ლიკა ლოლომაძე: “შეყვარებული მყავს, მაგრამ ოჯახის შესაქმნელად პატარა ვარ”

ლიკა ლოლომაძე: "შეყვარებული მყავს, მაგრამ ოჯახის შესაქმნელად პატარა ვარ"ირმა ჭკუასელი, სარკე

“ზღაპრის გმირი” – ამ სიტყვებით შეეგება პროექტ “მხოლოდ ქართულის” ჟიურის წევრი, მუსიკოსი გიორგი უშიკიშვილი, 22 წლის ლიკა ლოლომაძეს კასტინგების ტურში. ოთხსიმიანი პატარა საკრავით, ოკულელეთი ხელში მართლაც ზღაპრიდან გადმოსულ პერსონაჟს ჰგავდა და ინოლა გურგულიას სიმღერაც მის ხმას საოცრად მოუხდა. ის მომდევნო ტურშიც გადავიდა და იღბლიანი ათეულის წევრიც გახდა.

ლიკა ქსოვს, თოჯინებს აკეთებს, თიხისგან კი სხვადასხვა სამკაულებს ქმნის. რამდენიმე ენა იცის – გერმანული, ინგლისური, რუსული, ლათინური, ძველი ბერძნული, ახლა კი ახალი ბერძნულის შესწავლა დაიწყო და ზაფხულში საბერძნეთში წასვლას აპირებს. დანარჩენს თავად გვიამბობს.

– ლიკა, ვიცით, რომ თბილისში დაიბადეთ და გაიზარდეთ, სკოლაც დედაქალაქში დაამთავრეთ. ახლა სად სწავლობთ?

– თბილისის 52-ე სკოლა დავამთავრე. შემდეგ აგრარულ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩავაბარე, მაგრამ მერე მივხვდი, ჩემი არ იყო, თანაც ახალი ფაკულტეტი აღმოვაჩინე – თავისუფალი მეცნიერებები, რომლებიც ჩემს განწყობას და იდეებს უფრო შეესაბამებოდა და ამ პროფესიის შესწავლა დავიწყე. თავისუფალმა მეცნიერებებმა მომცა ის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კერძოდ – ვოცნებობდი, ლათინური ენა მესწავლა და ვისწავლე; ხატვა მინდოდა და ხატვაც ვისწავლე.

– როგორ გარემოში გაიზარდეთ?

– საკმაოდ დიდი ოჯახი მყავს. ჩემი და ბიძაჩემის ოჯახები ერთ კორპუსში ვცხოვრობთ – მე, დედა, მამა, ჩემი და-ძმა, ბიძა, ბიცოლა, მათი შვილები. ოთხი დედმამიშვილი ვართ, სამი და და ერთი ძმა. თიკა, 21 წლის არის, ნიკოლოზი – 15-ის, კატუნა – 4-ის. დედა ექთანია და ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. მამა გეოლოგია, მაგრამ თავის პროფესიას არ მიჰყვება, ახლა ინდმეწარმეა.

– ვისგან გერგოთ მუსიკალური ნიჭი, კიდევ ვის აქვს მუსიკალური მონაცემები თქვენს ოჯახში?

– დედისგანაც მერგო და მამისგანაც. მუსიკალური ნიჭი აქვთ, მაგრამ ამ გზას არ გაჰყვნენ.

– რა ასაკიდან დაიწყეთ მღერა?

– 3 წლის ასაკში უკვე ვღიღინებდი. 6 წლის ვიყავი, როცა მიმიყვანეს ხელოვნების გიმნაზიაში, სადაც ბაბუას მუსიკაზე დავყავდი. 10-11 წლის ასაკში გიტარამ დამაინტერესა. ბიცოლა უკრავდა და ვთხოვე, რამდენიმე აკორდი ესწავლებინა. მერე უკვე თვითონ გავაგრძელე სწავლა.

– რატომ გადაწყვიტეთ, სწორედ “მხოლოდ ქართულში” გეცადათ ბედი და არა სხვა რომელიმე კონკურსში?

– მინდოდა, საკუთარი თავი გამომეცადა. კონკურსში გამოსვლაც ამიტომ გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეშინოდა. ვმღერი, მუსიკას ვწერ, ოღონდ უცხოენოვან სიმღერებს. ჩემმა მეგობარმა, გიორგი დათიაშვილმა, რომელიც ძმასავით მყავს, გადაწყვიტა, კომფორტის ზონიდან გამოვეყვანე და მირჩია, ამ კონკურსში გავსულიყავი.

– ნერვიულობდით, როცა ჟიურის წინაშე წარდექით?

– ძალიან. მგონი, ხმაზე მეტყობოდა კიდეც, რომ ვნერვიულობდი – მიკანკალებდა. ნერვიულობა კარგია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის რაღაც შენთვის მნიშვნელოვანია. იმ მომენტში ამიტომაც მქონდა შინაგანი შფოთი.

– ყველაზე მეტად ჟიურის რომელი წევრის გეშინოდათ?

– სხვათა შორის, ამაზე არ ვფიქრობდი, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად სოფო ნიჟარაძის მეშინოდა.

– რატომ? ის ხისტი შეფასებებით არ გამოირჩევა.

– ძალიან მინდოდა, ჟიურის ყველა წევრს მოვწონებოდი, მაგრამ სოფოსი მეშინოდა, არ ვიცი, რატომ.

– მარინა ბერიძე იშვიათად აქებს კონკურსანტებს, თქვენ მიმართ კი ქება არ დაიშურა. რა ემოციები დაგეუფლათ, როცა მის სიტყვებს ისმენდით?

– სიამაყის. ქალბატონი მარინას აზრს ძალიან ვითვალისწინებ იმიტომ, რომ რაღაცები არასდროს ეშლება. ეტყობა, რომ სამართლიანი ქალია.

– როგორ ფიქრობთ, რას მოგიტანთ ეს პროექტი და გინდათ თუ არა, რომ ცხოვრება სცენას დაუკავშიროთ?

– არ დავფიქრებულვარ, ეს კონკურსი რას მომიტანს. უბრალოდ ძალიან მინდა, მეტი მუსიკალური გამოცდილება, განათლება მივიღო. ვეცდები, ამ სფეროში თავი დავიმკვიდრო.

– მაყურებელს მოუყევით, რომ გატაცებული ხართ ხელნაკეთი ნივთების შექმნით, ქსოვით. როდის დაიწყეთ ხელსაქმე?

– ქსოვა პატარაობიდან მაინტერესებდა. დედაც ქსოვდა და ბებიაც, ვთხოვდი, რომ ჩემთვისაც ესწავლებინათ.

დედა თავიდან დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა და, ასე რომ ვთქვათ, ხელოვანია. მამა საკუთარი ხელით აკეთებს სათამაშოებს იმ ნაწილებისგან, რომლებიც სამსახურში რჩება. მათ არ ყრის და ფიგურებს ქმნის.

მე რაღაცების კეთება 16-17 წლის ასაკში დავიწყე. ეს ჩემთვის სიამოვნებაცაა და განტვირთვის საშუალებაც. ტანსაცმელს ვქსოვ, თოჯინებს ვაკეთებ, თიხისგან ვამზადებ გულსაბნევებს, ყელსაბამებს. ბეჭედიც გავაკეთე.

– ჩაცმულობაში ითვალისწინებთ დედის აზრს?

– დედის და ჩემი დის, თიკას, აზრებს ვითვალისწინებ. ჩემი ჩაცმის სტილი მაქსიმალურად კომფორტული, თავისუფალია. კლასიკურადაც ვიცვამ და შეიძლება ითქვას, ორნაირი სტილი მაქვს.

– რა დროს უთმობთ საკუთარი თავის მოვლას?

– საკმაოდ დიდ დროს, რადგან ეს პროცესი ძალიან მიყვარს. კვირაში ერთ დღეს საკუთარი თავისთვის ყოველთვის გამოვყოფ ხოლმე, იოგასაც ვვარჯიშობ.

– იმდენი უცხო ენა იცით, ფაქტობრივად პოლიგლოტი ხართ. ახლა რა ენას ეუფლებით?

– ახლა ახალ ბერძნულს ვსწავლობ. მინდა, საბერძნეთში საზაფხულო სკოლაში წავიდე სასწავლებლად, რადგან ანტიკური ხანა მაინტერესებს და საბერძნეთის, რომის მონახულება მსურს. მაგისტრატურას საქართველოში ვაგრძელებ კლასიკური ფილოლოგიის განხრით.

– როგორი ხასიათი იმალება ამ ძალიან საინტერესო გოგოს მიღმა?

– მარტივი ხასიათი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, სხვას არ მოვახვიო თავს. მაგალითად, როდესაც ვიცი, ცუდ ხასიათზე ვარ, ნამდვილად არ გავალ სახლიდან, რომ ვინმეს განწყობა არ გავუფუჭო. ბუნებით მზრუნველი ვარ, საკმაოდ ემოციურიც. ვცდილობ, სამართლიანი ვიყო.

– ამ კონკურსში გიქომაგებთ საყვარელი ბიჭი, ანუ გყავთ შეყვარებული?

– კი, შეყვარებული მყავს. სამსახურში გავიცანი – ადრე ერთ-ერთ ადგილას ვმუშაობდი. კოლეგები ვიყავით. 9 თვეა, რაც შეყვარებულები ვართ.

– აპირებთ, ამ ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცეთ და იქორწინოთ?

– ცხოვრების რაღაც ეტაპზე ვაპირებ, მაგრამ ჯერ – არა. ქორწინებისთვის პატარა ვარ, 22 წლის. ოჯახს კი სხვანაირი განწყობა და სხვანაირი დამოკიდებულება სჭირდება.