ავთო ჩიტიძე, სარკე
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემას ახალი წლის დღეებში ახალი წამყვანი შეუერთდა – ყოფილი მოდელი ანა კოშაძე. ის სინჯებიდან მეორე დღესვე პირდაპირ ეთერში შეუშვეს და დაკისრებულ ამოცანას მშვენივრად გაართვა თავი.
ანასთვის ეკრანზე მუშაობა დიდი ხნის ოცნება იყო. ეს ამპლუა იმდენად მოსწონს, რომ არც დილის 5 საათზე ადგომა აშინებს და არც ის გარემოება, რომ შეიძლება ამ საქმემ მისი მთავარი გატაცება – ფრენბურთიც შეიწიროს. ეკრანზე მის გამოჩენას ოჯახის წევრები დიდი სიხარულით შეხვდნენ, ამით განსაკუთრებით მისი 11 და 8 წლის შვილები, მაშო და ტასო, ამაყობენ.
– ანა, როგორ გადაწყდა, რომ შეერთებოდით გადაცემას “დილა მშვიდობისა, საქართველო”?
– ყველაფერი სწრაფად მოხდა. 2019 წლის დეკემბრის ბოლოსკენ პილოტი ჩავწერეთ და მესამე დღეს პირდაპირ ეთერში შემიშვეს. როცა პროდიუსერებმა დამირეკეს და წამყვანობა შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა, რადგან ტელევიზია ძალიან მიყვარს და “რუსთავი 2” მაინც სულ სხვაა. არ მეგონა, ასე მალე თუ გამოვჩნდებოდი ეკრანზე.
რაც მთავარია, საოცარი გუნდი და არაჩვეულებრივი პარტნიორები დამხვდნენ. ორშაბათს ჩემ გვერდით ავთო გვასალიაა, ოთხშაბათს – გიორგი ქორქია.
– ალბათ აქამდე თქვენს ცხოვრებაში დილას სხვა ფუნქცია ჰქონდა. ოჯახი არ აპროტესტებს, რომ დილის 5 საათზე გიწევთ სამსახურში წასვლა?
– არა, რადგან თითის წვერებზე ვიპარები და ოჯახს მძინარეს ვტოვებ. ისე ვნერვიულობ ამ ახალ ამპლუაზე, რომ იმ დილით, როცა ეთერი მაქვს, ფაქტობრივად 2 საათი მძინავს და მაღვიძარაც არ მჭირდება, ისე ვიღვიძებ. ტელევიზიიდან სხვა სამსახურში გავრბივარ და ფაქტობრივად გამოძინებას მთელი დღე ვერ ვახერხებ. თუმცა, როცა საქმე სასიამოვნოა, ყველაფერს მარტივად იტან.
– დიდი დრო გჭირდებათ დილის ეთერისთვის მოსამზადებლად?
– 5-ს წუთები აკლია, რომ ვდგები და 2 საათით ადრე მოვდივარ ტელეკომპანიაში, რომ კიდევ ერთხელ გადავხედო მასალებს, ტექსტებს და მაყურებელს მომზადებული შევხვდე. დილით ყავას არ ვსვამ, რადგან არ მაფხიზლებს. გადაცემაში ჩართულობა ყველაზე კარგად მაფხიზლებს. საერთოდ დილის ადამიანი ვარ და ადრე ადგომა ყოველთვის მიყვარდა. დილის საათებში უფრო პროდუქტიული ვარ და საქმესაც სწრაფად ვაკეთებ.
დილით ძალიან მიყვარს საუზმის ცერემონია. შვრიით და ბევრი ხილით გემრიელ საუზმეს ვამზადებ. დღეს მოვახერხე, ჩემი გაკეთებული სმუზი (ბანანი, ვაშლი, ბროკოლი, სტაფილო, თაფლი და მაწონი) წამოვიღე სამსახურში და ეთერებს შორის ვისაუზმე. მიყვარს სეზონური ხილის ჩართვა საუზმეში. ახალი წლის საჭმელების შემდეგ ორგანიზმი ასე მომყავს ჭკუაზე.
– როგორც წამყვანმა, როგორი შეფასებები დაიმსახურეთ ქმარ-შვილისგან?
– დადებითი. ბავშვები აღფრთოვანებულები არიან, რომ ეკრანზე გამოვჩნდი. ჩემმა ქმარმა (ტოშკა კვარაცხელია. რედ.შენ.), მგონი, მარტო პირველ დღეს მიყურა და შემაქო. იმ დროს, როცა ეთერში ვარ, ძირითადად სძინავს. მე რომ მუშაობას ვამთავრებ, მერე იღვიძებს.
– როგორია თქვენი ცხოვრების რიტმი და დინამიკა?
– ბავშვებს ჯერ არდადეგები აქვთ და, სწავლას როცა დაიწყებენ, ჩემს რეჟიმს მერე მივხვდები. ზოგადად მიყვარს დატვირთული ცხოვრება. რაღაც პერიოდი დამღლელი იყო, ამიტომაც გარკვეული დროით ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი და ძირითად დროს ბავშვებთან ვატარებდი. მე გამომყავდა სკოლიდან და მათ ცხოვრებაში აქტიურად ვიყავი ჩართული.
ახლა წამოიზარდნენ და მეც მაქვს საშუალება, სახლის გარეთ აქტიური ქალი ვიყო. სპორტის ბევრ სახეობასთან ერთად ბოლო დროს ფრენბურთით ვიყავი გატაცებული და ამ ახალ რეჟიმში რამდენად მოვახერხებ, გავყვე ფრენბურთს, არ ვიცი.
– ფრენბურთით როდის დაინტერესდით?
– მოყვარულების გუნდშიც ვარ და ტურნირებზეც კი გავდივარ. ძალიან უცნაურად ჩავერთე ფრენბურთში. ჩემს შვილებს სკოლაში აქვთ ფრენბურთის კლუბი. სიმაღლის მიხედვით ჩემი შვილებიც შეარჩიეს. ზაფხულში შეკრება ჰქონდათ ქალაგარეთ და მეც წავყევი. იქ დავინტერესდი და დავიწყე თამაში, შემდეგ სხვა მშობლებიც ამყვნენ და მოყვარულთა გუნდი შევქმენით. სახლში მეუბნებიან, ფრენბურთიღა გაკლდაო. ისედაც ცხრანაირი სპორტით ვარ დაკავებული.
– კიდევ რომელ სპორტის სახეობებს მისდევთ?
– დავდივარ ფიტნესდარბაზში, სადაც ბევრ სახეობაში ვვარჯიშობ – გირები, სპინინგი, ტიარექსი, კრივი. ამ ყველაფერს ფრენბურთი დაემატა და ამიტომ ოჯახის წევრებიდან დაწყებული, მეგობრებით დამთავრებული მეუბნებიან, როგორ აფრენო. სპორტული ტრავმაც კი მივიღე, ფეხი ვიღრძე და სახლში ამას ვმალავდი. ბოლოს ისე გამისივდა, დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.
– ოჯახურ ცხოვრებში რა ეტაპი გიდგათ?
– ჩვენი ურთიერთობა ჰარმონიულია. ბავშვებიც გაიზარდნენ და აღარ მჭირდება იმდენი დროის დახარჯვა თუნდაც მათ დაძინებაზე. არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ სულ პატარა ჰყავდეთ, სულ მათზე ზრუნვაში იყვნენ, მე კი იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვისთვისაც ეს პროცესი ბევრ სიხარულთან ერთად დამღლელიც არის.
– მეუღლესთან ურთიერთობა?
– 13 წელია ერთად ვართ და ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის. ცოლ-ქმრის ურთიერთობას, როგორც ბევრ სხვა რამეს, მუშაობა სჭირდება. ვნებიდან წამოსული ნაპერწკალი 13 წელი ვერ იქნება, ხელი თუ არ შეუწყვე და არ იმუშავე.
– ალბათ ჯერ კიდევ შორსაა თქვენთვის ასაკთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ გადახვედით საკუთარი თავის აქტიურ მოვლაზე, რომ ახალგაზრდობა გაიხანგრძლივოთ?
– ჯერ არ გადავსულვარ და ვიცი, რომ საჭიროა ამ ასაკიდან ზრუნვა. ახლა არ მაქვს ამის დრო. მუდმივად რომ ვვარჯიშობ და ჯანსაღ კვებას ვანიჭებ უპირატესობას, ეს ხელს მიწყობს, სულ ფორმაში ვიყო. როცა შინაგანად კარგად გრძნობ თავს, მაშინ სხვა დანარჩენი აღარ გაღელვებს. შაქარი, გაზიანი სასმელები და ტკბილი წვენები მთლიანად ამოვიღე რაციონიდან. ვსვამ ბევრ წყალს და დაძინებამდე 4 საათით ადრე ვამთავრებ საკვების მიღებას.
– თქვენს ქმარს მოსწონს ასეთი ჯანსაღი კვების რეჟიმი?
– არა, ის სხვანაირად იკვებება, უფრო ხორცი და მავნე საკვები უყვარს. პრეტენზიული მჭამელია. თუ გემრიელი არ არის, არ შეჭამს.
– გარეგნულად ძალიან მოწესრიგებული, კეთილი, პოზიტიური ხართ, მოკლედ, კარგი გოგოს იმიჯი გაქვთ. არის თქვენში “ცუდი გოგოს” რაიმე თვისება?
– ამაზე მეც მეცინება. ჩემი ღიმილიანი სახის გამო მაქვს ასეთი კარგი გოგოს იმიჯი, რეალურად კი სახლში ძალიან უჟმური და უხასიათო ვარ. მატყუარა იმიჯი მაქვს. მოწესრიგებული ნამდვილად ვარ, მაგალითად, ჩემი შვილები ბაკურიანში უნდა გამეშვა და ჩემოდნები 4 დღით ადრე ჩავულაგე. ამაზე ბევრი იცინეს.
