გარდაცვლილი 15 წლის ლუკას სირაძის ოჯახის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ მოზარდის დედის ჩვენებიდან ერთი ნაწილი ჟურნალისტებს გააცნო.
-ლუკას დედის ჩვენებაში მითითებული იყო, რომ მუქარის ერთ-ერთი ადრესატი ლუკას ძმა ბექა იყო, რომელიც გორის სამხედრო აკადემიაში სწავლობს. მას უთხრეს, რომ ბექას პრობლემები შეექმნებოდა, თუმცა რა სახის პრობლემებზე იყო საუბარი, ამას არ აკონკრეტებენ. ამის შემდგომ, როდესაც უკვე უშუალოდ უსაფრთხოების მენეჯერი გამოჰკითხეს, მანაც იგივე დაადასტურა, რომ როდესაც განყოფილებაში იყო, ამ ადამიანს უთხრეს, რომ მის ძმას, ბექას პრობლემები შეექმნებოდა.
უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერი იმავე დარბაზში იმყოფებოდა, სადაც ლუკას კითხავდნენ. გვერდზე იყო, ისმენდა, რასაც ლუკა ამბობდა და ესმოდა, რასაც ლუკას ეუბნებოდნენ.
ლუკას დედამაც და ამ ადამიანმაც, ორივემ ერთი და იგივე რამ თქვეს, რომ ლუკას ბექათი ემუქრებოდნენ. ეს თქვა ორივემ თავიანთ ჩვენებებში, ანუ გამოდის, რომ დედა არ იტყუებოდა და სიმართლეს ამბობდა, – განაცხადა ლუკას სირაძის ოჯახის ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ.

