თუშეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ფშავი-ომალოს გზაზე მომხდარ ავარიას 5 დამიანი ემსხვერპლა, აქედან სამი ერთი ოჯახიდანაა – მამა, შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი – გაგა და ლევან შაბალაიძეები. გაგა შაბალაიძე 12 წლის იყო. ასევე გარდაცვლები არიან სატვირთოს მძღოლი 25 წლის ზაურ გიგოიძე და 68 წლის ნათელა ალდამიძე-გიგოიძე.ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან ამოიყვანეს. 2 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.
12 ადამიანითა და პროდუქტით დატვირთული სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადაიჩეხა. მანქანაში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებლები იყვნენ. ისინი თუშეთში, სოფელ ბეღელაში ხატობაში მიდიოდნენ.
თუშეთში მცხოვრები:
– ურთულესია თუშეთის გზა, სადაც წელიწადი არ გავა ვინმე არ დაიღუპოს, მაგრამ ასეთი ტრაგედია კარგა ხანია არ დატრიალებულა – 5 ადამიანის ერთდროულად დაიღუპა, მათ შორის ერთი ოჯახის სამი წევრი – მამა ორი შვილით. ენითაღუწერელია ის უბედურება, რაც ჩვენთან ტრიალებს.
ვინც გადარჩა, იმის ნაამბობიდან ვიცი, რომ ზაურს მანქანა აღმართზე გაუჩერდა, ვერ მოახერხა წინ გზის გაგრძელება, მალევე კი დაგორდა და ხევში გადავარდა. ზაურს მანქანა ახალი ნაყიდი ჰქონდა, საკმაოდ ძველი სატვირთო იყო, კარგა ხანს აკეთებდა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ამ გზაზე ამ მანქანით პირველადაც მიდიოდა.
უცნაურია, რომ ამდენი ხალხი წავიდა თუშეთში “კამაზით”, რატომ გადაწყვიტეს ძარით მგზავრობა, როცა იქ ,,კამაზებით” უკვე აღარავინ ადის. ამ მანქანებით თუშეთში ახლა მხოლოდ ის მძღოლები ადიან, რომლებსაც სამშენებლო მასალა ააქვთ. ზაურმაც ამიტომ იყიდა საკამოდ ძველი “კამაზი” , ფიქრობდა, ახლა თუშეთში მშენებლობებია, მეც ვატარებ სამშენებლო მასალებს და ცოტა ფულს ვიშოვიო. ხატობაში მიდიოდა ბედნიერი ხალხი და ასეთი ტრაგედიით დასრულდა ყველაფერი.
– როგორც გავიგეთ, ავტომანქანაზე მყოფი შაბალაიძეების სამი ვაჟიდან უფროსი გადარჩა, გადახტომით უშველა თავს…
– დიახ, ასეა, კიდევ კარგი, ის მაინც ცოცხალია… ისეთი კარგი, პატიოსანი და მშრომელი ოჯახი, როგორიც შაბალაიძეებს ჰქონდათ, ბევრი როდია.. ალვანელი ხელოსნები ჩეჩნეთში სეზონურად დადიან მშენებლობაზე, ოჯახებისთვის ლუკმაპურს ასე შოულობენ. შალვაც მანდ დადიოდა, – ყველა ხელობა იცოდა, რაც კაცმა უნდა იცოდეს. ახლაც ჩეჩნეთში იყო წასული და წინა დღეს დაბრუნდა ხატობისთვის. თუშებს ასეთი წესი გვაქვს – რამდენიმე წლით ადრე ვაწესებთ ხატობის მოთავე მასპინძლებს და ახლა შალვა უნდა ყოფილიყო მოთავე კაცად. ამიტომაც დაბრუნდა და მიდიოდა იქ თავისი ოჯახიანად.
ამბები.ჯი (ფოტოზე შაბალაიძეების ოჯახი)

