
ავთო ჩიტიძე, სარკე
ტელესახე ნუკა ორჯონიკიძე ორწლიანი პაუზის შემდეგ “რუსთავი 2”-ს დაუბრუნდა. ჟურნალისტი გადაცემის “დილა უქმეებზე” გუნდს შეუერთდა და დილის გადაცემის ამპლუა ძალიან მოსწონს, რასაც ვერ ვიტყვით ტოქ შოუ “ანფასის” წამყვანობაზე. პოპულარულ ადამიანებთან პირად ცხოვრებაზე საუბრები მისთვის ტანჯვა იყო, ამიტომაც თავის დროზე ამ პროექტის გაგრძელებაზე უარი თქვა.
ნუკამ ტელევიზიიდან გამოთავისუფლებული დრო ბიზნესს დაუთმო და ივენთკომპანია შექმნა. ბევრი გრანდიოზული ქორწილის უკან ის და მისი გუნდი დგას. ამ გამოცდილებიდან ახლა უკვე სხვაგვარად ხედავს 12 წლის წინანდელ საკუთარ ქორწილს და, როგორც გვითხრა, შესაძლებლობა რომ მისცა, თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ცერემონიალში ბევრ რამეს შეცვლიდა.
– ნუკა, გადაცემა “ანფასის” დახურვის შემდეგ ეკრანიდან გაუჩინარდით. რას დაუთმეთ ეს დრო?
– 2 წელი გამომივიდა ტელეპაუზა. ჩემთვის ეს პერიოდი აუცილებელი იყო, ამ 2-მა წელმა ძალიან ბევრი რამ მომცა, მაპოვნინა საკუთარი თავი, ჩემი საქმე. ტელევიზიის გარდა დღეს უკვე ბევრ რამეს ვაკეთებ. მაქვს ჩემი ივენთკომპანია, სადაც მთლიანად ვიხარჯები. როდესაც შემომთავაზეს, “რუსთავი 2”-ზე შაბათ-კვირის დილის გადაცემის წამყვანი გავმხდარიყავი, ეს გამოწვევა სიამოვნებით მივიღე, რადგან პირდაპირი ეთერი მიყვარს და ზოგადად დილის გადაცემის ფორმატი ჩემთვის საინტერესოა. ბევრმა ფაქტორმა განაპირობა ჩემი ეკრანზე დაბრუნება, მათ შორის იმ გუნდმა, რომელიც აქ დამხვდა.
– მაყურებელს დაამახსოვრეთ თავი გადაცემა “ანფასით”, სადაც ცდილობდით, პოპულარული ადამიანები გულახდილად აგელაპარაკებინათ. ადვილად შეელიეთ ამ პროექტს?
– თავიდან “ანფასი” “მარაოზე” გადიოდა, შემდეგ დაიხურა. მისი აღდგენის მცდელობა იყო, მაგრამ აღარ მინდოდა, რადგან ამ გადაცემაში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. არ მინდოდა, ამის გამო ტელევიზია შემძულებოდა, ამიტომ ვთქვი უარი.
– თქვენი თაობის ბევრი ჟურნალისტისთვის ნამდვილად დიდი ბედნიერება იქნებოდა, საკუთარი ტოქ შოუ ჰქონოდა, ამიტომ ცოტა უცნაურია, უარი რომ თქვით.
– პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო თითოეულ სტუმართან მუშაობა. სულ მეგონა, იქ ვიჭრებოდი, სადაც ჩემი საქმე არ იყო. საკუთარ თავს ვაყენებდი სტუმრების ადგილზე და ვხვდებოდი, რამდენად არ მესიამოვნებოდა იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლებსაც თავად ვსვამდი.
არ მინდა, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ ყოველი გადაცემის ჩაწერის წინ ნამდვილი ტრაგედია მქონდა. თუმცა დღემდე ძალიან მადლობელი ვარ იმ ადამიანების, განსაკუთრებით მაია ასათიანის, რომ ასეთი საშუალება მომცეს. მე არ ვარ ამ ტიპის გადაცემის იდეალური წამყვანი, რადგან არ ვარ ეპატაჟური, არ მაქვს ინტრიგების ინტერესი და, როცა ვინმეს პირადი ცხოვრების დეტალებზე იყო საუბარი, მეგონა, სახეზე მემჩნეოდა, ეს თემა რომ არ მაინტერესებდა. ძალიან მიკვირდა, როდესაც გადაცემის ჩაწერის შემდეგ სტუმრები მეუბნებოდნენ, ასეთი გულწრფელი არასდროს ვყოფილვართო.
– როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ მაია ასათიანთან?
– არაჩვეულებრივი. თავიდანვე ვამბობდი, რომ არ იყო იმის დრო და არც არასოდეს დადგებოდა, საკუთარი გადაცემა მქონოდა. ის კი იყო ადამიანი, რომელიც მიმტკიცებდა, ეს შენ შეგიძლია და უნდა გააკეთოო. იმდენი მიმტკიცა ეს, სანამ 2 წლის განმავლობაში “ანფასი” არ გამაკეთებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებამ არ გაამართლა, მაიამ ცხოვრებაში ძალიან დიდი ტრამპლინი მომცა. მანამდე “ჯიდიესის” “შუადღის” გადაცემაში ვმუშაობდი, მაგრამ “ანფასმა” უფრო დიდი პოპულარობა მომიტანა.
– მთავარი რჩევა რა მოგცათ, რომელიც დღემდე გახსოვთ?
– პირველი ჩემი რესპონდენტი მაია იყო. მაშინ მითხრა, ყველა ინტერვიუს დროს ისეთი იყავი, როგორიც ჩემთან იყავიო. მას შემდეგ ყოველი გადაცემისას ამ რჩევაზე ვფიქრობდი და სულ ამართლებდა.
– ახლა დილის გადაცემაში სრულ ჰარმონიაში ხართ საკუთარ თავთან?
– კი, აბსოლუტურად. დილის გადაცემა და თან პირდაპირი ეთერი ჩემთვის ყველაზე საინტერესოა ტელევიზიაში. მართლა მაინტერესებს ის თემები, რომლებსაც გადაცემაში განვიხილავ, იქნება ეს სოციალური თუ კულტურული მოვლენები.
– საკმაოდ რთულ პერიოდში დაბრუნდით “რუსთავი 2”-ზე, მაშინ, როცა არხი ბევრმა სახემ დატოვა. იყო გარკვეული საზოგადოებრივი ზეწოლაც. ამან არ იმოქმედა თქვენს გადაწყვეტილებაზე?
– რადგან აქ მოვედი, გამოდის, რომ ყურადღება არ მივაქციე. ვინც ამ არხიდან წავიდა, მათ შორის ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და აქ ვინც დარჩა, მათ შორისაც ძალიან ბევრი ჩემი მეგობარია. რაც აქ ვმუშაობ, ნეგატიური არაფერი მიგრძვნია. სხვათა შორის, ეთერში კრიტიკულ მოსაზრებებს ხშირად გამოვთქვამ და ამის გამო არანაირი პრობლემა არ შემქმნია. სანამ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნებათ, თავიანთი საქმე უნდა აკეთონ.
– როგორ შეეწყვეთ ახალ თანაწამყვანებს?
– “რუსთავი 2”-ში რომ ვბრუნდებოდი, ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობდი, როგორ ავეწყობოდი იმ გუნდს, რომელიც დამხვდებოდა. ხშირად ხდება, რომ ეთერში მეწყვილეები ვერ ეწყობიან და ეს ეკრანზე ყოველთვის ჩანს. ამის ძალიან მეშინოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, სანდრო სანაიამ და მაკო კვიტაიშვილმა მალე დამარწმუნეს, რომ ასეთი ფიქრი უსაფუძვლო იყო. ძალიან კომფორტული გარემო შემიქმნეს.
– როგორი იყო აქამდე თქვენს ცხოვრებაში შაბათ-კვირის დილა?
– ყოველთვის უძილო და ძალიან საქმიანი იყო. ზუსტად ამიტომაც გადავწყვიტე, მემუშავა უქმეებზე. რასაც ივენთკომპანიაში ვაკეთებ, ის საქმე ძირითადად შაბათ-კვირის რეჟიმზეა გადართული. ვხუმრობ ხოლმე, ტელეკომპანიიდან რომ გავდივარ, გოგრად გადავიქცევი, ანუ მუშის ფორმას ვიცვამ და ამა თუ იმ ღონისძიების დეკორაციებს ვაკეთებ-მეთქი.
– ძირითადად ქორწილების ორგანიზებაზე მუშაობთ?
– კი. დაკვეთების თითქმის ნახევარი უცხოელ წყვილებზე მოდის. საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ბევრი უცხოელი ქორწილისთვის ჩვენს ქვეყანას ირჩევს.
– რა არის დღეს ქორწილების ორგანიზებისთვის ყველაზე მოთხოვნადი?
– ყველაფერი ინდივიდუალურია. როცა მეკითხებიან, რა ჯდებაო, ვეუბნები, რომ გააჩნია, რა უნდათ. ძალიან პოპულარულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გაკეთებული ქორწილები. ახლა დიდი მოთხოვნაა კახეთზე. წყვილს ყოველთვის ვეუბნები, ნუ ფიქრობთ, რა არის ტრენდული, ეცადეთ, გააკეთოთ ისეთი ქორწილი, რომელიც თქვენს ხასიათს დაემსგავსება-მეთქი.
მახსოვს, ყველაზე უცნაური მოთხოვნაც შევასრულეთ, როდესაც წავკისში, ერთ-ერთ კომპლექსში გამართულ ქორწილში პატარძალი ვერტმფრენით მივიყვანეთ.
– საკუთარი ქორწილი თუ იყო თქვენი ახდენილი ოცნება?
– კი. სანამ უშუალოდ არ დავიწყე ქორწილების ორგანიზება, მანამდე არასოდეს ვაკვირდებოდი გაფორმებას, სად როგორი ყვავილი იყო, სად როგორი დეკორაცია. ამიტომაც, როცა ჩემს ქორწილზე ვფიქრობ, ასეთი დეტალები ნამდვილად არ მახსოვს. ერთი ის მახსოვს, რომ ძალიან კარგად გავერთე და ეს იყო ჩემთვის მთავარი. მე დღესაც ვთვლი, რომ ქორწილში მთავარი გართობაა. ქორწილი გავაკეთე მაშინ, როცა მე და ჩემს ქმარს ფული გვქონდა. არ გვინდოდა, ოჯახის სხვა წევრების ფულით ყოფილიყო ორგანიზებული.
– ახლა რომ დაგეგმოთ თქვენი ქორწილი, რას შეცვლიდით?
– პირველ რიგში, სტუმრების რაოდენობას შევამცირებდი და სადმე კუნძულზე, ლამაზ სანაპიროზე გავაკეთებდი.
– 12 წლიანმა ოჯახურმა ცხოვრებამ როგორ შეცვალა თქვენი და თქვენი ქმრის, ლევან ჯორბენაძის, ურთიერთობა?
– ძალიან ცოტას უმართლებს ისე, როგორც მე გამიმართლა. ვიპოვე ადამიანი, რომელიც აბსოლუტურ კომფორტს მიქმნის. ჩემ გარშემო ისეთი ოჯახური ისტორიებია, რომ ხანდახან მიკვირს კიდეც. ძალიან გამიმართლა, რომ ლევანი ჩემ გვერდით არის.
გარდა იმისა, რომ ერთმანეთი დავიმატეთ ცხოვრებაში, სხვა მხრივ არაფერი შეცვლილა. მაქვს საშუალება, ცხოვრება გავაგრძელო, როგორც დამოუკიდებელმა ადამიანმა, ჩემი სივრცე მქონდეს და ლევანიც ასეა. გვყავს ორი ქალიშვილი – ელენე და ქეთო.
– როგორ ფიქრობთ, რატომ არის იშვიათი თქვენს თაობაში მყარი და სტაბილური ოჯახი?
– ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ოჯახურ ცხოვრებაში ნებისმიერი კრიზისის დროს სწრაფად მიდიან იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს სირთულე გადაულახავია და დროა, გაშორდნენ. არ შეიძლება, ყველა სიძნელის დროს უცებ თქვა, რომ არჩევანში შეცდი. დედასთან ურთიერთობაშიც გვაქვს ხოლმე კრიზისი და მეგობრებთანაც.
– თუმცა თქვენც ძალიან სწრაფი გადაწყვეტილება მიიღეთ, როდესაც 2 თვის გაცნობილს გაჰყევით ცოლად.
– ზუსტად 2 თვეში გავთხოვდი და ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან გამიმართლა. რეალურად მე და ჩემმა ქმარმა ერთმანეთის გაცნობა თანაცხოვრების დროს დავიწყეთ. ჩვენც ვკამათობთ, ვჩხუბობთ, მაგრამ ყოველთვის ვხვდები, რომ მის გარეშე ისეთი არ ვიქნები, როგორიც მინდა, ვიყო. ერთმანეთის სივრცეს პატივს ვცემთ და ჩვენი ურთიერთობის საიდუმლოც ეს არის.
– როგორი დედა ხართ?
– ჩემთვის მთავარია, რომ შვილებს ყოველთვის ჰქონდეთ დედის იმედი. რა წამსაც გაუჭირდებათ, უნდა ახსოვდეთ, რომ დედა პირველი დაუდგებათ გვერდით. წინ გარდატეხის პერიოდი მელოდება, მაგრამ იმედი მაქვს, ჰარმონიულად გავივლით. შვილებთან ურთიერთობაში მაქსიმალურად გახსნილი ვარ, ყველანაირ ინფორმაციას ვაწვდი, პასუხგაუცემელ კითხვას არ ვტოვებ. ბავშვი ინფორმირებული უნდა იყოს და მერე თვითონ გადაწყვეტს, როგორ უნდა ცხოვრება.
– ოჯახში რა დგას თქვენს მხრებზე?
– არაფერი. დედამთილი ცხოვრობს ჩვენთან და ის არის ყველაფრის განმსაზღვრელი. ჩემი დედამთილია დიასახლისიც, ბავშვების დამკვალიანებელიც, მათი მეცადინეობაც საკუთარ თავზე აქვს აღებული. ჩვენი ოჯახის ნამდვილი ხერხემალია. დედამთილშიც ძალიან გამიმართლა. როცა ვმუშაობ, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილები დანაყრებულები და ნამეცადინები არიან. სახლში მისულს ყოველთვის თბილი გარემო მხვდება.


