ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე
მირზა სხულუხია 23 წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონი გახდა. ქუთაისელმა ფალავანმა ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი, ჩერმან ვალიევი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მსოფლიო პირველობამდე გზა ახალგაზრდა სპორტსმენისათვის იოლი გასავლელი არ ყოფილა, გამოსცადა გაჭირვებაც, იმედგაცრუებაც, ჩავარდნაც… მაგრამ ჩემპიონი მაინც გახდა, მისი გამარჯვების აღსანიშნავად საქართველოს ჰიმნი უცხო ქვეყანაში მაინც აჟღერდა. სწორედ ამ გზის შესახებ მირზა “სარკეს” უამბობს.
– მირზა, თქვენი გამარჯვებით ბუდაპეშტში ქართული ჰიმნი აჟღერდა და ქართული დროშა აღიმართა. როგორ შეაფასებთ ამ ჩემპიონატს, რა სირთულეები გადალახეთ?
– ეს იყო 23 წლამდელთა შორის ჩემპიონატი. ოთხი შეხვედრა ჩავატარე და ოთხივე გამარჯვებით დავასრულე. პირველი შეხვედრა მოვუგე კანადელს, მეორე – იაპონელს, მესამე – უკრაინელს და ბოლო – რუსს.
– რუსი სპორტსმენის დამარცხებით მოიპოვეთ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელთან შეჭიდება განსხვავებული ემოციებით წარიმართა?
– როდესაც გავიგე, რომ რუსეთის წარმომადგენელთან მომიწევდა ასპარეზობა, ბუნებრივია, ორმაგი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ჩემი კონკურენტი იყო იმ ქვეყნიდან, რომლის ხელისუფლებამაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი მიიტაცა. ამიტომ ორმაგად მეტი შემართება მქონდა, რადგან მსურდა, დამემარცხებინა.
– რამდენი წლის იყავით, როცა სპორტის ამ სახეობაში დაიწყეთ ვარჯიში?
– 6 წლის ასაკში დავიწყე ჭიდაობაზე სიარული და მას შემდეგ სპორტის ამ სახეობაში ვარ. ჩემი და ჩემი მშობლების ერთობლივი სურვილი იყო, სკოლის პარალელურად სპორტზე მევლო.
– წარმატებამდე ხშირია იმედგაცრუებები, საყვარელ საქმეზე ხელის ჩაქნევა… თქვენთვისაც ნაცნობია ეს შეგრძნებები?
– ძალიან ბევრჯერ მიგრძვნია იმედგაცრუება. 18 წლის ვიყავი, როდესაც ტრავმების გამო ორწლიანი იძულებითი ჩავარდნა მქონდა და ამან ძალიან შემიშალა ხელი. 2 წლის წინაც მქონდა ჩავარდნა ერთი წლით. სპორტი დაბრკოლებებით და ბარიერებით არის სავსე.
– დიდი გამარჯვების უკან ყოველთვის დიდი შრომა და ძალისხმევა დევს, ზოგჯერ სპორტსმენებს ბევრი რამის დათმობა უწევთ. თქვენს ცხოვრებაში რა შეიწირა სპორტმა?
– დიდი სპორტი ბევრ აკრძალვას მოითხოვს. აი, მაგალითად, კვების რაციონი მკაცრად მაქვს გაწერილი. ასევე – სპორტსმენებს აკრძალული გვაქვს ალკოჰოლის მიღება, სიგარეტზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობებს, მაქვს პერიოდი, როდესაც დღეში სამჯერ რამდენიმე საათით ვვარჯიშობთ. ეს ბევრისთვის წარმოუდგენელიც კი არის, მაგრამ ასეა.
– როგორ გარემოში გიხდებათ ვარჯიში, გაქვთ შესაბამისი პირობები?
– ბევრი ტიტულოვანი სპორტსმენი ვარჯიშობს ძალიან პატარა დარბაზში. დღემდე წვალებ-წვალებით მოვდივართ. იმდენად პატარა დარბაზია, რომ წესიერად ხალიჩაც ვერ ეტევა და მორიგეობით გვიწევს ვარჯიში.
მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს გამარჯვებაში. ოჯახის, მწვრთნელების და ჩემი შრომის შედეგია მსოფლიოს პირველობის მოპოვება.
– კარგია, რომ ოჯახს ამაგი დაუფასდა. ახლა თქვენი გამარჯვებით ძალიან ბედნიერები იქნებიან.
– ბუნებრივია, მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს. ჩემი ასპარეზობისას იმდენად ნერვიულობდნენ და განიცდიდნენ, ზოგი ვერც უყურებდა. თურმე დედაჩემი იმდენად ნერვიულობდა, რომ იმ ოთახში, სადაც ჩემს გამოსვლას უყურებდნენ, პერიოდულად შედიოდა.
– როგორ შეგხვდათ მშობლიური ქუთაისი გამარჯვებულს?
– ყველას ძალიან გაუხარდა. ქუთაისში ძალიან უყვართ სპორტი და სპორტსმენები. ჩემი გულშემატკივრები, მეზობლები, მეგობრები და ყველა ის ადამიანი, რომლებმაც ჩემი და ქვეყნის გამარჯვების შესახებ შეიტყვეს, ძალიან ბედნიერები იყვნენ.
– როგორც ვიცი, დიდი ხანი არ არის, რაც ოჯახი შექმენით. ცოლს ხომ არ უჭირს სპორტსმენი ქმრის სპორტულ გრაფიკთან შეგუება?
– მეუღლე ჩემი პირველი გულშემატკივარია, ძალიან მიდგას გვერდით. ყველანაირ პირობას მიქმნის, რომ ხელი არაფერში შემეშალოს. კარიერული წინსვლის გაგრძელებაში ძალიან მეხმარება. არის შემთხვევები, როდესაც ერთი თვე სახლში ვერ მივდივარ. ბუნებრივია, ქალისთვის ეს რთულია, მაგრამ მეუღლე ამას ეგუება. ცდილობს, ყველაფერში გამიგოს. მან თავიდანვე იცოდა, რომ სპორტის ეს სახეობა მქონდა არჩეული და ჩემი მიზანი იყო, მშობლიური ქალაქის და ქვეყნის სახელი შორს გამეტანა.
– ეს გამარჯვება ვის მიუძღვენით?
– ჩემს მეუღლეს მივუძღვენი. ჩვენს ოჯახში რამდენიმე თვეში სიახლე იქნება, მამა გავხდები, გოგო გვეყოლება.
– გსურთ, რომ თქვენი შვილიც სპორტსმენი გამოვიდეს?
– არა, ჩემი გოგონა დიდი სპორტისთვის ნამდვილად მენანება. სპორტს ძალიან დიდი ჟინი და სიძლიერე სჭირდება. მინდა, უფრო იოლი და მარტივი საქმე აირჩიოს.
– სპორტსმენებს ყოველი დღე გაწერილი გაქვთ. თქვენ რას აპირებთ უახლოეს მომავალში?
– ჩემი სამომავლო გეგმებია ამ შედეგის გამეორება და ასეთივე გამარჯვების მოპოვება დიდებში. მინდა, სპორტულ სამყაროში მყარად დავიმკვიდრო ადგილი.

