ლელა დევდარიანი, სარკე
რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა როცა ერთმანეთს შეხვდნენ, ორივენი პოპულარულები იყვნენ. რამაზი მსოფლიო ჩემპიონია ჭიდაობაში, არაერთი სპორტული ტიტული აქვს, ხატია კი ტელე და რადიოწამყვანი იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ საქმიანობა აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროებში განაგრძეს, მაგრამ დღემდე პოპულარული წყვილია. მათი ოჯახური ცხოვრება კი მუდმივად ყურადღების ცენტრშია.
სამი გოგონას – გაბრიელას, ოლღას და ევანგელინას – მშობლებს მალე ბიჭიც შეეძინებათ. ოჯახი სასიხარულო მოლოდინშია.
მსოფლიო ჩემპიონი “სარკესთან” გულახდილად საუბრობს თავის ოჯახურ ცხოვრებასა და სპორტულ წარსულზე.
– რამაზ, როგორ გახსენდებათ თქვენი ვარსკვლავური სპორტული წარსული, როცა ზედიზედ ხდებოდით საერთაშორისო ტურნირებში ჩემპიონი? როგორ მოქმედებდა თქვენზე პოპულარობა?
– ჩემი სპორტული კარიერა ძალიან კარგად მახსენდება. მეგობრული გუნდი ვიყავით და ყველანი ერთი იდეისთვის ვიბრძოდით. ძალიან კარგი დრო იყო.
არ ვცდილობდი, რომ პოპულარული ვყოფილიყავი. უბრალოდ, მინდოდა, მომეგო, ჩემი ქვეყანა მესახელებინა და წარმატებული ვყოფილიყავი. პოპულარობა ჩემმა წარმატებამ მოიტანა.
– აქტიური სპორტსმენი უცებ გაუჩინარდით, ასპარეზობა აღარ გააგრძელეთ. რამ შეგიშალათ ხელი, რა იყო ამის მიზეზი?
– სპორტული კარიერის დროს ძალიან ბევრი ტრავმა მაწუხებდა, რამდენიმე ოპერაციაც გავიკეთე. დიდი სამედიცინო ჩარევები დამჭირდა და მივიღე ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მე არ მინდოდა. მერე კი შემეძლო, გავსულიყავი, მებრძოლა და რაღაცისთვის მიმეღწია, მაგრამ შეიძლებოდა, პირველივე შეხვედრის დროს კუნთი გამწყვეტოდა, ვეღარ მეასპარეზა, ყველაფერი კრახით დასრულებულიყო და ჩემი საქართველო დამეღალატებინა. ეს ყველაფერი გავიაზრე და ამიტომ კარიერა ცოტა ადრიანად დავასრულე.
– არ გენატრებათ ჭიდაობა, ხალიჩა?
– ამ სფეროში გატარებული ყოველი წამი მენატრება – წარმატების მომენტები, მოგება, საქართველოს დროშა, ჰიმნი… ეს მონატრება სიცოცხლის ბოლომდე გამყვება.
მოგატყუებთ, ახლა რომ ვთქვა, მინდა, ისევ ვიჭიდაო-მეთქი. ძალიან რთული სპორტია. ჩემთვის უკვე ზედმეტიც იქნება ამდენი დატვირთვა, მაგრამ ყველაფერს თუ შევეცდები, იმ დონეზე თუ ვივარჯიშებ, ფორმაში ჩავდგე, ალბათ ლეიბზე დავდგები. თუმცა ბევრი აღარც მივარჯიშია, ამდენი გაცდენილი დროც და, ჯობია, ამ თემას აღარც შევეხო.
– ანუ ჭიდაობას აღარასდროს დაუბრუნდებით?
– ვერ დავბრუნდები, თან ის წლებიც გავიდა. ჩემი საჭიდაო უკვე ვიჭიდავე.
– ახლა რას საქმიანობთ?
– ახლა კერძო კომპანიაში ვარ და სამშენებლო საქმიანობას ვეწევი.
– თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა – სამი გოგონას შემდეგ, მგონი, ნანატრ ვაჟს ელოდებით. გილოცავთ!
– დიახ. უფროსი შვილი გაბრიელაა, შუათანა – ოლღა, რომელსაც სახელი ჩემი დის პატივსაცემად დავარქვი, მესამე – ევა, ევანგელინა, რომელსაც ჩემი დიდი ბებიის სახელი ჰქვია. ვაჟიც მალე შეგვეძინება. ჩემი ნატვრა ის არის, რომ ბევრი შვილი მყავდეს და ალბათ ღმერთი ამით მასაჩუქრებს. მთავარია, შვილი იყოს ჯანმრთელი და, გოგო იქნება თუ ბიჭი, რა მნიშვნელობა აქვს?
– ვაჟის სახელიც შერჩეული გაქვთ?
– ჯერ – არა.
– გინდათ, რომ ოთხ შვილზე მეტი გყავდეთ?
– ყველაფერი ხდება და მრავალშვილიანობას არ ვუშინდები. მეც მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე, ვიცი, როგორი რთულიც არის, მაგრამ არაფერს ვუშინდები.
– გოგონების შესახებ გვიამბეთ, ვის ჰგვანან, როგორი ხასიათები აქვთ.
– ძალიან ჭკვიანი შვილები მყავს. მოსიყვარულე შვილებს ვზრდი და მოუსვენრები არ არიან. მე და ხატიაც დინჯები ვართ. ოჯახში რომ იდილიაა, ალბათ ბავშვებიც მშვიდები იზრდებიან. ნერვებს ნამდვილად არ მიშლიან.
ხასიათებით სამივენი ერთმანეთს ძალიან ჰგავნან. რაც შეეხება გარეგნობას, ოლი სპორტული აღნაგობისაა, კანის ფერიც ჩემი აქვს. გაბრიელა განსხვავებული ბავშვია, არც დედიკოს ჰგავს, არც მამიკოს. პატარა ევა დედაჩემს ძალიან ჰგავს.
– აქტიურად ხართ ჩართული შვილების აღზრდაში?
– ყველანაირად ვარ ჩართული, უბრალოდ გოგონები არიან და დედასთან ერთად უფრო მეტად უნდა აკეთებდნენ რაღაცებს.
– როგორ უძღვებით თქვენი ქალების “სამწყსოს”, ოჯახის უფროსობა როგორ გამოგდით?
– ეს არ იგრძნობა. არ მინდა, რომ ვიღაც უფროსობდეს ოჯახში, მაგრამ ყველამ თავისი ადგილი იცის. ჩემს ოჯახში უფროს-უმცროსის პატივისცემაა. გაბრიელას აქვს იმის ნებართვა, რომ პირველმა აირჩიოს რაღაც, როგორც თვითონ მიაჩნია სწორად, მერე ოლის გამოკითხოს, როგორ შეუძლია, მერე ევას ჰკითხოს, ერთმანეთში მოილაპარაკონ და სწორი გადაწყვეტილება ასე მიიღონ. ვცდილობ, მშვიდად, ჭკვიანურად ავუხსნა ყველაფერი და არ დავუყვირო.
ბავშვი ერთი წამი მაინც მოგისმენს და ის ერთი წამი უნდა გამოიყენო, რომ ისე აუხსნა და გაზარდო, როგორც შენ გინდა. ღმერთის სიყვარულს ვასწავლი. ეს აუცილებელია და მაქსიმალურად ვცდილობ, ეკლესიას ვაზიარო.
– ხშირად დადიხართ ტაძარში?
– ხშირად მიგვყავს შვილები, ოღონდ კონკრეტულად ერთ ტაძარში არ დავდივართ. ყველა ტაძარს ვეზიარები, სადაც წირვაა, იქ მივდივართ. შვილები ეზიარებიან, სახარებას ისმენენ, წირვა-ლოცვას ესწრებიან. მე ვაძლევ იმის შესაძლებლობას, რომ თვითონ ამოირჩიონ, როგორი გზით წავლენ. არასწორ გზებს არ ვანახებ, არ მინდა, რომ ცუდი რაღაცები ნახონ. მაგასაც ვერ აუკრძალავ, დღეს ისეთი დროა, მაგრამ ვუხსნი, რა არის სწორი, რა – არასწორი.
ყველაფერს მიჯერებენ, ძალიან კარგი ბავშვები არიან. მე ისეთი რაღაცები გავაკეთე, რომ ჩემი შვილები ვეღარანაირად დაიმალებიან და მომავალში ყველა ერთად ვნახავთ, როგორები იქნებიან. თუ საამაყოები გაიზრდებიან, ყველა ერთად ვიამაყებთ. მინდა, ძალიან განათლებული და სწორად მოაზროვნე შვილები მყავდნენ. რაც შემიძლია, მათ განათლებაში ყველაფერს ჩავდებ.
– როგორ ფიქრობთ, შვილებთან ურთიერთობაში სიმკაცრეა საჭირო თუ მეგობრობა?
– ბავშვი ძალიან სათუთია. შეიძლება პატარა მოძრაობამ ისე შეუცვალოს აზროვნება, რომ სავალალო შედეგამდე მივიდეთ. დედები და მამები უნდა ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და სწორად აღვზარდოთ შვილები. ისეთი რაღაცები არ უნდა მოხდეს საქართველოში, რაც დღეს ხდება. სწავლაში სიმკაცრე აუცილებელია, მაგრამ ყოველთვის არ არის აუცილებელი, რომ გაუბრაზდე.
– შვილებზე ბევრი ვისაუბრეთ. საინტერესოა, როგორი ქმარი ხართ, როგორია თქვენი და ხატიას ცოლქმრობა.
– როგორი ადამიანებიც ვართ, ისეთი ოჯახიც გვაქვს. ისეთი მეუღლე შემხვდა, როგორიც უნდა შემხვედროდა, იმიტომ, რომ მე ახლაც ბედნიერი ვარ. მე და ხატია დაბრძენებულები შევხვდით ერთმანეთს. 29 წლისანი ვიყავით და ეს დრო ქართული ოჯახის შესაქმნელად არის იდეალური. ამ ასაკში სწორად აზროვნებენ, ისეთ სისულელეებს არ გააკეთებენ, რაც ბავშვებს მოსდით ხოლმე თავში – რომ გათხოვდება-გამოთხოვდებიან და ანგრევენ ოჯახებს. შვილებსაც აქედანვე ვუხსნი ასეთ ამბებს.
თავიდან, როცა ხატულიკას შევხვდი, მას სხვანაირად ხედავდნენ და მე სხვანაირად დავინახე. სხვა განზომილებები გამიხსნა, სხვა სიყვარული დამანახა, ცხოვრების სხვა ფერები მაჩვენა და ეს მომენტები ძალიან მესიამოვნა.
ხატიას წარსულს ვინც იცნობს, ჟურნალისტი იყო და მასზე კარგ რაღაცებს არ იძახდნენ, არადა თურმე ასე საერთოდ არ ყოფილა. როცა გავიცანი, ახლოდან დავინახე მისი შინაგანი ბუნება. მას მერე მთლიანად გადავეშვი სიყვარულის მორევში, რასაც ოჯახი ჰქვია. დღემდე ასე ვართ და ვეცდებით, სიცოცხლის ბოლომდე ასე ვიყოთ.
– ახლა რას საქმიანობს ხატია?
– ხატია ჟურნალისტია და კერძო კომპანიებში პიარსაქმიანობით არის დაკავებული, პლუს თავისი პატარა ბიზნესი აქვს – სილამაზის სალონი.
– რომელი უფრო დამთმობი ხართ ურთიერთობაში?
– ხატია უფრო მითმობს, რადგან იცის, რომ ავფეთქდე, ცუდად დამთავრდება ყველაფერი და ამას სწორად აკეთებს. მერე მიხსნის და მეუბნება ხოლმე. იმ მომენტში, როცა გამწარებული ვარ, არაფერს იკადრებს ისეთს, რომ უფრო გავმწარდე. ასეთ მომენტში შეიძლება ცოტა შეურაცხადი გავხდე, მის მიმართ კი არა, ზოგადად ასე ვარ. სპორტსმენი ადამიანი ვარ, ძალისმიერი სპორტსმენი და ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს, როცა გაბრაზებული ვარ, უფრო არ გამაბრაზოს.
რა თქმა უნდა, იმას არასდროს ვიკადრებ, რომ ვინმეზე ხელი ავწიო, მაგრამ ცდილობს, ჩემი კაცური უპირატესობა მაგრძნობინოს და ეს უფრო დასაფასებელი და სასიამოვნოა.
– როგორ უმკლავდებით ცხოვრებისეულ სიძნელეებს, რთულ ეტაპებს ურთიერთობაში?
– პირველ რიგში, ის არ უნდა დაიკარგოს, რის გამოც მოგინდა ოჯახის შექმნა. არ არსებობს კრიზისი, რომელსაც ვერ გადაჭრი. ჯერ შევეცადოთ, ყველაფერი დავალაგოთ, სწორად ვიაზროვნოთ, სწორად განვსაზღვროთ და ოჯახი ყველა კრიზისს გადალახავს.
ჩვენი ოჯახები უნდა დავიცვათ, გავაძლიეროთ, ერთმანეთი არ უნდა დავჩაგროთ და ეს საქართველოსაც ძალიან გააძლიერებს. როცა ოჯახები გაძლიერდებიან, მთელი საქართველო გაძლიერდება.

