რუსკა ქარქაშაძე: “სიყვარული ბევრჯერ აუხსნიათ ჩემთვის, მე ჯერ არ მყვარებია”

რუსკა ქარქაშაძე: "სიყვარული ბევრჯერ აუხსნიათ ჩემთვის, მე ჯერ არ მყვარებია"

ირმა ჭკუასელი, სარკე

რუსკა ქარქაშაძისთვის სერიალი “ხელოვნური სუნთქვა” ტრამპლინად იქცა. დედით ობოლი მელანოს როლმა, მისმა განცდებმა, რომლებსაც პატარა მსახიობი შესანიშნავად გადმოსცემდა, რუსკას დიდი პოპულარობა მოუტანა. მერე იყო სხვა ტელეპროექტები და გოგონა, რომელიც ჩოგბურთს შესანიშნავად თამაშობდა, ახლა უკვე მსახიობობაზე ოცნებობს.

– რუსკა, თქვენს ცხოვრებაში იყო სერიალი, მერე პროექტი “ცეკვავენ ვარსკვლავები”, რომლებმაც დიდი პოპულარობა მოგიტანათ. ასევე იყავით “პრაიმშოუს” წამყვანი. ისევ იქნებით “პრაიმშოუში”?

– არა. ამ გადაცემაში ჩემი რუბრიკა დასრულდა (რუსკა სოციალურ თემებს აშუქებდა. ავტ.).

– როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

– ძირითადად ვვარჯიშობ და მეგობრებთან ერთად ვარ.

– მიზნები სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა. ახლა, ამ ეტაპზე, რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი?

– მთავარი მიზანია, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო.

– ზოგჯერ ადამიანის მთელ ცხოვრებას ერთი შეხვედრა, ერთი ნაბიჯი, ერთი სატელეფონო ზარიც კი ცვლის. თქვენს შემთხვევაში თუ ყოფილა მსგავსი რამ?

– ჩემი ცხოვრება შეცვალა იმ დღემ, როცა სერიალ “ხელოვნური სუნთქვის” კასტინგში გავიმარჯვე.

– პატარა გოგონა გამოჩნდით ეკრანზე, მალე კი სრულწლოვანი გახდებით. ამ ასაკს გარეგნობაზე ზრუნვა ახლავს თან. თქვენ როგორ უვლით თავს?

– ვცდილობ, რაც შეიძლება კარგად მოვუარო, ამიტომ მაკიაჟს ხშირად არ ვიკეთებ და სახის კანს სხვადასხვა საშუალებებით ვუვლი, ასევე კვებითაც ვუწყობ ხელს. ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს არ ვიყენებ, მით უმეტეს, ზაფხულში, როდესაც კანზე ისედაც რუჯი მაქვს და რამის დამატება არ სჭირდება.

– როგორი ჩაცმის სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

– ადგილს გააჩნია, რისთვის ვემზადები ან სად მივდივარ. კლასიკური სტილის მორგებაც შემიძლია და სპორტულისაც.

– დროდადრო ვრცელდება ხმები, რომ შეყვარებული ხართ. მართლაც ხომ არ გეწვიათ სიყვარული?

– ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა.

– როგორ ადამიანს ისურვებდით გვერდით?

– გვერდით ვისურვებდი ყურადღებიან, განათლებულ და პერსპექტიულ ახალგაზრდას, რომელსაც შრომა არასდროს დაეზარება და ჩემს პროფესიას პატივს სცემს.

– რამდენჯერ გყვარებიათ ან რამდენჯერ აუხსნია ბიჭს თქვენთვის სიყვარული?

– სიყვარული ბევრჯერ აუხსნიათ ჩემთვის, მე ჯერ არ მყვარებია.

– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება წლების შემდეგ?

– მინდა, რომ წლების შემდეგ ჩემი საქმის პროფესიონალი ვიყო, მოთხოვნადი და ხალხისთვის საყვარელი მსახიობი გავხდე.

– სამსახიობოზე აპირებთ ჩაბარებას?

– დიახ, სამსახიობო განხრით ვისწავლი, ოღონდ საქართველოში – არა. სასწავლებლად უცხოეთში უნდა წავიდე.