კოტიკო გოგინაშვილი
იტალიური კინოს სუპერვარსკვლავი ანა მანიანი ბევრ ცნობილ ფილმში თამაშობს. ამ სტატიაში მის 4 ფილმს განვიხილავთ.
ყველაზე ლამაზი
ეს ფილმი გამოვიდა 1951 წელს, რეჟისორია ლუკინო ვისკონტი. ფილმის მთავარი მოქმედი პირები არიან ერთი იტალიური ოჯახის წევრები, რომლებიც ცხოვრობენ გაჭირვებულ პერიოდში. ერთ მშვენიერ დღეს მადალენა გაიგებს, რომ ერთი კინოსტუდია აცხადებს ქასთინგს 6-8 წლის გოგონების მიღებაზე. აქედან იწყება ყველაზე საინტერესო მომენტები.
მადალენა გადაწყვეტს, რომ მისმა ქალიშვილმა მარიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ქასთინგში. ოჯახს უჭირს გადასახადების გადახდა, აქედან გამომდინარე, მარია არის მთავარი იმედი. მას თუ აიყვანენ, მაშინ ღატაკი ოჯახი იშოვის ფულს და უამრავ პრობლემას მოიშორებს.
მთავარი როლის შემსრულებელი, ფილმის მთავარი პერსონაჟი არის ძალიან ტემპერამენტული და ემოციური მადალენა. მის როლს ასრულებს ანა მანიანი. ანამ ამ ფილმში დაანახა უცხოელ მაყურებელს ნამდვილი იტალიელი დედის სახე. იგი ყველა წვრილმანს აქცევს ყურადღებას და თავისი ფეთქებადი ხასიათის გამო ბევრ ადამიანს თავს აბეზრებს.
ფილმის დასაწყისში ერთი სცენaა, სადაც მადალენა და მარია წასულები არიან ქასთინგზე, იქ დაიკარგება მარია, რის გამოც მან ძალიან გაანერვიულა თავისი დედა. ამის შემდეგ მადალენამ რამდენჯერმე შემოარტყა თავის ქალიშვილს, ემოციური იტალიელი დედა სამხრეთელისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტული ხასიათის გამო მოიქცა ასე. ერთხელ მადალენასთან და მარიასთან მოვა ყოფილი იტალიელი მსახიობი, რომელიც გადაწყვეტს, ამეცადინოს მარია. ამ ფაქტით მარიას დედა ძალიან გაკვირვებული დარჩება და სამზარეულოში საკუთარ თავთან იწყებს საუბარს, რითაც იგი ფსიქიკურად შეშლილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ფილმის ბოლოსკენ მადალენა დაანახებს მაყურებელს, რომ მას საკუთარი შვილი ყველაზე მეტად უყვარს. შემმოწმებელთა ჯგუფმა მარიას ვიდეოზე დაიწყო სიცილი, რაც ნიშნავდა ახალგაზრდას მასხრად აგდებას, თუმცა ისინი გადაწყვეტენ მარიას აყვანას. აი აქ კი მიიღებენ მტკიცე უარს მადალენასგან, რომელიც ვერ დაუშვებდა, რომ მისი შვილი გამხდარიყო იტალიელი მაყურებლის დასაცინი ობიექტი.
ჩემი აზრით, ფილმის მთავარი სათქმელი ეხება ოჯახურ და განსაკუთრებით დედაშვილურ სიყვარულს. მადალენამ ასევე დატოვა ძალიან პრინციპული ადამიანის შთაბეჭდილება. მარიას აყვანით ოჯახი ფულს იშოვიდა, მაგრამ ამით პატარა გოგოს რეპუტაცია შეილახებოდა, რასაც ერთგული იტალიელი დედა არ დაუშვებდა.
აქედან ჩანს, რომ მადალენასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი საყვარელი გოგოს ბედნიერება.
ოქროს ეტლი
ყველაზე ლამაზის შემდეგ ერთი წლის მერე გამოვიდა ჟან რენუარის ფილმი ოქროს ეტლი. მოვლენები ვითარდება პერუში, სადაც იტალიელთა სამსახიობო ჯგუფი კამილას ხელმძღვანელობით ჩადის, რათა დააარსოს თეატრი.
ფილმში ნაჩვენებია ძალიან ბევრი კარგი სცენა, რომელიც ეხება თეატრის მსახიობების თამაშს. ყველაზე მეტად მომეწონა სარკის სცენა, რომლის იმიტაციას ასრულებდა კამილა. ჟან რენუარის ეს შემოქმედება არის კლასიკური სასიყვარულო სამკუთხედის მაგალითი (ზოგისთვის შეიძლება ოთხკუთხედიც კი იყოს) – ფელიპე, ადგილობრივი ტორეადორი რამონი და მეფისნაცვალი იბრძვიან ერთი მიზნისთვის და ეს არის კამილას გულის მოგება.
კამილას როლს ანა მანიანი ასრულებს. კამილა ძალიან წარმატებულია სცენაზე, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში არ აქვს ისეთი მიღწევები, რომლებიც შეგვიძლია შევადაროთ მის სამსახიობო წარმატებას. ყველაზე ლამაზისგან განსხვავებით, სადაც ანა თამაშობდა ძალიან ემოციური ადამიანის როლს, ოქროს ეტლში კამილა გიჟური ტემპერამენტით არ გამოირჩევა, თუმცა უემოციო ნამდვილად არ არის.
კამილა მთელი ფილმის განმავლობაში არ მომწონდა, მაგრამ ფილმის ბოლო სცენის ყურების შემდეგ აზრი შევიცვალე. ამ სცენაში კამილა გადაწყვეტს, მეფისნაცვლის ნაჩუქარი ოქროს ეტლი ეკლესიას გადასცეს.
დედა რომა
პიერ პაოლო პაზოლინის ფილმი დედა რომა გამოვიდა 1962 წელს. აქაც, ყველაზე ლამაზის მსგავსად, მთავარი თემა არის დედასა და შვილის ურთიერთობა, ამჯერად შვილი არის ბიჭი, რომლის სახელია ეტორე.
გაღატაკებული დედა-შვილი ფრიულიდან ჩადის რომში, რათა იშოვონ სამსახური და ფული. გამოსარჩევია ეტორეს პიროვნული სახე და მისი გრძნობები. ახალგაზრდა იტალიელი ცდილობს, დაიმკვიდროს საკუთარი თავი რომში, იგი დაუმეგობრდება ადგილობრივ რომაელ ბიჭებს, რომლებიც ქურდობით ცდილობენ, იშოვონ ფული. ეტორეს აქვს გრძნობები ლამაზი იტალიელი გოგონების მიმართ, მას შეუყვარდება ბრუნა. დედამისს არ სურს, რომ მისი ვაჟი ცხოვრობდეს და ჰქონდეს რომანი ბრუნასთან. ამისთვის იგი დაუკავშირდება ბიანკოფიორეს, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად მთელს რომში.
მთავარი როლის შემსრულებელი ანა მანიანი არის თვით დედა რომას სახე.
ვფიქრობ, რომ ანამ დედა რომას როლი იდეალურად შეასრულა, ამ ფილმში ანას პერსონაჟი ხალხის თვალში არის მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და თავისი ქცევებით ამას ადასტურებს კიდეც. ფილმში არის სცენები, სადაც დედა რომასთან მიდიოდნენ მისი ძველი კლიენტები.
ფილმის დასასრული არის საშინლად სევდიანი და მძიმე საყურებელი. ეტორე თავს ანებებს სამსახურს, რადგან თვლის, რომ ოფიციანტად მუშაობა მისთვის არ არის შესაფერისი პროფესია. წესიერი ბიჭიდან იგი ხდება იმ დროისთვის დამახასიათებელი ერთი ჩვეულებრივი იტალიელი ყაჩაღი და ქურდი. ამისთვის იგი დაისჯება კიდეც.
ბრუნასთანაც იძაბება ურთიერთობა. მთელი ფილმის განმავლობაში მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დედას შვილის ბედი სულ არ ადარდებს, მაგრამ ბოლოსკენ აზრი შემეცვალა. დედა რომამ თვითმკვლელობის ჩადენა გადაწყვიტა, როცა გაიგო, რომ მისი შვილი ციხეში აღმოჩნდა, მაგრამ იქვე მდგომი ხალხი მას გადაარჩენს.
ეტორე მთელი ფილმი საუბრობს იმაზე, რომ დედა არ უყვარს, მაგრამ ციხეში ყოველ წუთში მის სახელს ახსენებს. ვფიქრობ, რომ ეს ფილმი საკმაოდ დამაფიქრებელი და ცხოვრებისეულია.
რომი ღია ქალაქი
რობერტო როსელინის ეს საომარი და რაღაც კონტექსტში ისტორიული ფილმი გამოვიდა 1945 წელს. ფილმის სიუჟეტი ძალიან დაძაბულია, საწყალი იტალიელები ქაოსში არიან გახვეულნი და არ იციან, რით დაუპირისპირდნენ გერმანელებს. რომში არის სპეციალური დაჯგუფება, რომლის მთავარი მიზანი არის აჯანყება და გერმანელების დამარცხება. გერმანელები ცდილობენ, დაიჭირონ ამ აჯანყების მთავარი ორგანიზატორი ლუიჯი ფერარესი.
ამ ფილმში ანა მანიანი ასრულებს პინას როლს, რომელიც რევოლუციონერ იტალიელებთან მეგობრობს. წინა ფილმებისგან განსხვავებით, მანიანის პერსონაჟი მშვიდი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. მას თავგანწირვით შეუძლია ბრძოლა საკუთარი მეგობრებისთვის. ერთ-ერთ სცენაში გერმანელი ჯარისკაცებისგან თოფის ტყვიებიც მოხვდა, რადგან იგი ცდილობდა ფრანჩესკოსთან მისვლას. ამ ფილმში ანა მანიანის პერსონაჟი მამაცი ადამიანის განსახიერებაა.
რომი ღია ქალაქი ჰგავს რაიმე შუასაუკუნეების რაინდული სერიალის სიუჟეტს, სადაც ამბიციური დამპყრობლები ცდილობენ ათქმევინონ დაჭერილ მტრებს, თუ რა არის მათი სამეფოს სუსტი წერტილი, მაგრამ პასუხს ვერ იღებენ. გერმანელმა ოფიცრებმა ლუიჯი ფერარესი და დონ პიეტრო ფსიქოლოგიურად ვერ გატეხეს.
საშინელი დასასრულის მიუხედავად (ორივე პერსონაჟი მოკლეს), ეს ფილმი ძალიან საინტერსოა და კარგად გადმოსცემს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ვითარებას.

