ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე
ჩელე – ამ სახელით გაიცნო მსახიობი დავით გელაძე მაყურებელმა რეალითი შოუ “ჯეობარიდან”. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ის ისევ დაუბრუნდა ეკრანს, ამჯერად ტელეკომპანია “პოსტივიზე”, სადაც შუადღის გადაცემა მიჰყავს. პირდაპირი ეთერის რეჟიმს გადაეჩვია, მაგრამ ახლა ენერგიას იკრებს და ისევ ფორმაში დგება.
დავითის ცხოვრებაში სხვა სიახლეებიცაა, რომლებზეც ის “სარკესთან” საუბრობს.
– დავით, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ეკრანზე დაბრუნდით. მოგვიყვეთ ამ სიახლეზე.
– “პოსტივი”, რომელიც აქამდე ინტერნეტტელევიზია იყო, ტელეკომპანიად გადაკეთდა. სწორედ ამ არხიდან მივიღე შეთავაზება, შაბათ-კვირის გადაცემების წამყვანი ვყოფილიყავი. შემდეგ ეს გადაცემები აღარ გამოვიდა და ახლა თანაწამყვანებთან ერთად შუადღის ძალიან საინტერესო გადაცემა მიმყავს.
– ხანგრძლივი პაუზა გქონდათ. ხომ არ გაგიჭირდათ პირდაპირ ეთერში მუშაობა?
– სხვათა შორის, ამაზე ვფიქრობდი, ეთერში რომ გავედით. ხუთწლიანი პაუზა მქონდა და ფორმაში ჩადგომა არცთუ ისე მარტივი აღმოჩნდა. პირდაპირ ეთერს გადაჩვევა სცოდნია, მაგრამ იმედი მაქვს, ეს გაივლის.
ტელევიზიაში როცა მუშაობ და განსაკუთრებით – პირდაპირ ეთერში, გონების მობილიზებას ახდენ. ვნერვიულობდი, მეგონა, საკუთარ თავს იმედებს გავუცრუებდი. ნერვიულობამ უფრო მძლია, ვიდრე ეთერში გასვლის ინტერესმა. ცოტა რთულად მომეჩვენა და ვერ ვიტყვი, რომ ჰარი-ჰარალაზე შევხვდი ამ წინადადებას. თუმცა მგონია, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა და ეტაპობრივად გავიხსნები.
– თანაწამყვანებთან ხომ არ ხართ შებოჭილი?
– არა. მეტნაკლებად ყველას ვიცნობდი, ვისთანაც გადაცემის წაყვანა მიწევს.
– რას აკეთებდით ამ 5 წლის განმავლობაში, რითი იყო შევსებული ეს პერიოდი?
– ნაწილობრივ ჩემს პროფესიას დავუბრუნდი სამსახიობო კუთხით და ასევე ვმუშაობ კარაოკე კლუბში. მგონი, სიმღერაც დავიწყე, რაც ახალი ამპლუაა ჩემთვის. კარაოკეში უფრო ისეთი წამყვანები მუშაობენ, რომლებიც მღერიან.
კარაოკეში რომ დავიწყე მუშაობა, სიმღერასთან მჭიდრო კავშირი არ მქონდა. შეიძლება სახლში წაიღიღინო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს თავს მოაწონებ. როცა კარაოკეში ხარ, სიმღერას ბედავ და მე უკვე მყავს მსმენელები, რომლებიც ჩემთან ერთად ღიღინებენ.
– სიმღერის ჩაწერასაც ხომ არ აპირებთ?
– არა, ეს უკვე ჩემი მხრიდან ძალიან დიდი ურცხვობა იქნება. პროფესიონალ მომღერლობაზე პრეტენზია არ მაქვს. ჩემი ხმამაღლა სიმღერა არ შეიძლება. თუ სიმღერას ჩავწერ, მხოლოდ ჩემთვის, რომ მანქანაში ვუსმინო.
– ახლაც ხართ რომელიმე თეატრში?
– ამჟამად არც ერთ თეატრში აღარ ვარ. ამ 5 წლის განმავლობაში უფრო ფილმებისკენ ვიყავი გადახრილი, საფესტივალო ფილმებში ვმონაწილეობდი, ასევე – სერიალებში. გაჩერებული არ ვიყავი, რაღაც კუთხით მაინც ვიყავი დატვირთული ჩემი პროფესიით და არა მარტო.
– რამდენად არის შესაძლებელი, დღეს მსახიობმა მხოლოდ თავისი პროფესიით ირჩინოს თავი?
– ძალიან რთულია, თეატრის ხელფასით ოჯახი არჩინო. ფაქტობრივად ეს არის შეუძლებელი. იმხელა ანაზღაურება არ არის, რომ თავისუფლად და ლაღაც იცხოვრო. ბევრ სიძნელეს აწყდები, მერე ითრგუნები და შეიძლება გაბრაზებამდეც მიხვიდე. როცა სტუდენტი ხარ, არ გაქვს ბევრი პრობლემა და სირთულე, მზად ხარ, სიყვარულის გამო თეატრში იყო, მაგრამ დგება მომენტი, როცა მეტი გჭირდება და არა მარტო შენ, არამედ შენ უკან მდგომ ოჯახსაც.
– არ გიფიქრიათ ქვეყნის დატოვებასა და საზღვარგარეთ წასვლაზე? ბევრი გამოსავალს სწორედ ამაში ხედავს.
– არასოდეს მიფიქრია, ქვეყნიდან წავსულიყავი. რა ეტაპი არ გამივლია – სირთულეები, გაჭირვება და დალხინება, მაგრამ აქედან წასვლაზე ვერ ვფიქრობ, რადგან საქართველო ძალიან მიყვარს. ღმერთმა არ დამაჭირვოს, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვფიქრობ და არც მინდა, რომ ოდესმე ვიფიქრო. ჩემს ქვეყანაში მინდა ცხოვრება.
– საზოგადოებამ პოპულარული რეალითი შოუ “ჯეობარიდან” გაგიცნოთ, რომლის გამარჯვებულიც გახდით. როგორ გახსენდებათ ის დრო?
– ეს 16 წლის წინ იყო. იმ პროექტში როცა მივედი, არც კი ვფიქრობდი, რომ ასეთი პოპულარული გავხდებოდი. ეს იყო ძალიან აქტიური პროექტი. “ჯეობარმა” და პოპულარობამ რთულად გასაღები ბევრი კარი გამიღო. როცა ადამიანები გიცნობენ და პატივს გცემენ, ამ შემთხვევაში ეს შეგიძლია კარგად გამოიყენო, მაგრამ ისე ვერ გამოვიყენე, როგორც შემეძლო.
– ალბათ ნერვების ფასად გიჯდებოდათ პროექტში განსხვავებულ ადამიანებთან თანაცხოვრება და სიმშვიდის შენარჩუნება.
– როცა ასეთ პროექტში მონაწილეობ, რაღაცების კონტროლი ყოველთვის მოგიწევს. ისე არ ხარ, როგორც სახლში, რადგან ბევრი კამერა და კამერების გავლით მთელი საქართველო გიყურებს. ამას, რა თქმა უნდა, ახლდა სტრესი, მაგრამ მაშინ 19 წლის ვიყავი და ნერვები უფრო კარგ მდგომარეობაში მქონდა. სანერვიულოც ნაკლები იყო და ძალიან კარგი 3 თვე გავატარე “ჯეობარში”.
– პროექტის მონაწილეებთან დღემდე მეგობრობთ?
– აღარავისთან ვმეგობრობ, ძალიან დავიფანტეთ. სადმე საღამოს თუ ვხვდებით ერთმანეთს, ძველ დროს ვიხსენებთ, მაგრამ მეგობრობა არ გაგრძელებულა.
– რაში დახარჯეთ შოუში მოგებული თანხა?
– ბინა მაია რჩეულიშვილმა მაჩუქა, მოგებული ფულით კი ავტომობილი ვიყიდე და ძალიან ბედნიერი ვიყავი. მეგობრებთან ერთად დავდიოდი და ვერთობოდი. ისე არ ყოფილა, რომ ის თანხა სადმე დამებანდებინა, ბიზნესში ჩამედო და შემდეგ მოგება მიმეღო.
– დღემდე მოგყვებათ 16 წლის წინანდელი პოპულარობა?
– ისეთი გამძაფრებული აღარ არის, როგორც მაშინ. იმ პერიოდში ბუმი იყო. თუმცა შემორჩნენ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში მცნობენ. როცა მიღიმიან, მავიწყდება კიდეც, რომ ვინმე მცნობს. შემდეგ ვეკითხები, გამარჯობა, ხომ არ გიცნობთ-მეთქი და მეუბნებიან, არა, ეკრანიდან გვახსოვხართო.
– ამ 16 წლის განმავლობაში პირადში რა შეიცვალა, როგორ მიდის თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– მყავს მეუღლე და 6 თვის ბიჭი – დათუნა. პირველი შვილი, სალომე, 11 წლის არის (პირველი ქორწინებიდან. რედ. შენ.). ჩემთვის 2019 წელი ძალიან კარგი იყო. ვაჟი შემეძინა, ასევე ტელეკომპანიაში დავიწყე მუშაობა. დაჟანგული ძრავი თავიდან მოვქოქე – ტელევიზიას ვგულისხმობ.
მეუღლე ძალიან მგულშემატკივრობს. ეს კი არა, დათუნა ტელეეკრანზე რომ მხედავს და შემდეგ სახლში მოვდივარ, თითქოს მეუბნება, ეკრანზე გნახეო.
იმედი მაქვს, 2020 წელი უკეთესი იქნება. დინებას მივყვები და დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი ძალიან კარგი დღე მელოდება.
