“უხერხული იყო დაოჯახების მოლოცვა” – რა ხდება ნოდიკო ტატიშვილსა და ჟურნალისტ მარი ბერიძეს შორის

"უხერხული იყო დაოჯახების მოლოცვა" - რა ხდება ნოდიკო ტატიშვილსა და ჟურნალისტ მარი ბერიძეს შორისავთო ჩიტიძე, სარკე

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი პირად ცხოვრებაზე ყოველთვის ნაკლებს ლაპარაკობს, ამიტომ მოულოდნელი იყო, როდესაც ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით და შემდეგ საინფორმაციო სააგენტოებით ცნობილი გახდა, რომ ის შეყვარებულია და მისი რჩეული გოგონა სტაჟიორი ჟურნალისტი მარი ბერიძეა. მეტი დამაჯერებლობისთვის შეყვარებულების ერთობლივი ფოტოებიც გავრცელდა. ნოდიკო გულშემატკივრებისგან მილოცვებსაც იღებდა, ზოგიერთი კი პირდაპირ დაოჯახებას ულოცავდა. ამ თემაზე პირველად ნოდიკო “სარკესთან” ალაპარაკდა.

– ნოდიკო, ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეყვარებული ხართ და თქვენი რჩეული ტოქ შოუ “პროფილის” სტაჟიორია. ბევრი მილოცვაც მიიღეთ. ანუ იპოვეთ ის ერთადერთი?

– სერიოზული არაფერი ხდება. ჩვენ მეგობრები ვართ და საერთო სამეგობრო წრე გვყავს. ერთობლივი ფოტოებიც ჩვენი მეგობრებისგან გასაჯაროვდა. თავიდან უხერხულად ვიგრძენით თავი, მაგრამ შემდეგ იუმორით შევხედეთ ამ ყველაფერს. ყველა გვილოცავდა – მეგობრები, ნათესავები და ის ადამიანებიც, რომლებისთვისაც ერთხელ მაინც მითქვამს გამარჯობა. ბევრმა საერთოდ გადაწყვიტა, რომ უკვე ცოლი მოვიყვანე და დიდი ამბით მილოცავდნენ.

– საერთოდ ყოველთვის ყველაზე ნაკლებს თქვენს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკობთ. რატომ?

– იმიტომ, რომ არ მიყვარს ამ თემებზე ლაპარაკი და, მით უმეტეს, როდესაც მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ერთჯერად ურთიერთობებზე ხომ არ ვილაპარაკებ?! როცა მივიღებ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას, ამას არც დავმალავ და საჯაროდაც ვისაუბრებ.

– თვლით, რომ ჯერ მზად არ ხართ ოჯახური პასუხისმგებლობისთვის?

– მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ოჯახი უნდა შევქმნა. უბრალოდ, ძალიან არ მომწონს საქართველოში ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება, რომ უკვე აგვიანებ ქორწინებას. არა მგონია, ოჯახის შექმნას ასაკობრივი ზღვარი ჰქონდეს, მაშინ უნდა იქორწინო, როცა ხვდები, რომ ძალიან გიყვარს და ძალიან უყვარხარ.

ასაკი არაფერ შუაშია ოჯახის შექმნასთან, მთავარია სიყვარული. მამაჩემი 21 წლის იყო და დედა – 19 წლის, როცა ოჯახი შექმნეს. დღემდე, 40 წლის შემდეგაც გიჟდებიან ერთმანეთზე. ჩემი ნათლია 45 წლის ასაკში დაოჯახდა და ძალიან ბედნიერი ადამიანია. ამიტომ მთავარია, როდის შეხვდები შენს ნამდვილ სიყვარულს.

ოჯახის შექმნა ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო საკითხია, ისე უნდა გიყვარდეს, რომ მისი დანახვა დილითაც გიხაროდეს და ღამითაც. ძალიან ვღიზიანდები, როცა მეკითხებიან: “როდის მოგყავს ცოლი?”.

– რას პასუხობთ ხოლმე ასეთ უტაქტო კითხვებს?

– გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. ვცდილობ, ზრდილობის ფარგლებში მოვექცე. ბევრს პირდაპირ მივახვედრებ ხოლმე, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს ამ კითხვის დასმით.

– როგორ გაატარეთ წლევანდელი ზაფხული?

– ჩვეულ სამუშაო რეჟიმში. ამ ზაფხულს ბევრი კონცერტი მქონდა, დასვენებისთვის არ მეცალა. ცოტა ხნის წინ ჩვენი ოჯახის ახლობელი, 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა, რამაც ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა და ეს ტკივილი ჯერაც არ განელებულა.

– საერთოდ, როგორი გარემო გჭირდებათ დასვენებისთვის?

– ჩემთვის მთავარია მშვიდი გარემო. ვისვენებ იქ, სადაც სიმშვიდე და სიწყნარეა. აუცილებლად უნდა ვიყო ისეთ საზოგადოებაში, რომელიც არ მღლის. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მთელი წელი სტრესულ გარემოში მიწევს მუშაობა, ამიტომ დასვენება ერთმნიშვნელოვნად სიმშვიდეში მჭირდება. ყველაზე კარგად ჩემს მშობლიურ სახლში ვისვენებ. მთელი წელი ყველაზე მეტად სახლში ყოფნა მენატრება.

– როცა ეს ბედნიერება გაქვთ, რას აკეთებთ სახლში?

– პირველ რიგში, ოჯახის წევრებთან მაქვს ურთიერთობა, მე და ჩემს დას ძალიან გვიყვარს ერთად ყავის დალევა და საუბარი. გარდა ამისა, ვცდილობ, კარგად გამოვიძინო. ძალიან ბობოქარი წელი მქონდა, სულ კონცერტები, გადარბენები, ჩაწერები და ამიტომ აგვისტოს რამდენიმე დღე სახლში გავატარე, კარგად გამოვიძინე და ძალები აღვიდგინე.

– ძალიან მშრომელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. პასიურობის და მოდუნების უფლებას საკუთარ თავს არ აძლევთ?

– არ მიყვარს პასიურად ყოფნა. 10 წელია, რაც “ჯეოსტარში” გავიმარჯვე და მას შემდეგ სულ ვმუშაობ იმაზე, რომ მსმენელს მეტი საინტერესო სიმღერა შევთავაზო. უფლის მადლობელი ვარ, რომ ჩემი ცხოვრება ისე განვითარდა, როგორიც დღეს არის. ხანდახან არც კი მჯერა, რომ “ჯეოსტარიდან” უკვე 10 წელი გავიდა.

– 10 წლის წინ, როდესაც “ჯეოსტარმა” ასეთი აღიარება მოგიტანათ, ისეთ მომავალზე ოცნებობდით, როგორიც დღეს გაქვთ?

– ძალიან უმადური უნდა ვიყო, ახლა ვთქვა, იმედგაცრუებული ვარ-მეთქი. როგორ ქვეყანაშიც ვცხოვრობთ და როგორი პირობებიც გვაქვს ხელოვანებს, ჩემი ცხოვრებაც ისე წარიმართა. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო მოცემულ პირობებში. რა თქმა უნდა, უფრო მეტის მიღწევა მინდა და უფრო მეტსაც გავაკეთებდი, მაგრამ ქვეყანაში არსებული გარემო ამაზე მეტის საშუალებას არ იძლევა. საქართველოში რომ ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია, ეს პირდაპირ აისახება შოუბიზნესზე.

ხანდახან, როცა დავფიქრდები, მიკვირს კიდეც, რომ ამ 10 წლის განმავლობაში ამდენი რამ მოვასწარი – ორი სოლო კონცერტი მქონდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გამოვუშვი ორი ალბომი, ძალიან ბევრ კონკურსსა და შოუში მივიღე მონაწილეობა, “ცეკვავენ ვარსკვლავები”, “ორი ვარსკვლავი”, “ბრავო”, “ვოისი”. ძალიან ბევრი გასტროლი მქონდა, თითქმის ნახევარი მსოფლიო შემოვიარე სიმღერით. ამ 10 წელიწადში იყო “ევროვიზიაც”, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ევროპაში ჩვენი გულშემატკივრები გაგვიჩნდნენ. ჩვენს ქვეყანაში რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი მოვსინჯე და გავაკეთე.

– სად ხედავთ საკუთარ თავს კიდევ 10 წლის შემდეგ?

– მომავლის განჭვრეტის უნარი არ მაქვს, მაგრამ ჩემი განწყობიდან გამომდინარე, მომავალი 10 წელიც და მთელი ცხოვრება მინდა, ჩემი საქმე ვაკეთო. ჩემი ერთადერთი სურვილი რაც შეიძლება ბევრი კარგი სიმღერის ჩაწერაა.