,,ლუკა სირაძე დედის გარეშე პოლიციელებთან 20 წუთი იყო” – ლონდა თოლორაია

,,ლუკა სირაძე დედის გარეშე პოლიციელებთან 20 წუთი იყო" - ლონდა თოლორაია,,დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს პოლიციის განყოფილებას და ბავშვი რჩება პოლიციის დაწესებულებაში მარტო. დაისვა რამდენიმე კითხვა არასრულწლოვნისთვის, რომელთა დეტალების დასაზუსტებლად მშობელს სჭირდებოდა გარკვეული მონაცემების სახლიდან მოტანა”, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

მან უპასუხა კითხვაზე, ვინ იყო ადგილზე ლუკა სირაძის პოლიციაში გამოკითხვის დროს, ესწრებოდა თუ არა გამოკითხვას ფსიქოლოგი და ადასტურებს თუ არა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლუკა სირაძის მშობელმა ტერიტორია დატოვა.

-ფსიქოლოგი არც სკოლაში და არც პოლიციის განყოფილებაში ბავშვის გამოკითხვას პროცესს არ ესწრებოდა, ეს დადასტურებულად შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ბავშვის განყოფილებაში მშობლის გარეშე ყოფნის ფაქტს, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს პოლიციის განყოფილებას და ბავშვი რჩება პოლიციის დაწესებულებაში მარტო.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გვაქვს შესაბამისი კამერების ჩანაწერები, თუ რა ხდება ბავშვთან მიმართებით. ეს არის მხოლოდ ვიდეოჩანაწერი, აკრძალულია სამუშაო სივრცეში აუდიო მოსმენა თანამშრომლების, ამიტომ ეს არც ერთ დაწესებულებაში არ ხდება და თუ ხდება, ამას რაიმე კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, შესაბამისად, არც პოლიციაში არ ხდება ყოველდღიური საქმიანობის აუდიოჩაწერა. ესაა მხოლოდ ვიდეო სამონიტორინგო კამერები, რომელიც დაყენებულია პოლიციაში, – აღნიშნა თოლორაიამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, მშობელმა საკუთარი ნებით დატოვა პოლიციის შენობა თუ პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვნით, უპასუხა, რომ ეს პირდაპირი იძულება არ ყოფილა.

-დასმული იქნა რამდენიმე კითხვა არასრულწლოვნისთვის, რომელთა დეტალების დასაზუსტებლად მშობელს სჭირდებოდა გარკვეული მონაცემების სახლიდან მოტანა და სწორედ ამ მიზნით მშობელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადის პოლიციის დაწესებულებიდან, რათა სახლიდან მოიტანოს გარკვეული მონაცემები, რომელიც გამოძიებისთვის იყო საინტერესო. ანუ იძულებით დაეტოვებინა ტერიტორია, პირდაპირი მნიშვნელობით ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, თუმცა პოლიციის თხოვნის საფუძველზე დატოვა, – აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორმა.

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებზე საავადმყოფოში იმსჯელა.

შეგახსენებთ, 17 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მარიანა ჩოლოიანის დაკავების შესახებ განცხადება გაკეთდა, რის შემდეგაც ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის საქმეზე დააკავეს, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინტერპრესნიუსი