დიანა ჯიშიაშვილი: “ვიცოდი, რომ შვილს გავაჩენდი” – ეტლით მოსარგებლე გოგონას ახალი სიცოცხლე

დიანა ჯიშიაშვილი: "ვიცოდი, რომ შვილს გავაჩენდი" - ეტლით მოსარგებლე გოგონას ახალი სიცოცხლერუსუდან ადვაძე, სარკე

32 წლის დიანა ჯიშიაშვილმა დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესალებლობები არ არსებობს. 14 წელია ინვალიდის ეტლში ზის, მაგრამ ამის მიუხედავად, განათლებაც მიიღო, პარალიმპურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს სამი მედალიც მოიპოვა, ოჯახიც შექმნა და, რაც ყველაზე მთავარია, 2 თვის წინ დედა გახდა.

დიანა 17 წლის იყო, როცა მდინარეში ჩახტომისას ფეხი დაუცდა და თავი ქვას ჩამოარტყა. ტრავმამ ხერხემლის პარალიზება გამოიწვია. რამდენიმე თვე ლოგინიდან ვერ დგებოდა. მერე ეტლში გადაჯდომა შეძლო…

დიანა ჯიშიაშვილი: სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელს აბაშაში, ბებიაჩემთან ჩავედი. გორის რაიონში ვცხოვრობდი და ზაფხულობით აბაშაში ვისვენებდი. ერთ დღეს მეგობრებთან ერთად მდინარეზე წავედი. კარგად ვცურავდი და ყველა ზაფხულის მოსვლა მიხაროდა, რადგან მდინარეზე წავიდოდი. ცურვა ჩემთვის ყველაფერი იყო. გორში ვცხოვრობდი და იქ დავდიოდი სპორტულ ცურვაზე. ნახევრად რუსი ვარ და რუსეთშიც რომ ჩავდიოდი, იქაც ვვარჯიშობდი ცურვაში.

მდინარეში რომ უნდა გადავმხტარიყავი, ფეხი დამისრიალდა, ცუდად დავეცი და თავი ქვას ჩამოვარტყი. ცოტა დიდი, კლდოვანი ქვები იყო და იქიდან ვხტებოდით. ბევრი ხტებოდა და ძალიან სველი იყო ის ადგილი. ამიტომაც დამისრიალდა ფეხი.

თავი ისე ძლიერად დავარტყი, რომ დარტყმის ძალამ კისრის სამი მალა ჩამიმტვრია, რის გამოც მთელი სხეული გამეთიშა. ეს ძალიან რთული ტრავმაა, სიცოცხლისთვის შეუსაბამო, მაგრამ შეიძლება მილიონში 1% გადარჩეს. თავის ტვინი არ დამიზიანდა, მაგრამ ზურგის ტვინი დამებეჟა და პარალიზი ამან გამოიწვია.

იქ მყოფებმა ამომიყვანეს წყლიდან. თავიდან რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შევძელი, მაგრამ მერე სხეული გამეთიშა და ნაპირზევე ჩავიკეცე. მაშინ 17 წლის ვიყავი.

– მაშინვე ეტლით დაგჭირდათ სარგებლობა?

– არა, ეტლში ჩაჯდომა მოგვიანებით შევძელი. მაშინ სამედიცინო დახმარების მიღება ფაქტობრივად მიუწვდომელი იყო, რადგან ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ამ დაავადებას ვერც მკურნალობდნენ.

უცხოეთში ჩემი წაყვანა ვერ მოხერხდა და ექიმების უცოდინრობის გამო სხვა დაზიანებებიც მივიღე, რამაც კიდევ უფრო გაართულა ჩემი მდგომარეობა. რამდენიმე თვე სულ ვიწექი. მერე ეტლშიც ვერ ვჯდებოდი ნორმალურად, ფაქტობრივად, ეტლში ვიწექი.

– რა დაზიანებები მიიღეთ ექიმების უცოდინრობის გამო?

– პირველ რიგში, დაუშვეს შეცდომა, რომ კისრის მალებდამტვრეული კორსეტის გარეშე გადმომიყვანეს შემთხვევის ადგილიდან, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო. კისრის მალა რომ იმტვრევა, მოძრაობა არ შეიძლება, რადგან ზურგის ტვინს აწვება.

თავიდან ქუთაისში მიმიყვანეს. იქ გადამიღეს კისერი, მიტრიალეს და მიტრიალეს თავი. კისრის მოძრაობა არაფრით შეიძლებოდა და ამას ექიმი უნდა მიმხვდარიყო. წყალში ხტომის დროს დარტყმის შედეგად თურმე სწორედ კისრის მალები ზიანდება და ეს ექიმს აუცილებლად უნდა სცოდნოდა. თავი რომ მიტრიალეს, ძვლის ნატეხებმა ზურგის ტვინი უარესად დამიზიანა და ამიტომაც დავრჩი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად.

ჩემი დიდი მცდელობის შედეგია, ახლა ასე რომ ვარ. ვცდილობდი, ტკივილი მომეთმინა და როგორღაც დავმჯდარიყავი ეტლში. ვისწავლე ეტლით გადაადგილება და ფაქტობრივად შეუძლებელი შევძელი. დღესდღეობით სტაბილურად ვარ.

ეტლში მჯდომმა განათლებაც მივიღე, სპორტსმენიც გავხდი. ვმუშაობ, მეუღლეც მყავს, შვილიც შემეძინა…

– რა განათლება მიიღეთ?

– შემომთავაზეს, რომ კოლეჯ “სპექტრში” მესწავლა. გამიკვირდა, როგორ უნდა მევლო, რადგან მაშინ ასე ხშირად ვერ დაინახავდით ქუჩაში ეტლით მოსარგებლეს. მერე ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. ძალიან მიჭირდა ლექციებზე სიარული, წნევა მივარდებოდა, თავბრუ მეხვეოდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი, წამეკითხა, მესწავლა.

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების სპეციალისტი ვარ. რადგან სულ სახლში ვიჯექი, ისედაც კომპიუტერთან მქონდა ურთიერთობა და კარგად ვერკვეოდი. რაც იქ მასწავლეს, ფაქტობრივად უკვე ვიცოდი, მაგრამ მინდოდა, საზოგადოებასთან მეტი ურთიერთობა მქონოდა.

ინტეგრაცია იყო მნიშვნელოვანი, რადგან მაშინ უკვე გადაჩვეული ვიყავი საზოგადოებასთან ურთიერთობებს. უამრავი ბარიერი და სტიგმა არსებობდა და მათ დაძლევას ვცდილობდი.

მაშინ ეტლით მოსარგებლენი ძირითადად გარეთ არ გამოდიოდნენ და ასეთ მდგომარეობაში რომ მხედავდნენ, ყველა მიყურებდა. ისე ჩავჯექი ეტლში, მანამდე არც მენახა ეტლით მოსარგებლე ადამიანი. მეგონა, მიუღებელი ვიყავი საზოგადოებისთვის, რადგან რა სტიგმაც არსებობდა, მეც მისი გავლენის ქვეშ ვიყავი და საკუთარი თავი დავამძიმე.

მერე მივხვდი, რომ ადამიანის არსებობა ფიზიკური მდგომარეობით არ განისაზღვრებოდა და კომპლექსები დავძლიე.

– ახლა სად მუშაობთ?

– ბავშვთა პარასპორტის განვითარების ცენტრში კოორდინატორად ვმუშაობ. სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზებას ვაკეთებ და საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებ.

– ეტლში მსხდომებს შორის საკმაოდ პოპულარულია ფარიკაობა. თქვენ როგორ მოხვდით სპორტის ამ სახეობაში?

– ინკლუზიური განათლება რადგან მქონდა, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში მიმიწვიეს სასაუბროდ. იქ შემთხვევით შევხვდი ჩემს მომავალ მწვრთნელს, მალხაზ მესხს და ეტლით მოსარგებლეს, ახლა უკვე ჩემს მეგობარს, რომელიც თავად არის მოფარიკავე.

სპორტში არსებობს დაზიანებები კატეგორიების მიხედვით. ზოგს შედარებით სუსტი დაზიანება აქვს და ა კატეგორიაში ფარიკაობს, მერე მოდის ბე და ბოლოს ცე კატეგორია. მე ცე კატეგორიას მივეკუთვნები და სწორედ ამ კატეგორიის სპორტსმენი სჭირდებოდათ. მალხაზ მესხმა რომ შემომთავაზა, ვიფიქრე, რატომაც არა, სპორტი, მოძრაობა ჯანმრთელობისთვის გამომადგება და თუ მომეწონება, სპორტულ დონეზეც გავაგრძელებ-მეთქი.

მერე, მართლა ისე მომეწონა, რომ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მოვხვდი და პრიზიორიც გავხდი – მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები ავიღე, სამი ბრინჯაო მაქვს. სულ ორწელიწადნახევარიც არ მიფარიკავია. ბოლოს, მსოფლიოჩემპიონატისთვის რომ ვემზადებოდი, აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი.

ბავშვს ცოტას კიდევ რომ წამოვზრდი, სპორტულ კარიერას უფრო აქტიურად გავაგრძელებ. ფარიკაობა ინტელექტუალური სპორტია და არა მხოლოდ ფიზიკური მოძრაობაა საჭირო, მნიშვნელოვანია, სწორად გათვალო შენი მოქმედება, დაგეგმო და მერე შეასრულო. მოკლე პერიოდში უნდა ამოიცნო, მოწინააღმდეგე რას ფიქრობს და როგორ მოიქცევა. ფიზიკურად და გონებრივად ერთდროულად ვითარდები და ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა. სპორტის ეს სახეობა სამეფო სპორტის ხუთეულში შედის.

– ალბათ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც დაგეხმარათ.

– რა თქმა უნდა. საშინელი დეპრესია დავძლიე. საშინელი ტკივილები როცა გაქვს, იზოლირებული ხარ… თავი ხელში უნდა აიყვანო და შეეგუო, რომ ასე ჩვეულებრივად შეგიძლია იცხოვრო. ეს ჩემთვის უკვე ჩვეულებრივი მდგომარეობაა, ეტლი კი გადაადგილების საშუალება. ვიღაც ფეხსაცმელს ირგებს კომფორტულად, მე – ეტლს. ამ მდგომარეობას უკვე შევეგუ და ტრაგედიად აღარ მიმაჩნია. შეიძლება სხვა ჩემზე უარეს მდგომარეობაშია და ოცნებობს, ეტლით მოსარგებლე იყოს.

სულიერად რომ გავძლიერდი, ჩემი ეს მდგომარეობაც მივიღე. მთავარი შინაგანი ბედნიერებაა და არა ის, თუ ვიზუალურად როგორ გამოიყურები ან როგორ გადაადგილდები. თუ გარემო იქნება ადაპტირებული, საერთოდ არანაირი პრობლემა არ იქნება.

– ქმარ-შვილი გყავთ. მოგვიყევით თქვენს მეუღლეზე და თქვენს სიყვარულზე.

– ჩემი მეუღლე გიორგი ნარხოზაშვილია. ისიც გორელია. მამამ ეტლით გამიყვანა ქალაქში და მაშინ მნახა.

– პირველად რომ გნახათ, უკვე ეტლში იჯექით?

– დიახ. დავუნახივარ. მე კი არ ვიცოდი, ვინ იყო. მერე ერთმა ჩემმა ნაცნობმა გამაცნო ინტერნეტით. შემდეგ რაღაც პროგრამა მჭირდებოდა და ვთხოვე, იქნებ გადმომიწერო-მეთქი… დისკზე ჩაწერილი მომიტანა. ნელ-ნელა დავუახლოვდით ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ ორივე მძიმე მუსიკას ვუსმენდით, ფსიქოლოგიურ თუ ეზოთერულ წიგნებს ვკითხულობდით, ერთნაირი მხატვრული ლიტერატურა მოგვწონდა. ჩემი პროფესია, კომპიუტერული პროგრამებიც კარგად ესმის.

მოკლედ, ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა და ვმეგობრობდით. თვითონ მუდამ მთავაზობდა დახმარებას. მე კი ურთიერთობას ცოტა თავს ვარიდებდი, რადგან კომპლექსები მქონდა. გადაჩვეული ვიყავი ჩვეულებრივ ურთიერთობებს. ის კი მიღებდა ისეთს, როგორიც ვარ. მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა, არადა მსგავს რამეს საერთოდ არ ვგეგმავდი.

გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა. ფარიკაობა რომ დავიწყე, უკვე მასთან ერთად ვცხოვრობდი. გიორგისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეტლში ვიჯექი თუ არა. ვინც რაიმე კითხვას უსვამდა ამის შესახებ, პასუხსაც არ სცემდა. ერთადერთხელ გასცა პასუხი ჩემს ნათესავს: “ხომ შეიძლება ჯანმრთელი ქალი მოიყვანო ცოლად, მაგრამ ტრავმა მიიღოს და ეტლში აღმოჩნდეს, რა, უნდა მიატოვო? თუ გიყვარს, გიყვარს და მორჩა”.

– საოცარი და იშვიათი ადამიანი შეგხვედრიათ. მისმა ოჯახმა როგორ მიგიღოთ?

– დიახ, საოცარი ადამიანია. მისმა ოჯახმაც ჩევულებრივად მიმიღო. ოჯახის წევრებიც ასეთივე ჰყავს – მიმიყვანა და თქვა, მიყვარსო და მორჩა, ზედმეტი არავის არაფერი უთქვამს. ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩემი დედამთილი მუდამ ცდილობს, არაფერი მოგვაკლდეს და მულებისაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

– ქმარი ალბათ ყველაფერში გეხმარებათ.

– მეხმარება, სწრაფად რომ ჩავიცვა, ეტლში რომ გადავჯდე… არც მე ვარ მთლად პასიური. დღის განმავლობაში საკუთარ თავს თვითონ ვუვლი. სახლის საქმესაც ვაკეთებ, ჭურჭელს ვრეცხავ, ბავშვს ვაჭმევ… სახლში ყველაფერი ისე გვაქვს დალაგებული, რომ ადვილად მივუდგე. ბავშვის მოვლასაც ვინაწილებთ. მე ვაჭმევ, გოგა უცვლის.

ჩემი მეუღლე ხელოვანია, მუსიკას წერს. პროფესიით ფინანსისტია. წლების განმავლობაში ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა. ახლახან ის კომპანია დაიხურა და უმუშევარი დარჩა.

გვინდოდა, შვილი გვყოლოდა, მაგრამ ვფიქრობდით, კარგი იქნებოდა, ჯერ ფინანსურად მოვძლიერებულიყავით. მშენებარე ბინა გვაქვს განვადებით შეძენილი. იქ ადაპტირებული გარემო იქნებოდა და არ მინდოდა, ორსული ვეტარებინე ხელით. ახლა ქირით ვართ.  ჩვენი ბინის აშენება ვერ დასრულდა და ორსული მართლაც ხელში აყვანილი მატარა ექიმებთან თუ სხვაგან.

– ანუ ეს ორსულობა დაუგეგმავი იყო?

– დაუგეგმავი. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ შემეძლო შვილის გაჩენა, მაგრამ მაინც რისკთან იყო დაკავშირებული. ორსულობა უნდა დამეგეგმა, მანამდე კი თავს ვიცავდი, მაგრამ მოულოდნელად დავრჩი ორსულად. როცა ეტლში ზიხარ, უფრო რთულია, რადგან ხერხემალი მეტად გტკივა. ამის გარდა სხვა პრობლემებიც იყო. სადაც უფასო გამოკვლევები უნდა ჩამტარებოდა, იქ ვერ მივედი, რადგან კიბეები დამხვდა და შენობაში ვერ შევედი. თან სტიგმა არსებობს, როცა პარალიზი გაქვს, შვილი არ უნდა გააჩინო. მე კი ვიცოდი, რომ მაინც გავაჩენდი.

ჩემი ანდრია ტყუპისცალია. მესამე თვეში ვიყავი, მეორე ემბრიონმა არსებობა რომ შეწყვიტა. ანდრიას კი არანაირი პრობლემა არ ჰქონია მთელი ორსულობის განმავლობაში. ნაადრევი მშობიარობა დამეწყო, მაგრამ ექიმებმა საკეისრო კვეთის გაკეთება მოასწრეს.

– ტკივილები ისევ გაწუხებთ?

– ფეხები ქრონიკულად მტკივა, მაგრამ იმდენი საქმე მაქვს, ამისთვის არ მცალია. ორსულობის დროს კი მტკიოდა ხერხემალი უფრო მეტად, მაგრამ ვითმენდი, გამაყუჩებლებს არ ვსვამდი, რომ ბავშვისთვის არ მევნო. როცა იცი, დედა უნდა გახდე, რას არ მოითმენ?!

გიორგი რომ შემიყვარდა, მაშინ განვიცადე საოცარი გრძნობა, რამაც ჩემი ტკივილი დამავიწყა. ახლა კი ეს შეგრძნება პატარის დაბადებამ განმიახლა. ისე გამითბო გული, ისე გათბა სამყარო, რომ ჩემამდე ნეგატიურ ემოციებს აღარ ვუშვებ.

– ბევრი სრულიად ჯანმრთელი ისე მიდის ამქვეყნიდან, არც სიყვარული აქვს, არც შვილი ჰყავს…

– ადამიანს რა წინააღმდეგობაც გეძლევა, უნდა მიჰყვე და უიმედობაში არ უნდა ჩავარდე. საშინელი ჯოჯოხეთი გამოვიარე, თავიდან ვერც ვლაპარაკობდი, ვერც ვსუნთქავდი… ამისგან ყველა დაიფაროს ღმერთმა! სამაგიეროდ, უდიდესი სიხარული მარგუნა უფალმა მეუღლის, შვილის და ჩემი სპორტული წარმატებების სახით.

ცხოვრებაში მეტი რა გინდა – შვილი და საყვარელი ადამიანი გვერდით. ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრება შედგა.