”ისე ლამაზად ყვაოდნენ, გაგიჟდებოდი!” – წყალტუბოელმა ნუნუ ქუთათელაძემ იანვარში ტყემლისა და ტყუპალას მოსავალი აიღო

”ისე ლამაზად ყვაოდნენ, გაგიჟდებოდი!” - წყალტუბოელმა ნუნუ ქუთათელაძემ იანვარში ტყემლისა და ტყუპალას მოსავალი აიღოირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

“გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, იანვარში მოსავალი ავიღე”, – დაწერა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში მცხოვრებმა ნუნუ ქუთათელაძემ სოციალურ ქსელში და ტექსტს დამადასტურებული ფოტოებიც დაურთო.

ტყემლისა და ტყუპალას ხეებს დეკემბრის თბილ ამინდებში დრო ფუჭად არ დაუკარგავთ, მცენარეების მოყვარულ ოჯახს საახალწლო სიურპრიზი გაუკეთეს და ზამთრის დესერტი მიართვეს.

სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრმა დაიჯერა, ბევრმა ამას სასწაული უწოდა. ამ მართლაც გასაოცარ ამბავზე ნუნუ ქუთათელაძემ “სარკეს” უამბო.

– ქალბატონო ნუნუ, მოგვიყევით, როგორ მიიღეთ ზამთარში ტყემლისა და ტყუპალას მოსავალი.

– სანამ ნაყოფს მივიღებდი, ბუნებრივია, ყვავილობის პერიოდი იყო. ისე ლამაზად ყვაოდნენ, გაგიჟდებოდით! ეზო სულ გადაპენტილი იყო აყვავებული მცენარეებით. ტყუპალას უფრო ესხა, ვიდრე ტყემალს. თითქმის ერთი კილო ტყემალი ჩამოვკრიფე, ტყუპალას ახლაც ასხია, ზოგმა მოასწრო დამწიფება, ნაწილმა – ვერა.

ძალიან თბილი ამინდები იყო. ჩემს ეზოში ისეთი ყვავილები აყვავდა, რომ გაგიკვირდებათ. გაზაფხული გეგონებოდათ, იმდენად იფეთქა ბუნებამ.

– ეს ხეები რაიმე განსაკუთრებული ჯიშის ხომ არ არის, წელიწადში ორჯერ ხომ არ იბამენ ნაყოფს?

– აქამდე მსგავსი რამ არასოდეს ყოფილა. აი, ვაშლმაც კი მოისხა ნაყოფი. გასულ წლებში ყვავილობა მოუსწრია, მაგრამ ნაყოფი არასოდეს გამოუსხამს.

– ბევრმა არ დაიჯერა, რომ ხეები აყვავდნენ.

– სანამ სამივე შვილი არ დავიფიცე, მანამდე არ მიჯერებდნენ. ან ტყუილს რატომ ვიტყოდი, საზოგადოება შეცდომაში რატომ უნდა შემეყვანა?! მერე დამიჯერეს და ყველას გაუხარდა. სასწაულად ჩათვალეს იანვარში ტყუპალას და ტყემლის ხილვა.

– მეზობლებთანაც გამოიბეს ნაყოფი ხეებმა?

– თუ დამიჯერებთ, გვერდით მეზობელთან არ არის, ჩემთან კი ნაყოფი ასხია. თავისებური ახსნა მოვუძებნე: დავაკვირდი და, ეს ნაყოფმოსხმული მცენარეები არიან ხეებს შორის და მათ მზეც კარგად ანათებს. ხეებს შორის რომ იყვნენ, ქარმა ვერაფერი დააკლო, ყვავილები შეუნარჩუნდათ და ასე ავიღე ზამთრის მოსავალი.

– როგორც ვიცი, შვილები თქვენთან არ ცხოვრობენ. მათ რა რეაქცია ჰქონდათ ეზოში აყვავებულ ხეებზე?

– ძალიან გაუხარდათ. ქალიშვილმა მითხრა, თუ მართალია, ზამთრის ხილი თბილისში გამომიგზავნეო. გავუგზავნე და დააგემოვნეს.

ძალიან ბევრს უკვირდა. სურათები ნაყოფს შუადღეზე გადავუღე, ფოტოები კი სოციალურ ქსელში ღამით ავტვირთე. ხალხი მწერდა, ხესაც გადაუღეო. ვუთხარი, ახლა ღამეა და ხვალ დილით გაჩვენებთ-მეთქი. მერე დარწმუნდნენ, რომ მართალი ვიყავი.

– როგორც ვიცი, ყვავილები ძალიან გიყვართ. მოგვიყევით ამ გატაცების შესახებ.

– ყვავილები ჩემი სუსტი წერტილია, ძალიან მიყვარს. ისინი სიცოცხლეს მიხანგრძლივებენ. სამი შვილი მყავს, სამი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი. ისინი თბილისში ცხოვრობენ. მე და ჩემი მეუღლე მარტონი ვართ. ქმარი “ენერგოპროში” მუშაობს და ძირითადად მარტო ვარ სახლში. ვერთობი და ყვავილებსაც ვართობ. მათ გარეშე არ შემიძლია. ყვავილებს მუდმივად ვესაუბრები.

მცენარეები ბავშვებივით არიან, თუ საერთო ენას მოუძებნი, თუ თავს გაუტოლებ, ისინიც გესაუბრებიან, მოგისმენენ და შენი მეგობრები გახდებიან.

– ალბათ ბევრი სახეობის ყვავილი გაქვთ გაშენებული ეზოში. უპირატესობას ქოთნის ყვავილებს ანიჭებთ თუ ეზოს მცენარეებს?

– მაქვს როგორც ქოთნის, ასევე ეზოს ყვავილები. ჩემმა გოგომაც დაიწყო ეზოში ყვავილების გაშენება. შვილიშვილებს ჩემი ეზო ძალიან მოსწონთ. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მათ ვასიამოვნო და ჩემთან სტუმრობა უხაროდეთ.

– ქმარი გეხმარებათ ყვავილების მოვლა-პატრონობაში?

– სანიმუშო მეუღლე მყავს. 41 წელია ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. ძალიან ბედნიერი ქალი ვარ, სიამტკბილობით ვცხოვრობთ. ჩემს შვილებსაც ძალიან უყვართ ყვავილები და თბილისში რაც შეუძლიათ, უვლიან და აშენებენ. ჩემს ქალიშვილს ქმარი ეუბნება, დედაშენს ჰგავხარ ყვავილების სიყვარულშიო და ეს ძალიან მახარებს.

– ახლა დიასახლისი ხართ, მანამდე რას საქმიანობდით?

– შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი, სახანძრო განყოფილებაში კანცელარიის გამგე ვიყავი. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ყველას განცხადებები დაგვაწერინეს და სახლში გაგვიშვეს. მერე ასაკის გამო (48 წლის ვიყავი), აღარ დამაბრუნეს სამსახურში. მას შემდეგ დიასახლისი ვარ.