ირმა ჭკუასელი, სარკე
მსახიობი, პოეტი, მომღერალი – გიორგი გილიგაშვილზე შეგვიძლია ასე დავწეროთ ან უბრალოდ ვთქვათ, რომ არის შემოქმედი ადამიანი, რომელიც თავისი იმიჯით ჩვენი დროის ადამიანებს თითქოს არ ჰგავს, მისი ლექსიკაც განსხვავებულია, მაგალითად, არ მოსწონს სიტყვა “გათხოვდა” და მის მაგივრად ამბობს: “გაჩუქდა”… ცოტა ხნის წინ ასე “გააჩუქა” უფროსი და, მარიამი და სიძის ოჯახს გილიგაშვილები ძალიან ემადლიერებიან. ცოტა ხნის წინ მათ თბილისში საცხოვრებელი სახლი დაეწვათ და ახლა სწორედ სიძის ბებია-პაპასთან ცხოვრობენ დროებით.
გიორგის დედა, ქალბატონი ნანა ჭელიძე როგორც ამბობს, მისი უფროსი ვაჟი ბავშვობიდან ასეთი იყო – ყველასგან გამორჩეული. ოჯახში შვილებს ბევრ რამეს უყვებოდნენ საქართველოს ისტორიიდან, უკითხავდნენ ქართულ ლიტერატურას და ეს ამბები მის თვისებებს აყალიბებდა. ქალბატონი ნანა ექიმია, მაგრამ, გიორგის თქმით, მისი ყველაზე წარმატებული კარიერა დედობაა – ოთხი შვილი გაზარდა.
– ქალბატონო ნანა, ინტერვიუ დავიწყოთ იმით, რითიც თქვენი ოჯახის ამბავი იწყება. როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე?
ნანა: ლექსომ ქუჩაში დამინახა, ბიძაჩემთან ერთად იყო და ჰკითხა, ეს გოგო ვინ არისო. ისინი თანამშრომლები იყვნენ. ჯემალი ბიძიამ პასუხი აირიდა, რადგან შვილივით ვყავდი და უხერხულად იგრძნო თავი. ლექსომ მეორედ როცა ჰკითხა, უთხრა, ჩემი ცოლის დისშვილიაო. სად სწავლობსო და ასეთი რაღაცები რომ ჰკითხა, ბიძაჩემს ვითომ არ ესმოდა, “გაატარა”.
გიორგი: უნდა დავამატო, რომ მამაჩემი ასეთი უტიფარი არასდროს ყოფილა. ამბობს, მსგავსი კითხვა არასდროს დამისვამს, მაგრამ ძალიან მოვინუსხეო. დედაჩემის ბიძა იყო პოლიციის უფროსი. მამაჩემი მაშინ უკვე გამომძიებელი იყო.
– ქალბატონო ნანა, შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
ნანა: სხვათა შორის, ამის მერე 3 წელი გავიდა. სულ ცდილობდა შეხვედრას, მაგრამ არ ვიცი, ხელს რა უშლიდა, მორიდებული იყო თუ რა. ალბათ კიდევ ის, რომ ჩვენი დაკავშირება არ უნდოდათ. სასურველი სასიძო იყო და ალბათ ამიტომ.
გიორგი: დედა ძალიან ბევრს მოსწონდა.
ნანა: ერთხელ, უფლის ნებით, ისევ ბიძაჩემთან ერთად სუფრასთან მოხვდა. პირველად იქ შევხვდი. შეიძლება ცოტა უხერხული იყოს ის, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ახალგაზრდობაში, როცა ის ხალხურ სიმღერებს მღეროდა, თუ არ უყურებდი, შეიძლებოდა შეგშლოდა და გონაშვილი გგონებოდა. მართლა მოვიხიბლე. მერე ვთხოვე, თუ შეიძლება, კიდევ იმღერეთ-მეთქი და იმღერა “ხოხბის ყელივით ლამაზი” – გონაშვილის სიმღერა. თურმე მე მიმღერა.
მერე მითხრა, როცა მითხარი, კიდევ ერთხელ იმღერე, მეგონა, მაშაყირებდი, რადგან ვერ წარმოვიდგინე, ხალხური სიმღერები მოსწონებოდა გოგოს, რომელიც სამედიცინოზე სწავლობდა, მანქანით დადიოდაო. მე ნამდვილად ძალიან მომეწონა.
პრაქტიკები გვქონდა თბილისის მეორე სამშობიაროში, თავისი ნათესავი გოგო მომიგზავნა, ვითომ მას ჰქონდა საქმე და გამომიყვანა. თეთრი ხალათით ჩამოვედი და ლექსო დამხვდა. თქვენ წარმოიდგინეთ, არასოდეს დავთანხმებივარ შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე პატარა ვიყავი – 26 წლის. მე სხვა გეგმები მქონდა, ვფიქრობდი, ჯერ კარგი ექიმი უნდა გამოვიდე და ოჯახი მერე შევქმნა-მეთქი. მთხოვა, მინდა, ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი და, წინააღმდეგი თუ არ იქნები, შევხვდეთო. უფლის ნება იყო, რომ დავთანხმდი.
მეორე დღეს შევხვდით, კაფეში ყავა დავლიეთ. მის სიტყვებში იგრძნობოდა სიალალე. ჩვენი შეხვედრები გაგრძელდა. ძალიან ადვილად გავიცანით ერთმანეთი, რადგან ძალიან გახსნილები, გულწრფელები ვიყავით. კითხვები თითქმის აღარ დაგვრჩა. 3 თვის მერე ვიქორწინეთ.
მადლობა უფალს, რომ დღემდე ერთმანეთისთვის ნამდვილად არაფერი დაგვიმალავს. 32 წელია ცოლ-ქმარი ვართ და სიყვარულით, ერთმანეთის გვერდში დგომით მოვდივართ ჩვენს ოთხ შვილთან ერთად.
– თავიდანვე გინდოდათ, რომ მრავალშვილიანი დედა ყოფილიყავით?
ნანა: დიახ. ერთი ძმა მყავს. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, სამაგალითო დაძმობა გვაქვს. ჩემს კლასში სწავლობდა გოგო, რომელსაც ჰყავდა ერთი და და ორი ძმა, ანუ ორი და და ორი ძმა იყვნენ. ვიფიქრე, ოთხი შვილი უნდა მყავდეს – ორი გოგო და ორი ბიჭი-მეთქი. ასეც ახდა და ეს უფლის ნება იყო.
მეოთხე შვილის გაჩენა ცოტა გვიან მომიწია, 40 წლის ასაკში. უკვე ვფიქრობდი, რომ ამ ჩემს ჩანაფიქრს ვერ შევასრულებდი, მაგრამ ოცნება ამიხდა.
პირველი მარიამი გვეყოლა და ჩემმა მეუღლემ ძალიან განიცადა. ეგონა, რომ ბიჭი იქნებოდა, რადგან გილიგაშვილებში მერე კი გაჩნდნენ გოგოები, მაგრამ მანამდე ყველას ბიჭი ჰყავდა. გოგო რომ გვეყოლა, დაჩაგრულად იგრძნო თავი. მარიამის დაბადებიდან წლინახევრის მერე გიორგი გაჩნდა და ეს იყო ზარზეიმი!
გიორგი 14 ივლისს დაიბადა, გამთენიისას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადებიდან ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ.
– სახელი ვინ შეურჩია?
ნანა: მეუღლემ.
– თქვენს შვილებს ქრისტიანული სახელები ჰქვიათ – მარიამი, გიორგი, ნინო, დავითი. ამაზე წინასწარ იფიქრეთ?
ნანა: მაშინ ისე არ ვიყავით ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართული, როგორც ახლა.
გიორგი: ყოველთვის მორწმუნეები იყვნენ, ყველა ეკლესიურ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. უბრალოდ ის მრწამსი, რაც ჩვენმა უწმინდესმა თავისი მადლით დაგვანათლა მთელ ერს, მაშინ არ იცოდნენ.
ნანა: მაშინაც ისე ვცხოვრობდით, როგორც ახლა, უბრალოდ, ყოველ კვირადღეს ეკლესიაში არ დავდიოდით. თორემ ცხოვრების წესი, რაც გვქონდა, არ შეგვიცვლია – კაცთმოყვარეები და სტუმართმოყვარეები ვიყავით.
გიორგი: 10 მცნების ფუნდამენტური ღირებულებებით ცხოვრობდნენ.
ნანა: ჩემი მეუღლის და ჩემი მშობლებიც ადამიანურად ცხოვრობდნენ. ჩემი მეუღლეც და მისი ძმაც თანამდებობის პირები იყვნენ, სამართალდამცავები და გენეტიკურად ჰქონდათ სამართლის განცდა. არ მახსოვს, არასამართლიანი გადაწყვეტილება მიეღოთ. ასე იყო მამაჩემიც – ძალიან მართალი კაცი გახლდათ. მამა ცოცხალი აღარ არის. დედა მყავს, რომელმაც ინსულტი გადაიტანა და 2 წელია ლოგინს არის მიჯაჭვული.
გენეტიკას დიდი ძალა აქვს და ეს ძარღვი გრძელდება თუნდაც გიორგის სახით. გიორგი განსაკუთრებით მამაჩემს ჰგავს. მამამისსაც ამგვანებენ, მაგრამ მამაჩემს უფრო ჰგავს როგორც ვიზუალურად, ასევე ხასიათით. ისიც წერდა ლექსებს და ბავშვობაში მეც ვწერდი. სკოლაში ძალიან აქტიური ვიყავი, კედლის გაზეთებს ვაფორმებდი.
გიორგი 2 წლის იყო, როცა ვიფიქრე, რომ პოეტი გახდებოდა. თამაშობდა და ასეთი ფრაზა თქვა: “შავო ფისო, ულვაშები ამოგდისო”. მაშინ მეუღლეს ვუთხარი, ნახე, გიორგიმ რა თქვა, მგონი, ლექსების წერას დაიწყებს-მეთქი. მის ცხოვრებაში პოეზია და ცეკვა ბავშვობიდან იყო.
სხვათა შორის, ძალიან ცელქი ბავშვი იყო, მაგრამ მოწესრიგებულიც. არ უყვარდა სათამაშოების გაფუჭება და ასეთი რაღაცები, ყველაფერი აინტერესებდა. სკოლაში პედიატრად ვმუშაობდი, ამავე დროს სკოლაში სპექტაკლებსაც ვდგამდი, ჩართული ვიყავი მოსწავლეების კულტურული ცხოვრების განვითარებაში.
– ბუნებრივია, თქვენი როლი ძალიან დიდი იქნება გიორგის განვითარებასა და მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში. თქვენს შვილს რომ საუბრის ასეთი სტილი აქვს, ესეც თქვენი დამსახურებაა?
გიორგი: უდიდესი როლი აქვს ყველაფერში, დედის გარეშე მე არ ვარსებობ!
ნანა: საუბრის ასეთი სტილი ბავშვობიდან ჩამოუყალიბდა. ზღაპარი დავდგით – “მიწა თავისას მოითხოვს”. ფილოსოფიური ზღაპარია, არაჩვეულებრივი, რომელიც ბევრ საზრდოს გაძლევს. გიორგი ამ სპექტაკლშიც მონაწილეობდა. ცოტნე დადიანის როლიც აქვს შესრულებული. მამამისი ყველაფერს უყვებოდა და გიორგიში ჩასახლდა ის მონაყოლი, მერე რაღაც თვითონ მოეწონა და გადაიღო.
ბავშვები რომ თამაშობდნენ, მათ საუბარს ვუსმენდი. სიტყვას რომ დაამახინჯებდნენ, ყველაფერს გადავდებდი და ვეტყოდი, აბა, დედა, ასე თქვი, ასე არ არის მიღებული-მეთქი. თითოეულ სიტყვას ვუსწორებდი.
გიორგი: დედამ შვილების გამო კარიერა დათმო. დედისთვის შვილების გაზრდაზე უფრო დიდი კარიერა არ არსებობს და დედამ ეს ძალიან ბევრჯერ დაუმტკიცა საკუთარ თავს და ჩვენ. ქალისთვის წოდება რომ იყოს, “კარგი შვილის დედა”, ამაზე უპირატესი კარიერა არ იქნებოდა. როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობს, ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადაო. ჩემი და-ძმა არიან ისეთი სიყვარულის გუნდები, რომ მათზე დგას მთელი ჩემი ენერგია – პოეტური, ძმური თუ კაცური. ჩემს ოჯახში არის ეს ენერგეტიკა თავმოყრილი.
სირთულეებთან ერთად ვიზრდებოდით, ვმტკიცდებოდით, ერთად გვიხაროდა, ცრემლიც ერთად გვდიოდა. ჩვენ ამ ყველაფერმა შეგვძინა ერთმანეთის სულების სიმტკიცე, თორემ შეიძლება ადამიანები ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ მათი სულები არ იყვნენ ასეთი მტკიცენი ერთმანეთში. უერთმანეთოდ არ შეგვიძლია და, დიდება უფალს, მარიამიც რომ გაჩუქდა. მოგეხსენებათ, სიტყვა “გათხოვება” არ მიყვარს. ლევანიკოც, მარიამის მეუღლე, ჩვენი ოჯახის წევრი შეიქნა. კიდევ ერთი მტკიცე აგური და ბოძი შემოვიდა ჩვენს ლამაზ ოჯახში და უფრო განმტკიცდა ჩვენი ოჯახი.
ნანა: ნამდვილად ერთი ოჯახი ვართ. ლევანიკოს ბებია და ბაბუა სამაგალითო ადამიანები არიან.
გიორგი: ლევანიკოს საოცარი ბაბუა და ბებია ჰყავს – ბატონი ჯონდო და ქალბატონი რუსუდანი, რომლებმაც სხვაგან ცხოვრება არ დაგვანებეს. ამაშიც დამტკიცდა ერთოჯახობა.
ნანა: ამ ადამიანებთან ცხოვრება არის სწავლა. იცით, როგორები არიან? ძველი არისტოკრატები რომ წარმოგიდგენიათ, ისეთები. ბედნიერები ვართ, რომ ეს ოჯახი გვყავს.
– გიორგი, თქვენი გადმოსახედიდან როგორი ბავშვობა გქონდათ, მშობლები ყველა სურვილს გისრულებდნენ თუ იყო აკრძალვები?
გიორგი: მე მქონდა ლეგენდარული ბავშვობა. ყველა ადამიანის ბავშვობა არის ლეგენდარული, რაც უნდა რუხ ფერებში გადაწყვიტოს ცხოვრებამ მისი “გაფერადება”. ბავშვობა განუმეორებელია. ხელიც რომ დამიწვავს, ასეთი ფაქტებიც კი ტკბილად მახსენდება.
რაც შეეხება აკრძალვებს, ძალიან ბევრ რაღაცას მიკრძალავდნენ და ეს ძალიან ბევრი რაღაც იყო ჩემთვის ტკბილი.
– მაგალითად, რას გიკრძალავდნენ?
გიორგი: მაგალითად, მიკრძალავდნენ გვიანობამდე გარეთ, ქუჩაში ყოფნას. მე ფეხბურთს ვთამაშობდი, ვთხოვდი, რომ ცოტა ხნით კიდევ დავრჩებოდი. დედა ნებას მრთავდა, მაგრამ ბოლომდე ჩემსას მაინც არ გამატანინებდა. მომცემდა ხოლმე საშუალებას, ყველაფერი გამეანალიზებინა. მეუბნებოდა, რას რატომ მიკრძალავდა.
ერთხელ მშობლებმა მე და ჩემს დას იტალიიდან ქურთუკები ჩამოგვიტანეს. მოგეხსენებათ, 90-იანების თაობა ვართ და ჩემს კლასელებს ახალი ქურთუკები არ ჰქონდათ. დედამ სკოლაში არ ჩამაცვა, მითხრა, სხვა ბავშვებს არ აქვთ საშუალებაო. მაშინ ვერ მივხვდი და ვუთხარი, მათ თავიანთი მშობლები ჩამოუტანენ-მეთქი. მიპასუხა, ვერ ჩამოუტანენ, რადგან საშუალება არ აქვთო. დაბადების დღეებზე თუ მივდიოდით, მხოლოდ მაშინ გვაცმევდა.
ოჯახს თუ მატერიალურად ონდავ მეტის საშუალება აქვს, ეს ბავშვებს შორის არასდროს უნდა გამოვლინდეს. მე ვეთანხმები იმას, რომ სკოლაში ბავშვებმა ფორმებით იარონ.
– გიორგი, თქვენს დაძმობაზე კი ისაუბრეთ, მაგრამ მაინც – როგორ დაახასიათებთ მათ, როგორია თქვენი ურთიერთობები?
გიორგი: ყველასთან პიროვნული ურთიერთობა მაქვს, ინდივიდუალური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს უფროს დას, მარიამს, ვეძახი ტყუპისცალს, რადგან ყველგან ერთად დავდიოდით – ბაღი, სკოლა, კარატე, სოლფეჯიო… მეორე დას, ნუცას, პირად დას ვეძახი. მე და ნუცამ სხვა ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ ერთმანეთთან. ნუცა საოცრად “მგრძნობს”. ასევე მყავს არაჩვეულებრივი უმცროსი ძმა – დავითი.
– გიორგი, გქონდათ გამორჩეული დაბადების დღე, რომელიც განსაკუთრებულად გახსოვთ?
გიორგი: კი. ერთხელ ჩვენი ოჯახის უსაყვარლესმა მეგობარმა, ბესო ჯარიაშვილმა, ლეკვი მაჩუქა, რომელმაც ფაქტობრივად ჩემში გარდატეხა მოახდინა. მაშინ 15 წლის ვიყავი. ჩემს ძაღლს ბობო ერქვა. ეს ლეკვი რომ მაჩუქა, მივხვდი, რომ ძვირადღირებული საჩუქრები, რაც კი გამაჩნდა, არაფერი იყო. იმ პატარა ლეკვის თვალებად არაფერი ღირდა.
– ქალბატონო ნანა, გიორგი როგორი თინეიჯერი იყო, ამ ასაკისთვის დამახასიათებელი პრობლემები როგორ გადალახეთ?
ნანა: დადიოდა მოტოციკლეტით, აიკლებდა ხოლმე ყველაფერს. ვეუბნებოდი, დედა, უკვე გაიზარდე-მეთქი და ამაზე პასუხი ჰქონდა გამზადებული: “დედა, 18 წლამდე დრო მაქვს”. 18 წლამდე ყველანაირი ცელქობის უფლებას აძლევდა თავს. აი, ასეთი თინეიჯერი იყო. პრობლემები არ ყოფილა. ძალიან თბილი, ტკბილი და მოსიყვარულე იყო. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
– გიორგი, სკოლაში როგორ სწავლობდით, რომელი საგანი გიყვარდათ?
გიორგი: ერთხელ დედამ მითხრა, არასდროს მოვკვდები, თუ კარგად ისწავლიო. კი, კარგად ვსწავლობდი. არ არსებობდა საგანი, რომელიც არ მიყვარდა. უსიყვარულობა ჩემთან ვერ ძმაკაცობს.
– ქალბატონო ნანა, გიორგის არ ეუბნებით, რომ უკვე დაოჯახების დროა?
ნანა: მთავარია, გავიგო, რომ მას ვინმე მოსწონს და უყვარს. ამას, რა თქმა უნდა, მივესალმები. ვიცი, ჯერ არავინ არსებობს მის ცხოვრებაში, ამიტომ ვერ ვეუბნები სიტყვას – “მოიყვანე”. მინდა, ლამაზი ქართული ოჯახი შექმნას.
შემიძლია დავამშვიდო ჩემი მომავალი რძალი, რომ მათ ცხოვრებაში არ ჩავერევი. მათ მარტო მოვეფერები, მეტი არაფერი. გიორგი ძალიან კარგი მეუღლე იქნება, სანატრელი. ალბათ ყველა გოგოს რომ მოეწონება, ისეთი.
– გიორგი, მართლა არავინ არის თქვენს ცხოვრებაში, თქვენი გული თავისუფალია?
გიორგი: კი, თავისუფალია, არავინ არსებობს.
– როგორი უნდა იყოს ის ერთადერთი?
გიორგი: საკუთარ თავს უნდა ჰგავდეს. მზესავით თბილი და ნათელი უნდა იყოს და მარადჟამს ჩემს ცხოვრებაში უნდა იყოს.

