,,თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, საქმის მასალების 21 ტომიდან 2 ტომი სატელეფონო მოსმენის მასალებია. ამის შესახებ კორძაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც კორძაძემ აღნიშნა, მასალებში ისეთი ადამიანის მოსმენებიც დევს, რომელიც თავისი პირადი ცხოვრების ტრაგიკული დეტალების შესახებ ყვება.
ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებს ჰქონდათ სანქციები აღებული და უსმენდნენ ამ საქმეში ვინც ფიგურირებდა – ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს, ავთო წერეთელს, ვახტანგ ბუცხრიკიძეს, „თიბისი ბანკის“ სხვა თანამშრომლებს, დაახლოებით 15-20 ადამიანს.
„ახლა მე გადმომეცა 21 ტომი. ამ 21 ტომიდან 70 პროცენტი არის თვითონ „თიბისი ბანკის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ეროვნულ ბანკშიც იყო გაგზავნილი. დაახლოებით, ორი ტომი მე-5, მე-6 ტომი არის მოსმენის მასალები. ჰქონდათ სანქციები აღებული და უსმენდნენ ამ საქმეში ვინც ფიგურირებდა – ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს, ავთო წერეთელს, ვახტანგ ბუცხრიკიძეს, „თიბისი ბანკის“ სხვა თანამშრომლებს, დაახლოებით 15-20 კაცს.
ეს ხდება 2018-ის ბოლოს, 2019 წლის დასაწყისში. ეს მოსმენა რისთვის მიმდინარეობდა, არ ვიცი, 11 წლის წინ მომხდარ დანაშაულზე. იურიდიულად ალბათ, ეს მოსმენა იმას ემსახურებოდა, რომ, როცა პროკურატურაში დაბარებები დაიწყეს, ერთმანეთთან ლაპარაკს ხომ არ დაიწყებდა ეს ხალხი. სასამართლოზე მიმართვით და სანქციით არის ეს მოსმენები განხორციელებული.
პროკურატურამ დაავიწროვა სიტუაცია და ამბობს, რომ „თიბისი ბანკი“ მოატყუა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტს და თანამშრომლებს ამ დანაშაულში, როგორც ისინი ამბობენ, მონაწილეობა არ მიუღიათ. ადრე ჰქონდათ ლოგიკა, რომ მამუკამ და ბადრიმ ვიღაცას დაავალეს, მაგრამ ახლა ამბობენ, რომ „თიბისი ბანკში“ ეს არავინ იცოდა. მამუკამ და ბადრიმ საკუთარი თავი მოატყუეს და ორმა კაცმა ჩაიდინა ეს დანაშაული?! ამის დაჯერება და გადმოტანა რეალობაში რთულია“, – განაცხადა კორძაძემ.
მისივე თქმით, მოსმენებში არ ფიგურირებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.
„საერთოდ, არ ვიცი რატომ დაურთო ეს მოსმენები პროკურატურამ საქმის მასალებს. მე ვალდებული ვარ, როგორც ადვოკატი გავეცნო საქმის მასალებს, იმ მასალებში კი ისეთი ადამიანის მოსმენები ვნახე, რომელიც ყვება თავისი პირადი ცხოვრების ტრაგიკული დეტალების შესახებ. ამ დოკუმენტებს არავითარი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია.
პირადი ცხოვრების ტრაგიკული დეტალები დევს იმიტომ, რომ არის სატელეფონო კრეფსი და გაშიფრულია მთლიანად. რატომ დევს, არ ვიცი. საერთოდ არ ვაპირებდი ამ მოსმენებზე საუბარს, რადგან საქმესთან შეხება არ აქვს, მაგრამ თავად პროკურატურამ დაიწყო დღეს ამაზე საუბარი. თითქოს ერთ-ერთი ადამიანი ყვება, რომ ადამიანები დაკითხვებზე დაბარების წინ მიდიოდნენ „თიბისი ბანკში“ და გადიოდნენ რაღაც კონსულტაციებს, როგორ უნდა ემოქმედათ პროცესზე და დაკითხვის დროს.
პროკურატურას ავიწყდება, რომ ეს არის 11 წლის წინანდელი საქმე და როცა დაკითხვაზე იბარებენ ადამიანებს, შეიძლება მათ მოიკითხონ და არ ახსოვდეთ, რა ხდებოდა 11 წლის წინ. ეს ადამიანები ახლა აღარ მუშაობენ „თიბისი ბანკში“, ზოგი ბანკის მმართველია, ზოგი დაწინაურებულია, ზოგი სხვაგან მუშაობს. მამუკასთან და ბადრისთან არავის დაურეკავს, მათთან არ არკვევდნენ. პროკურატურა აცხადებს, რომ ამ ადამიანებს „თიბისი ბანკთან“ ჰქონდათ კონტაქტი“, – განაცხადა კორძაძემ.
ადვოკატმა დასძინა, რომ არავითარი მტკიცებულება, ერთი მოწმის ჩვენებაც კი, რომელიც პირდაპირ რაიმე სახით გამოადგება პროკურატურას, საქმეში არ არის.
რაც შეეხება ავთო წერეთლის ჩვენებას, კორძაძის თქმით, წერეთელი ჩვენებაში ყვება, რომ იმ პერიოდში მას ასეულობით მილიონის ბრუნვა ჰქონდა, ამიტომ 16-17 მილიონი ჯაფარიძეს და ხაზარაძეს ასესხა.
„ავთო წერეთლის ჩვენება არის, რომ კი, ჩემი მეგობრები არიან. იმ პერიოდში 16 და 17 მილიონი კი არა, ასეულობით მილიონის ბრუნვა მქონდა, დასჭირდათ ფული და ვასესხე“, – განაცხადა კორძაძემ.
ინტერპრესნიუსი

