რუსუდან ადვაძე, სარკე
გორელი მსახიობი, მარი არღუთაშვილი, რომელიც სერიალ “იდეალურ დედაში” მრავალშვილიანი დედის, ნათიას, როლს ასრულებს, თავადაც ბევრ შვილზე ოცნებობს და უნდა, რამდენჯერმე ტყუპი ბავშვებიც კი გააჩინოს.
მარი ფართო საზოგადოებამ სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებით გაიცნო, როცა მომღერალ გოგიტა გოგიძის სიმღერაზე “არ წახვიდე, არ დამტოვო” პაროდიას აკეთებდა. “მეგობრებო, როგორ ხააართ?” – ამ ფრაზამ დიდი ფურორი და სრული ისტერიკა გამოიწვია. შეიქმნა ქოუბები და კლიპები. მარის ახლა იმ ამბის გახსენება აღარ სურს, რადგან ამბობს, რომ ამ თემით ღიზიანდება…
– მარი, შეუძლებელია, თქვენთან საუბარი არ დაიწყო კითხვით – “როგორ ხართ?”
– აღარ ვსაუბრობ ამ ყბადაღებულ თემაზე.
– რატომ? ძალიან პოპულარული გაგხადათ ამ ამბავმა.
– კი, მაგრამ ამაზე აღარ ვსაუბრობ. თავის დროზე იმდენი რამ ითქვა, რომ გაღიზიანებამდე მივედი და, ვფიქრობ, საინტერესოც აღარავისთვის არის.
– როგორც ვიცი, საკმაოდ დატვირთული მსახიობი ხართ. სერიალი “იდეალური დედა”, გორისა და “რუსთაველი 19”-ის თეატრები, სადაც საკმაოდ ბევრი როლი გაქვთ…
– დიახ, მაგრამ ამ საახალწლოდ ძალიან ხანგრძლივი დასვენება გამომივიდა. სერიალის გადაღებაც შეჩერებულია და თეატრში საახალწლო სპექტაკლში დაკავებული არ ვყოფილვარ. ასეთი დასვენებები დიდად არ მომწონს. 2-3 დღეზე მეტ დასვენებას ვერც ვიტან, არ მიყვარს პასიური პერიოდები.
მალე განახლდება სპექტაკლების ჩვენება და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები გორშიც და თბილისშიც. გადაღებებისა და სპექტაკლების რეპეტიციების გარდა, რა უნდა ვაკეთო ხოლმე, არც ვიცი.
– რამდენად მნიშვნელოვანია მსახიობისთვის სერიალში თამაში?
– ჩემთვის პოპულარობა იმდენად არ არის იდეაფიქსი, რომ არც მიფიქრია, “იდეალური დედა” ამისთვის გამომეყენებინა. ჩემთვის სერიალი კიდევ ერთი სასიამოვნო პროცესია, რადგან ძალიან კარგ გუნდთან ვმუშაობ. კარგია, თუ სტაბილურ პერსონაჟს თამაშობ და არა – ეპიზოდურს, რადგან შენს გმირს აცოცხლებ, ავითარებ, გარკვეულ ფერებს ამატებ და ა.შ. მაყურებელსაც უფრო მეტად უყვარდები, თუმცა ალბათ პერსონაჟსაც გააჩნია. ნათია მაყურებელს ძალიან უყვარს და ხალხისგან დიდ სითბოსა და დადებით ემოციებს ვგრძნობ.
– ჰგავხართ ნათიას, თქვენი თვისებებიდან ამ პერსონაჟში რაიმე გადაიტანეთ?
– საერთოდ არ ვგავარ, აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპები ვართ. ნათია ძალიან ღვთისმოსავია. მრავალშვილიანი დედაა, რომელიც ყველა პრობლემას მსუბუქად უყურებს. ამავდროულად, ძალიან განიცდის ყველაფერს, მაგრამ ძალიან ბედნიერი პერსონაჟია. მისი ბედნიერებაა ის, რომ ჰყავს კარგი ქმარი, მეგობრები, ბევრი შვილი… დანარჩენი პერსონაჟებისგან განსხვავებით, სხვანაირად აღიქვამს პრობლემასაც, სიხარულსაც და ჩვეულებრივ ამბებსაც.
– კარგი ქმარი, შვილები, მეგობრები – მეტი რაღა უნდა გინდოდეს ქალს ბედნიერებისთვის?
– ალბათ, მაგრამ მე ბედნიერების კრიტერიუმები არ მაქვს შემუშავებული. არასოდეს მაქვს პასუხები კითხვებზე – რა არის ბედნიერება, როგორია იდეალური ადამიანი და ა.შ. ბედნიერება შეიძლება რაღაც პროცესი და მოვლენა იყოს. ბედნიერებამდე მისული სიხარული კი ხშირად მაქვს. პატარ-პატარა მომენტებია, როცა თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ ვერ ჩამოვაყალიბებ, ეს შეგრძნება რა არის.
– თქვენი თავი როგორ წარმოგიდგენიათ დედად? გინდათ, ბევრი შვილი გყავდეთ?
– კი და ბავშვობიდან ვამბობდი, რომ ბევრი შვილი მსურდა. მინდა, რამდენიმე, მაგალითად, ორი წყვილი ტყუპი მყავდეს. მგონია, რომ ბევრი შვილი ბედნიერებაა, მაგრამ თუ რეალობის წინაშე დავდექი, მერე უკვე აღარ ვიცი, რას ვიტყვი. ჩემს გმირს, ნათიას, ახალ წელს მეხუთე შვილი ეყოლა.
– ყოფილხართ შეყვარებული?
– კი, მაგრამ იმ დროს როგორი ვარ, არ მკითხოთ, რადგან ვერ ვაფიქსირებ, სახელს ვერ ვარქმევ. შეუძლებელია იმ ემოციების გადმოცემა, რაც იმ დროს ხდება.
– ახლა გიყვართ?
– ახლა – არა. ცხოვრება განვითარებადია და არამხოლოდ კარგისკენ მიდის, ცუდი რამეებიც ხდება…
– როგორი დიასახლისი ხართ?
– ჩემი დიასახლისობა იმით შემოიფარგლება, რომ სამზარეულოში ტრიალი მიყვარს და სხვა საქმეები – არა. შემიძლია მთელი დღე სამზარეულოში ვიყო და სადილები ვაკეთო სიამოვნებით, ჭურჭელიც ვრეცხო, მაგრამ არ მოვგავო იატაკი, ვალდებული თუ არ ვარ.
– გვიამბეთ, როგორია გორში ცხოვრება, რა სული ტრიალებს ამ ქალაქში.
– მიჭირს გორში ცხოვრება, რადგან უფრო მეტი საქმე თბილისში მაქვს, ვიდრე ჩემს ქალაქში. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც გორიდან ვერ მივდივარ, ჩემი ოჯახია.
გორი რაღაცნაირად თითქოს ინტეგრირებულია თბილისთან და არავინ თვლის საჭიროდ, რომ ცოტა მეტი რამ გააკეთოს ამ ქალაქისთვის. კარგი იქნება, ახალგაზრდებისთვის ბევრი გასართობი იყოს, მაგრამ, მგონი, მხოლოდ თეატრია, სადაც შეგიძლია წახვიდე. ახალგაზრდების უმეტესობა თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.
საბედნიეროდ, ხალხი თეატრში დადის და მაყურებელი სულ გვყავს. ძალიან კარგი თეატრიც გვაქვს, რეპერტუარიც კარგი და მაყურებელიც – კარგი.
– თქვენი ოჯახი ვისგან შედგება?
– მშობლებთან ერთად ვცხოვრობ გორში. ერთი და მყავს, რომელიც საზღვარგარეთაა და შესაბამისად, მშობლებს მარტო ვერ ვტოვებ. პენსიონერები, ასაკში არიან და მათ მიმართ მეტი ვალდებულება მაქვს.
– “წითელ ჯვარშიც” ხართ გაწევრებული. ამ მხრივ, რას საქმიანობთ?
– დიახ. “წითელ ჯვარში” ჩემი მეგობრები არიან მოხალისეებად და რამდენიმე წლის წინ მათი რჩევით მეც მივედი. ძალიან კარგი საქველმოქმედო პროექტებია და კარგი რამეები კეთდება გორის ფილიალში. მაგალითად, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ვეხმარებით და ა.შ.
– რაც შეეხება თქვენს “ქალურ სისუსტეებს”, რას გვეტყვით, გიყვართ თავის მოვლა, გაპრანჭვა?
– სარკე ძალიან მიყვარს. ჩემი ნება რომ იყოს, ყველაფერს სარკის წინ გავაკეთებდი და ყველგან სარკეს დავდგამდი. ნებისმიერ რამეში მიყვარს ყურება, სადაც ჩემი ანარეკლი ჩანს, თუმცა ეს ჩემს გარეგნობაზე არ აისახება. არ ვარ გადაპრანჭული გოგო, რომელიც მუდამ ფორმაშია და ქუსლებზე დგას. ფიზიკურადაც ვერ შევძლებ, არ მაქვს დრო, 2-3 საათი სარკის წინ ვიტრიალო, გავიპრანჭო და გარეთ ისე გავიდე.
