ირმა ჭკუასელი, სარკე
ალექსანდრე ქიტესაშვილი პროექტ “საქართველოს ვარსკვლავში” დიზაინერ ზალიკო ბერგერის პაროდიით გამოჩნდა და ჟიურიც გაამხიარულა და მონაწილეებიც. მერე კი ისე იმღერა, რომ შემდეგ ტურში გადასასვლელი ბილეთი მოიპოვა.
მხიარული და პოზიტიური 24 წლის ბიჭის უკან საკმაოდ დრამატული ცხოვრება დგას. მან უამრავი რამ გადაიტანა, მაგრამ ფეხზე დადგომა მაინც შეძლო. ამ ყველაფერზე კონკურსანტი თავად გვიამბობს.
– 24 წლის ვარ, თბილისიდან. დედა და მამა მყავს. მშობლებს ყოველთვის კონფლიქტი ჰქონდათ ურთიერთობაში, ვერ უგებდნენ ერთმანეთს. არ ვიცი, ალბათ შემთხვევით შეხვდნენ ერთიმეორეს. 6 წლის ვიყავი, როცა დედა რუსეთში წავიდა და მამასთან და ბებოსთან დამტოვა. არ მივუტოვებივარ, უბრალოდ წავიდა იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა.
9 წლის ვიყავი, როდესაც ენცეფალიტი დამემართა. ხელები და ფეხები გამეთიშა და ჩემს გადარჩენას აღარ ელოდნენ. გაჭირვების პერიოდი იყო. ჩემთვის ძალიან რთული და ტრაგიკული გასახსენებელია, მაგრამ პაპამ რომ გაიგო, ენცეფალიტი დამემართა და ვკვდებოდი, კედელს თავი ურტყა და თავი მოიკლა. მარჯვენა ფეხი მოჭრილი ჰქონდა, თან კატარაქტაც აწუხებდა. შვილიშვილის სანახავად ვერ მივდივარ, რა აზრი აქვს ჩემს კაცობასო და…
უფლის წყალობით, ფეხზე წამოვდექი, მაგრამ მამამ ჩვენი ბინა გაყიდა და შემთხვევით იყიდა ბინა, რომლის საბუთებიც წესრიგში არ იყო.
– ბინა რატომ გაყიდა, თქვენი მკურნალობის გამო?
– არა, მკურნალობა უკვე დამთავრებული იყო. ბიზნესის წამოწყება უნდოდა. მაშინ 10 წლის ვიყავი. ბინა იყიდა, რომელიც თურმე უკვე სხვაზე იყო გაფორმებული. იმ პიროვნებას სიტყვაზე ენდო. ორ წელიწადში ის ბინა წაგვართვეს.
– როცა ავად გახდით, დედა არ იყო საქართველოში?
– არა.
– ახლაც რუსეთშია?
– არა, აქ არის. 3 წლის წინ ინსულტი დაემართა და ჩავარდნილია. ძალიან რთული ისტორიაა…
– დედა და მამა დღეს არ არიან ერთად?
– კი, ერთად არიან. დღეს მამაჩემი უვლის დედაჩემს, რადგან მას ხელ-ფეხი გაჩერებული აქვს.
– და ან ძმა გყავთ?
– ერთი და მყავს, 30 წლის. გათხოვილია და ცალკე ცხოვრობს.
– დღეს სად ცხოვრობს თქვენი ოჯახი, გაქვთ ბინა?
– დედაჩემის დედის ბინაში ვცხოვრობთ მე, მამა, დედა და ბებია. დეიდა ამ ბინის გაყიდვას და ჩვენთვის 5.000 დოლარის მოცემას აპირებს, რომ რამე ვიგირავოთ, რაშიც ეჭვი მეპარება, რადგან ეს თანხა საკმარისი არ არის საგირავებლად. დეიდასაც თავისი ოჯახური პრობლემები აქვს…
– ასეთი პრობლემებით დატვირთულმა გარდატეხის რთული ასაკი როგორ გაიარეთ?
– 14 წლის ვიყავი, როდესაც საქართველოდან რუსეთში წავედი და ალკოჰოლს მივეძალე. სასმელი მეხმარებოდა, რომ ჩემი წარსული დამევიწყებინა. საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მოსკოვში ერთ ოთახში ვცხოვრობდით მე, ჩემი და, დისშვილი, სიძე, დედაჩემი.
დედამ ჩემი და ცოტა ადრე წაიყვანა იქ, მერე მე წავედი. ჩემმა დამ იქ გაიცნო მომავალი ქმარი, ქართველი ბიჭი, მაგრამ მერე ერთმანეთს გაშორდნენ, ვერ შეეწყვნენ. შვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს – 10 წლის გოგონა. მერე მეორედ გათხოვდა და ძალიან ბედნიერია. თურქი მეუღლე ჰყავს, რომელიც ძალიან ტრადიციული ადამიანია. საჭმელს პირს არ დააკარებს, სანამ სუფრასთან მთელი ოჯახი არ შეიკრიბება.
– რა პროფესიის ხართ?
– არაფერი დამიმთავრებია. სკოლაში მხოლოდ 9 წელი ვისწავლე. სკოლა მოსკოვში დავამთავრე. იქ მივხვდი, რომ 16 წლიდან თურმე მუშაობა და ჩემი სიმღერით ფულის შოვნა შემიძლია. მუსიკა, თეატრი და ხელოვნება ჩემია.
– რამდენი წლის იყავით, როცა ჩამოხვედით საქართველოში?
– სამჯერ მომიწია ჩასვლა-ჩამოსვლა. ბოლოს 6-7 წლის წინ ჩამოვედი.
– დედა იქ დატოვეთ?
– დიახ. 3 წლის წინ ინსულტმა რომ დაემართა, მამაჩემი გადაფრინდა და ჩამოიყვანა. ძალიან რთულია, დედას ყოველდღიურად ასეთ მდგომარეობაში რომ ვუყურებ. მახსოვს, როგორ ჯანზე იყო, ახლა კი…
– ალკოჰოლზე დამოკიდებული ყოფილხართ. დაძლიეთ ეს პრობლემა?
– დიახ, გადავაგდე, შევეშვი და ძალიან ბედნიერი ვარ.
– როგორ მოახერხეთ?
– უბრალოდ ამოვიდა ყელში და წერტილი დავუსვი.
– დაგეხმარათ ვინმე?
– არავინ. თვითონ გადავწყვიტე, რომ ეს საშინელება იყო. საკუთარი თავის გარდა არავინ დამიდგება გვერდით. ძიებაში ვარ, თუ ვინ ვარ და რა უნდა გავაკეთო ამქვეყნად.
– რამდენი ხანი გაგრძელდა ალკოჰოლთან ბრძოლა?
– 10 წელი.
– მუსიკალური ნიჭი რა ასაკიდან გამოავლინეთ?
– 3 წლიდან. თურმე 9 თვის ვიყავი, როცა პაპამ დუბაიდან ჩამომიტანა ჭოჭინა, რომელსაც 3 თუ 4 ღილაკი ჰქონდა. ერთზე ყოფილა “მთვარის სონატა” და მას რომ ვაჭერდი ხელს, გასუსული ვუსმენდი. მერე ეს ხმა ტელევიზორში რომ გაისმა, კანკალი ამივარდა და დედაჩემმა თქვა, ეს უეჭველად ნიჭიერი გამოვაო.
4 წლის ვიყავი, როცა სცენაზე გამოვდიოდი ჯენტლმენი ალექსანდრე ქიტესაშვილი ძველ ფილარმონიაში, მარჯანიშვილზე. 11 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე, გიტარაზე დაკვრა მესწავლა. მაშინ მათემატიკაზე დავდიოდი და მასწავლებლის შვილი უკრავდა ელექტროგიტარაზე. მომეწონა და ვკითხე, ვინ ასწავლიდა. ასე მივედი თემურ ღრუბელაძესთან გიტარის სასწავლებლად. მათემატიკაზე წავედი და ისევ ხელოვნებაში აღმოვჩნდი.
11 წლის ვიყავი, როდესაც “დიფ ფარფლი” მოვისმინე და ეს მიმდინარეობა ავირჩიე. ზოგჯერ დღესაც დამცინიან, ნაფტალინის სუნი აგდის, გასული საუკუნის 70-იანი წლების პოპს უსმენო, მაგრამ ჩემთვის მუსიკა დამთავრდა იქ, როცა კომპიუტერი შეიქმნა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ უკვე რობოტით ასწორებენ ხმას. ადრე იყო ცოცხალი მუსიკა.
– რას ნიშნავს თქვენთვის მუსიკა?
– ცხოვრებას, ყოველ ემოციას, ყოველ ნაბიჯს, ყოველ განცდას. ეს არის ჩემთვის მუსიკა და ეს არის ჩემთვის ხელოვნება.
– ხასიათის რა თვისებებით გამოირჩევით, რა გეხმარებათ ურთიერთობებში, თავის გატანაში?
– ბევრი პრობლემის მიუხედავად, პოზიტივით ვარ სავსე. მე მიყვარს ადამიანების გაცინება, მხიარულება, ხალხისთვის სიყვარულის და იმედის მიცემა. ზოგჯერ ადამიანებს ჩემს ამბავს ვუყვები, რომ მაგალითი მივცე და გაძლიერდნენ, ვუთხრა, რომ ყველაფერი წინ აქვთ და ეს ცხოვრება ძალიან მაგარია. ყველაფერს რეალური თვალით უნდა შეხედო და ყოველი წუთი, წამი გამოიყენო.
მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მატერიალური სამყაროთი განსაზღვრავენ ამ ცხოვრებას. ერთხელ ვცხოვრობთ, ერთხელ ვხედავთ, ერთხელ შევიგრძნობთ ერთმანეთს და ერთხელ გადავცემთ ამ სიყვარულს, რომელიც მერე სამუდამოდ ქრება და რჩება მხოლოდ სახელი, ისიც დროებით.
– ხალხთან პოზიტივს გასცემთ, მაგრამ როგორი ხართ, როცა მარტო რჩებით საკუთარ თავთან?
– მომავალზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, რა გავაკეთო, რა როგორ დავალაგო, როგორ შევძლო, ამ ჭაობიდან ამოვძვრე და ცოტა მეტს მივაღწიო, რომ გახარებული ვნახო დედა, მამა. მინდა, ბინა ვიყიდო და მერე უნდა ვიფიქრო ცოლზე, შვილზე და ა.შ. მე ამ ყველაფერს ტრაგიკულად არ ვუყურებ.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი პრობლემა მაქვს, მაინც ძლიერი ვარ. ამხელა გასაქანი მაქვს, უფალმა ნიჭიც მომცა და ამას გამოყენება უნდა. სამწუხაროდ, საქართველოში 50 ლარად, ბოდიში და, 5 საათი გხმარობენ. ყავასაც კი გითვლიან, ორ ჭიქაზე მეტი რატომ დალიეო – არის ასეთი სამსახურები. საქართველოში ხელოვან ხალხს არ აფასებენ, ამიტომ ზოგი გალოთებულია, ზოგი ნარკოტიკებს ეტანება, ზოგს აქედან უწევს წასვლა. ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს, მაგრამ 50 ლარად მე ბინას ვერ ვიყიდი.
– გამოდის, რომ საქართველოდან წასვლაზე ფიქრობთ.
– დიახ. ევროპაში, ბერლინში გადავწყვიტე წასვლა და შევხედავ, როგორ იქნება. ავტოსტოპით მინდა ევროპის შემოვლა და სადაც ხალხი და გარემო მომეწონება, სადაც ჩემს ცხოვრებაში ნაკლებად იძრომიალებენ არასასიამოვნო ადამიანები, იქ გავჩერდები. მერე ევროპული ფულით დავბრუნდები საქართველოში მშობლებთან.
– კონკურსზე ვისაუბროთ. რატომ გადაწყვიტეთ ზალიკო ბერგერის პაროდიით გასვლა შოუში?
– ხალხს პოზიტივი ვაჩუქე. მე პირადად ფეისბუქლაივი არასოდეს ჩამირთავს, უბრალოდ ერთმა გოგომ ვიდეო გადამიღო და ატვირთა. ამ ვიდეოს ორ კვირაში 280.000 ნახვა ჰქონდა და ძალიან გამიხარდა.
– ამის მერე გადაწყვიტეთ, ასე წარდგენილიყავით შოუში?
– მანამდეც ძალიან მინდოდა. ზალიკო ბერგერი ძალიან მიყვარს.
– იცნობთ პირადად?
– არა.
– თუ იცით, რა რეაქცია ჰქონდა ზალიკოს, როცა თქვენი ნომერი ნახა?
– კომენტარებში დაწერა ორი გული და ტაშის სმაილები, ანუ მოეწონა. არ დაურეკავს. ერთხელ მე დავურეკე, ვუთხარი, ბატონო ზაალ, ალექსანდრე ვარ, ქიტესაშვილი, თქვენს იმიტაციას რომ ვაკეთებ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, შეგხვდეთ-მეთქი. ვაიმე, ეს შენ ხარო, მიპასუხა.
როგორც ვატყობ, საქმეები აქვს, მაგრამ ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით, ყოველ შემთხვევაში, მე ამის სურვილი მაქვს.
ვაკეთებ ირაკლი ჩარკვიანის, ბარი უაითის, ჯეიმს ბრაუნის იმიტაციებს. ჩარკვიანი ჩემთვის იყო ადამიანი, რომელიც პოზიტივს აფრქვევდა, სიმართლეს ამბობდა, მაგრამ ხალხი არ აფასებდა, რადგან ამ მხრივ საქართველო ყველაზე ცინიკური ქვეყანაა. ადამიანი სანამ არ მოკვდება, მანამდე არ აფასებენ და არ აღიარებენ, რომ ვარსკვლავია.
– როგორია თქვენი ყოველდღიურობა, ერთი ჩვეულებრივი დღე?
– დილით სულ მძინავს. სახლში ყოველთვის გამთენიისას მივდივარ. ღამის ცხოვრებას მივეჩვიე და მიყვარს. ყველაზე კომფორტულად ღამით ვგრძნობ თავს.
– საყვარელი გოგონა თუ არსებობს თქვენს ცხოვრებაში?
– არსებობდა მეგობარი გოგონა, რომელიც ჩემთან, სახლში 2 თვე ცხოვრობდა, მაგრამ ვერ შევეწყვეთ და გავშორდით.
– როგორ ადამიანს ისურვებდით გვერდით?
– მყავს ერთი ასეთი გოგონა – ანასტასია. ის ნახევრად რუსია, ნახევრად ფრანგი და ებრაელი.
– საქართველოში ცხოვრობს?
– არა, საფრანგეთში და ზოგჯერ თბილისში ჩამოდის რაღაც საქმეებზე. მერე ისევ მიდის. შეიძლება მეც წავიდე საფრანგეთში.
– მასთან ერთად?
– დიახ.
– შეიძლება, რომ ქორწინებაზეც იფიქროთ?
– ჯერ ამისთვის ძალიან ბევრი მაქვს საბრძოლველი. ცხოვრებაში ფეხზე უნდა დავდგე.
– როგორი გოგოა ანასტასია?
– ზედმეტად ჭკვიანი, ანუ არამარტო სექსია ჩვენს ურთიერთობაში. ადამიანში მარტო სექსს არ ვეძებ, ურთიერთობა და გაგებაა ჩემთვის მთავარი.
ანასტასია თბილისში, საკრებულოსთან გავიცანი. ლამაზი, წითური, ცისფერთვალება გოგო მოდიოდა და ვიდეოს უღებდა ბიჭებს, რომლებიც უკრავდნენ. გავიცანი, 10 წუთი წავართვი, წავიყვანე ბარში და ღვინოზე დავპატიჟე. 10 წუთი ერთი კვირა გაგრძელდა. მერე წავიდა ბათუმში და მე ავტოსტოპით ჩავაკითხე, მასთან ერთად ვიცხოვრე.
საფრანგეთიდან ჩამოვიდა სადღაც ორი კვირის წინ ჩემ მოსანახულებლად და ისევ დაბრუნდა. ჩემი წარმატება ძალიან უხარია და მგულშემატკივრობს. უნდა, რომ ამ ქვეყნიდან მალე წავიდე, რადგან საქართველოში ძალიან ცოტა ფული კეთდება და ჩემი ნიჭის პატრონი ვეცოდები.
– ახლა თუ მუშაობთ სადმე?
– ჩემი ძირითადი შემოსავლის წყარო სიმღერაა, მაგრამ ამჟამად დედაჩემის გამო ვერ ვმუშაობ, მას მიხედვა და მოვლა სჭირდება. ზოგჯერ კი რაღაცას მეც ვახერხებ.

