიანებს მაქსიმალურად გავულამაზო. სხვათა შორის, ოჯახშიც ხმის მშვიდი ტონი მაქვს. თუ ავუწიე, მერე უკვე ვამთავრებ ყველაფერს.
– რაც უფრო აქტიურია ადამიანი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, მით მეტი დაბრკოლება ხვდება. თქვენ რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ?
– სირთულეები ყოველთვის არის, მაგრამ ჩემს შემთხვევაში უმნიშვნელო იყო. უბრალოდ, ნებისმიერი საქმე მაღალ დონეზე რომ გამოვიდეს, ბევრი უნდა იშრომო. ეს საქმე ძალიან შრომატევადია და მე ვარ მაქსიმალისტი – ან ყველაფერი, ან არაფერი.
პატარაობისას ჩემი მოწოდება იყო, რამე მქონოდა საკუთარი. იყო პერიოდი, როდესაც საკუთარი ბაღი მქონდა, საკუთარი ფოტოალბომების რედაქტორი ვარ, ძალიან ბევრი საქველმოქმედო ღონისძიების ხელმძღვანელი… ყოველთვის ვცდილობდი, რამე გამეკეთებინა, მაგრამ ჩემი, რადგან სხვის დაქვემდებარებაში ყოფნა არ შემიძლია.
– ამ ყველაფრის მიღმა როგორია წარმატებული ქალის პირადი ცხოვრება, გვიამბეთ ოჯახზე.
– შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა. ჩემი მეუღლე არის მამუკა ჩოქური, რომელიც 24 საათიან რეჟიმში ჩემ გვერდით დგას. არასოდეს მიქმნის პრობლემას, პირიქით, მაქსიმალურად მეხმარება. ორი არაჩვეულებრივი გოგონა მყავს.
– სად გაიცანით მომავალი მეუღლე, როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი?
– ჩვენი გაცნობის ამბავი არის საოცარი! მამუკა თეთრიწყაროს რაიონის გამგებელი იყო. მე მალტაში მქონდა სამოდელო კონკურსი, თეთრიწყაროში ცხოვრობდა თიკა ბაბლუანი – ჩვენი ერთ-ერთი მოდელი, რომლის მალტაში გამგზავრების ხარჯები რაიონის გამგეობამ დაფარა. წავედით მალტაში და გავიმარჯვეთ.
თიკას მამამ გადაწყვიტა, რომ მე, კრისტი და მთელი ჩვენი გუნდი მივეწვიეთ თეთრიწყაროში და გადავწყვიტე, გამგებელიც მოგვენახულებინა, მადლობა გადაგვეხადა.
ნიკოლოზობა იყო. გამგეობაში ჩემს გუნდთან ერთად მივედი. მამუკა კიბეებზე ჩამოდიოდა. მითხრა, თუ შეიძლება, კაბინეტში დაგველოდეთ, ხატი ჩამოაბრძანეს, ტაძარში მივდივარ და 10 წუთში დავბრუნდებიო. ვუთხარი, მეც მინდა ტაძრში, მეც მოვილოცებ-მეთქი. ასეც მოხდა. შემდეგ კაბინეტში ვისაუბრეთ და მამუკა მეოთხე დღეს ჩამოვიდა თბილისში. დამირეკა, შევხვდით და ხელი მთხოვა.
იმდენად შოკირებული ვიყავი, ვუთხარი: “ბატონო გამგებელო, ვერ გავიგე”. მაშინ არ დავთანხმდი, მაგრამ მერე იმდენად მალე მოხდა ყველაფერი, რომ ვამბობ, უფალმა გამოგვგზავნა ერთმანეთისთვის-მეთქი.
მამუკა შემდეგ იყო სამგორის რაიონის გამგებელი. უკვე მესამე წელია არ მუშაობს. მას ბევრი დადებითი თვისება აქვს, ძალიან კეთილი და განათლებულია. მეშვიდე წელია ცოლ-ქმარი ვართ და არასდროს გვიკამათია. მე ვიცი, მას რა უყვარს და მან იცის, მე რა მიყვარს. ერთმანეთს პატივს ვცემთ და მშვიდად ვცხოვრობთ.
– როგორც ვიცი, თქვენს შვილებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა.
– მე და ჩემი უფროსი ქალიშვილი, თათული გურეშიძე, ერთად გავიზარდეთ. ის 26 წლისაა. 16 წლის ვიყავი, რომ შემეძინა. ანასტასია ბაკურაძე 33 წლისამ გავაჩინე და თავისუფალი დრო თუ მაქვს, მთლიანად მას ვუთმობ.
– ანასტასია უკვე წარმატებული ბავშვია სამოდელო სფეროში. ამის შესახებ “სარკეც” წერდა.
– ანასტასიამ ტაილანდში გაიმარჯვა, სადაც 103 ქვეყანა მონაწილეობდა და ჩვენ გრან პრი ჩამოვიტანეთ. არ მინდა, შვილზე ვილაპარაკო, მაგრამ განსხვავებული ბავშვია. ძალიან კარგად მღერის, ცეკვავს. ბრიტანულ სკოლაში სწავლობს, საუბრობს ინგლისურად, რუსულად. ბევრი კარგი მონაცემი აქვს. მიწვეულია მოდის კვირეულებზე და დიზაინერები აქეთ უხდიან ფულს. მთელი რესურსი ანასტასიაში გვაქვს ჩადებული.
– უფროს გოგონას არ აქვს სურვილი, რომ დედის გზას გაჰყვეს?
– იყო პერიოდები, როდესაც ძალიან უყვარდა სცენა, წამყვანიც იყო, მღეროდა, ცეკვავდა. შემდეგ გათხოვდა და თქვა, თუ სიმღერას გავაგრძელებ, მინდა, ჩემი ბენდი მყავდეს და განსხვავებული სტილი მქონდესო. სხვა მოთხოვნილებები აქვს, სხვაგვარად უყურებს ყველაფერს.
– თათული ფაქტობრივად ბავშვს გაგიჩენიათ. როგორი იყო დედობა 16 წლის ასაკში?
– თათულისთან ბავშვური პერიოდები მაკავშირებს. ჩემი თაობა თოჯინებით თამაშობდა და ბავშვს ძალიან ლამაზად ვახვევდი. ჩემი დედამთილი სახლს რომ დაალაგებდა, დავაჯენდი მას, მეზობლებს და მოდის ჩვენებებს ვუტარებდი. მე და თათული ვართ დედა-შვილიც და დაქალებიც.
ანასტასია რომ გამიჩნდა, დედობის გრძნობა გამძაფრებულად მქონდა. თათულის თუ დედამთილს ვუტოვებდი და მეგობრებთან მივდიოდი, ანასტასიას წამითაც ვერ ვტოვებდი. როდესაც დამხმარე ქალი ავიყვანე, ვუთხარი, სადაც ვივლიდი, მათაც ჩემთან ერთად უნდა ევლოთ.
გოგო 16-17 წლის ასაკში არ უნდა გათხოვდეს. ჩემი რჩევაა, 25 წლის მერე გათხოვდეს, ბიჭი კი 30 წლის მერე დაქორწინდეს.
– თქვენ რა გადააფასეთ და რას მიხვდით წარუმატებელი ქორწინებებიდან?
– დიდი გამოცდილება მომცა. დღეს მეცინება იმ ყველაფერზე, რაზეც მაშინ მეუღლესთან კამათი მომდიოდა. მე სულ ვსწავლობ. არასდროს მეთაკილება, რაც არ ვიცი, ვიკითხო, რა შეცდომაც დავუშვი, იგივე არ გავიმეორო და შეცდომის აღიარების უნარიც მაქვს.
– თქვენს იმიჯზე, ჩაცმულობაზე თავად ზრუნავთ?
– სხვა ქვეყნებში როცა დადიხარ, არ არსებობს, რაიმე ბრენდი არ იყიდო. ხანდახან დიდი ფასდაკლებებია და ვყიდულობ. მიყვარს ბრენდები, განსაკუთრებით ჩანთა, ფეხსაცმელი, სათვალე და საათი. ისე კი, უპირატესობას ქართველ დიზაინერებს ვანიჭებ. სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე ჩემს სამოსზე უთქვამთ, რა ლამაზიაო და საქართველოში როცა ჩამოსულან, შეუძენიათ.
– ისეთ სფეროში ხართ, ყოველთვის ლამაზად უნდა გამოიყურებოდეთ. რას აკეთებთ ამისთვის?
– ყველაფერი გენეტიკურია. ჯერჯერობით არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ გამიკეთებია, არც ბოტოქსი. მხოლოდ ერთი კბილი მაქვს დაპლომბილი. 42 წელს გადავაბიჯე და ვფიქრობ, რაღაც პროცედურები დავიწყო. სახესაც არ ვიწმენდ კოსმეტოლოგთან, ბუნებრივი საშუალებებით ვუვლი.
ბებია თავადის ქალი მყავდა და ფერუმარილს აკეთებდა ხოლმე. 75 წლის ასაკში გარდაიცვალა და ერთი ნაოჭი არ ჰქონია სახეზე. მასწავლიდა მჭადის ფქვილით სახის გაწმენდას, ასევე – ზეთით, ლიმონით, თაფლით.
40 წელს რომ გადავცილდებით, პირველ რიგში, ძილი უნდა მოვიწესრიგოთ. ძალიან მიყვარს მასაჟი და მასზე არც ერთ ქვეყანაში ვიტყვი უარს.
