ავთო ჩიტიძე, სარკე
მსახიობი ნინუცა მაყაშვილი “რუსთავი 2”-ის დილის ეთერის ყველაზე მხიარული, ექსტრემალური, ენერგიული წამყვანია, რომელიც ამინდის პროგნოზის რუბრიკას უძღვება. სტუდიაში კომფორტულად ჯდომას თავგადასავლები არჩია, ამიტომ მაყურებელს ამინდს ხან კლდეზე დაკიდებული ამცნობს, ხანაც მოტოციკლეტზე შემომჯდარი. ეშინია თუ არა ამ დროს ან საერთოდ აქვს თუ არა რამის შიში, ამ და სხვა თემებზე ნინუცა “სარკესთან” საუბრობს.
– ნინუცა, როგორ მიიღეთ ახალი გამოწვევა, როცა “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემის ამინდის პროგნოზის წამყვანობა შემოგთავაზეს?
– ძალიან დიდი ხანი ვიყავი გაჩერებული, აქტიურად არ ვჩანდი ეკრანზე და ამიტომ ძალიან გამიხარდა, როდესაც დილის გადაცემაში ამინდის წაყვანა შემომთავაზეს. “მაესტროზე” როცა ვმუშაობდი, ძალიან დავიღალე და ვთქვი, რომ დილის გადაცემაში მუშაობას არასოდეს დავთანხმდებოდი. თუმცა “რუსთავი 2”-ის ზარმა საკუთარი თავისადმი მიცემული პირობა იმავე წუთს დამავიწყა. საერთოდ არ მიყოყმანია, მაშინვე დავთანხმდი. ყველაფრისთვის მზად ვიყავი, ოღონდ ამ გუნდთან ერთად მემუშვა.
– სტუდიაში არ გიწევთ მუშაობა, ექსტრემალურ სიტუაციებში ხართ, მაგრამ მაინც ყველაზე მხიარული და ენერგიული თქვენ ხართ. საიდან იღებთ ამ ენერგიას?
– ასეთი ხასიათი მაქვს. ვცდილობ, საქმეს მხიარულად და პოზიტიურად მივუდგე, თანაც ეს საქმე ძალიან მსიამოვნებს. ბევრი ახალი შეგრძნება გამოვცადე. კამერასთან თამაში არ შემიძლია, ჩემი ყველა ემოცია ძალიან ბუნებრივია. დილით ადრე ადგომა და თბილი ლოგინის დატოვება ძალიან მიჭირს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აცივდა. ვერ წარმოიდგენთ, რამდენ ფენად მაცვია ტანსაცმელი.
დილით ძალიან სწრაფად ვემზადები, 5 წუთი საკმარისია იმისათვის, რომ სრულ მზადყოფნაში ვიყო.
– ხშირად ხართ ექსტრემალურ სიტუაციებში. ძალიან თამამი და გაბედული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ. არ გაქვთ ფობიები და შიშები?
– ყოველთვის მაქვს საკუთარი თავის იმედი და არასოდეს ვაკეთებ ისეთ რამეს, რაც საფრთხის წინაშე დამაყენებს. ხან ტანმოვარჯიშე ვხდები, ხან – კლდეზე მცოცავი.
გაგეცინებათ, მაგრამ ყველაზე მეტად მეშინია წერეთლის მეტროში, ფოიეში. აკაკის დიდ მონუმენტს რომ ვუყურებ, ცუდად ვხდები. საერთოდ ძეგლებთან მიახლოება მიჭირს. პატარ-პატარა შიშებს ადვილად ვლახავ, მაგრამ ამას ისევ ვებრძვი. თუმცა, კამერა როცა ირთვება, ყველაფერი მავიწყდება. ამ დროს, რომ მითხრა, სტრატოსფეროდან გადმოვხტები. მომწონს, როდესაც იმას ვაკეთებ, რაც აქამდე არ გამიკეთებია. ჩემი საქმისთვის სკუტერისა და მოტოციკლეტის ტარება ვისწავლე.
– გაცილებით დიდი კომფორტია სტუდიაში მუშაობა. ხომ არ გშურთ ხოლმე თქვენი კოლეგების?
– ერთადერთი, რაც მშურს, ის არის, რომ ძალიან ლამაზად აცვიათ. მე კი უამრავი ტანსაცმლით, კომბოსტოსავით ვარ ხოლმე. ესენი გამოპრანჭულები სხედან, თან ყავას სვამენ და ისე მიჰყავთ გადაცემა. უბრალოდ ხანდახან მიჩნდება სურვილი, რომ წამყვანების გვერდით ვიყო. განსაკუთრებით, როცა ესმა კუნჭულია გემრიელ საჭმელებს აკეთებს. თუმცა, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, სტუდიაში ჯდომა მოსაბეზრებელი იქნებოდა.
– წლების მატებასთან ერთად თუ გაგიჩნდათ სურვილი, რომ უფრო ქალურ სტილზე გადახვიდეთ?
– ჩემს ცხოვრებაში წლებმა არაფერი მოიტანა, ზუსტად ისეთივე ვარ, როგორიც 5-10 წლის წინ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის სოციალურ ქსელში, სადაც პირდაპირ წერენ, რით ვერ დაღვინდი, როდემდე უნდა გიქროდეს თავშიო, მაგრამ არაფრით შემიძლია, ვიყო ის, ვინც არ ვარ. დაღვინებას ყოველთვის მოვასწრებ, ვიღაცის გულის მოსაგებად ხელოვნური ვერ ვიქნები.
– ალბათ ამით დედას, მსახიობ თამარ მაყაშვილს ჰგავხართ.
– ოჯახში ყველანი ასეთები ვართ – დედაჩემიც, მეც, ჩემი დაც (მსახიობი რუსკა მაყაშვილი. ავტ.). სამივე ერთად რომ ვართ, სრული კატასტროფაა. ისეთი ხმაურიანები ვართ, რომ ხანდახან ამის ყურება მართლაც შეუძლებელია. დედაჩემის ასაკშიც ალბათ ზუსტად ისეთივე ვიქნები, როგორიც ახლა ვარ.
– როგორ გახსენდებათ ის პერიოდი, როდესაც ყველანი ერთ ოჯახში ცხოვრობდით?
– ყველაზე მეტად მენატრება ბავშვობა და ის წლები, როდესაც მთელი ოჯახი ერთად ვიყავით. ვთვლი, რომ სასწაული ბავშვობა მქონდა და დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი იმ პერიოდში. ყველანი ძალიან დაკავებულები ვართ და ნაკლებად ვიცლით ერთმანეთისთვის. დედასთან და დასთან ძირითადად ტელეფონით და სოციალური ქსელით მაქვს ურთიერთობა. დილით ტელევიზიაში ვარ, საღამოს კარაოკეში ვმუშაობ, შვილთან ყოფნასაც კი ვერ ვახერხებ.
მენატრება ის ხალხმრავლობა, რომელიც ჩვენს ოჯახში სულ იყო.
– პატარა ბიჭის ახალგაზრდა დედა ხართ. გვიამბეთ თქვენს ურთიერთობაზე შვილთან.
– ჩვენი დაძმური ურთიერთობა გრძელდება, რადგან დედის ფუნქციას უფრო ბებია ასრულებს. დილით როცა მივდივარ, მას სძინავს, ამიტომ სკოლაშიც ვერ ვაცილებ. ვცდილობ, სკოლიდან მაინც გამოვიყვანო და ამას ხანდახან მაინც ვახერხებ. 7 საათამდე არის გახანგრძლივებულში და იქ ჰყავს კიდევ ერთი დედა, სასწაული მასწავლებელი! სახლში როცა მოდის, მე ისევ სამსახუში მივდივარ – კლუბში. დაძინებითაც ვერ ვაძინებ ჩემს შვილს.
– მერე არ აპროტესტებს?
– ხვდება, რომ აუცილებელია ჩემი აქტიური მუშაობა. ძალიანაც მიხარია, რომ ჩემი შვილი ხედავს, მუშაობის და საქმის გარეშე არაფერი გამოვა ცხოვრებაში. მინდა, თვითონაც იცოდეს შრომის ფასი. რა თქმა უნდა, მაინც ვცდილობ, ყოველი თავისუფალი წუთი შვილთან გავატარო. ზოგჯერ მკაცრი ვარ, ზოგჯერ – მეგობრული. ისიც ბევრ რამეში გვგავს ჩვენ, მაყაშვილებს – ძალიან ენერგიულია. თუმცა ჩემს ძმას ვერავინ ჯობნის, შეუძლია მთელი დღე ილაპარაკოს, მართლა არასოდეს ჩუმდება. ხანდახან ჩემს შვილს რომ ვუყურებ, მიკვირს, ამხელა რომ არის. 10 წლის გახდა.
– გინდათ, კიდევ გააჩინოთ შვილი?
– აუცილებლად. იმედია, როცა შვილის გაჩენას გადავწყვეტ, ის მაინც იქნება გოგონა. სულ ბიჭები იბადებიან ჩვენს სახლში.
– მას შემდეგ, რაც ოჯახი დაგენგრათ, გათხოვებაზე აღარ ფიქრობთ?
– ახლა ოჯახის შექმნაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, არც მცალია და არც მინდა. როცა დავღვინდები, მეორე ოჯახზე ალბათ მაშინ ვიფიქრებ. ამ ეტაპზე ჩემი გათხოვება წარმოუდგენლად მიმაჩნია.
– სიყვარული რამდენად გცვლით?
– როცა შეყვარებული ვარ, ნამდვილად ვიცვლები. ძალიან რომანტიკული ვარ და, როგორც მეგობრები ამბობენ, შეყვარებულობის დროს ეს ხასიათი ძალიან მეტყობა. სიყვარულში ჩემთვის მთავარი სიმშვიდე, ჰარმონიაა, რომ ურთიერთობა იყოს ტყუილების და გულისტკენის გარეშე.
– ხშირად უტკენიათ გული?
– კი, ძალიან ხშირად. აღმოჩნდა, რომ ერთი ძალიან ცუდი თვისება მაქვს – ბევრის მოთმენა შემიძლია. მივხვდი, რომ არ არის საჭირო, ბევრი ითმინო – სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს. მე კი არასოდეს ვკარგავდი იმედს, რომ ურთიერთობაში როცა ჩნდებოდა პრობლემა, ის გამოსწორდებოდა, გაივლიდა, მაგრამ მწარედ ვცდებოდი. როცა ადამიანს ხუთჯერ და ათჯერ აპატიებ, შენ გამოდიხარ შტერი და არა – ის. ურთიერთობა როცა ტოქსიკური ხდება, მაშინვე უნდა დასრულდეს.
– თქვენი ცხოვრების 32 წლის მანძილზე რა გახსენდებათ ყველაზე რთულ პერიოდად?
– ასე კონკრეტულად არ მინდა დასახელება, მაგრამ 10 წლის წინ ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა. ასეთ დროს ძალიან მეხმარებიან ოჯახის წევრები, ვარჯიში.
– თეატრის სცენა არ გენატრებათ?
– თეატრალური სცენა მოკვდა ჩემთვის. გაურკვეველი მიზეზების გამო რუსთაველის თეატრიდან 37 კაცი გამოგვიშვეს. ამით მოკვდა ჩემთვის თეატრალური სამყარო, რადგან ის ენთუზიაზმი, რაც ამ საქმეში მქონდა, მომიკლეს. იქით გახედვა საერთოდ აღარც მინდა. მომავალში რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ახლა თეატრის ხსენება აღარ მსურს.
