ნანი ბრეგვაძე: ,,ჩემს შემთხვევაში ალბათ ზევიდან გადმოდის რაღაც”

ნანი ბრეგვაძე: ,,ჩემს შემთხვევაში ალბათ ზევიდან გადმოდის რაღაც"ქართული სცენის ლეგენდამ, ნანი ბრეგვაძემ ახლახან პროექტ ,,მხოლოდ ქართულში” ფურორი მოახდინა არამარტო სიმღერით, არამედ გარეგნობით, ჩაცმულობით. ის ,,კვირის პალიტრასთან” საუბრობს.
-სცენაზე ისეთ ფორმაში გამოჩნდით, მთელი საქართველო შოკში იყო… სოციალური ქსელი აფეთქდა და იქნებ გაგვანდოთ, რა არის ამ საოცარი ვიზუალის საიდუმლო…
– კი, მითხრეს და იმდენად მიკვირს, თქვენ რომ ვერ წარმოიდგენთ! წარმოდგენა არ მაქვს, რა საიდუმლოზე მესაუბრებით!

თქვენ თუ თვლით, რომ კარგად გამოვიყურები, ჩემს შემთხვევაში ალბათ ზევიდან გადმოდის რაღაც… ალბათ გენეტიკა არ მაქვს ცუდი, ძალიან რთულია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ჯიშს აქვს მნიშვნელობა!

შეიძლება ლამაზი არ იყო, სილამაზე მიდის და სხვა რამ გრჩება… კეთილშობილი, წყნარი და მშვიდი უნდა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უკვე საშინელებაა! ახალგაზრდების სიკვდილიანობაზე და განუკითხაობაზე უარესი არაფერია! ყველაზე მეტად მეჯავრება ტყუილი და ადამიანი რომ სინდისს კარგავს… არ შეგიძლია გამოეყო იმ მოვლენებს, რაც გარშემო ხდება და თქვა, მე კარგად ვარო. ცხადია, ყველაფერს ძალიან განვიცდი, მაგრამ კარგიც უნდა დაინახო, თუნდაც მცირედი იყოს. ოჯახზე უმთავრესი და ამაზე დიდი საყრდენი კი არაფერია!..

მე ალბათ ვეღარ მოვესწრები, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენს მომავალ თაობებს ექნებათ ქვეყნის მოვლის კულტურა! ღმერთმა მისცეთ უფრო წყნარი ცხოვრება! გული მტკივა და ყველას ვუსამძიმრებ, რომელთაც შვილები დაეღუპათ, თან სხვისი არასწორი საქციელის გამო…
ვისურვებდი, ადამიანებს ურთიერთპატივისცემა მაინც გვქონოდეს, სიყვარული თუ არ შეგვიძლია.
კვირის პალიტრა