სვანეთში მესტია ჭალაჰესის კაშხალი დაზიანდა. წყალმა გაანადგურა ჰესის მიმდებარე ინფრასტრუქტურა და წაღებულია რამდენიმე ათეული ავტომობილი.
ადგილზე მაშველები მუშაობენ და ცდილობენ, რომ სტიქიურ ზონაში ჩარჩენილი ადამიანები გამოიყვანონ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ ჰიდროელექტროსადგურის ნაგებობები დაანგრია, ჰესის შენობა სრულად წყალშია. ასევე, ჰესთან ახლოს მდებარე ათეულობით ავტომობილი ქვა-ღორღით არის დაფარული.
სტიქიურ ზონაში მყოფი ადამიანების ნაწილმა გაქცევა შეძლო, ნაწილის გამოყვანას კი ამ წუთებში ცდილობენ.
სტიქია მძვინვარებს ქვემო სვანეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებშიც.
მესტიის მკვიდრი დავით ფალიანი ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რა მდგომარეობაა მესტიაში. როგორც ის მედიასთან ამბობს, ადიდებული მდინარე „მესტიაჭალა1“-თან არსებულმა ხიდმა ვერ გადმოატარა.
-არავინ იცის, რამდენი მანაქანაა წაღებული, არც ის იცის არავინ, იმ მანქანაში იმყოფებოდა თუ არა ვინმე. იქ იყო მანქანების სადგომი. ადგილი, რომელიც დაიტბორა, არის ჭალაადის მყინვარისკენ მიმავალი გზა, რომელიც არის ორ მდინარეს შორის. აქ შენდება „მესტიაჭალა1“. ჩადგეს რამდენიმე კოსტრუქცია, მათ შორის მდინარეებზე გადასასვლელი ხიდი, სწორედ ამ ხიდმა ვერ გადმოატარა ადიდებული მდინარე. ხიდი დანგრეული აქვს მდინარეს.
მე თვითონ ორი მანქანა ვნახე ნახევრად ჩამარხული. იქ ასევე არის პატარა კაფე, რომელსაც მიმდგარი აქვს წყალი. მოსახლეობა არ ცხოვრობს ახლოს, თუმცა ტურისტები იმყოფებოდნენ, რომლების გადმოყვანასაც ცდილობენ ახლა. როგორ მოახერხებენ, არ ვიცი, ორ მდინარეს შორის არიან. ამიტომაც ვიყავით ამ ჰესების წინააღმდეგ, ეს ისედაც რთული მდინარეა, მისი დამორჩილება შეუძლებელია, – ამბობს დავით ფალიანი.
მესტიაში მიმდინარე მოვლენების ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებს სალომე რატიანიც.
Gepostet von Salome Ratiani am Donnerstag, 25. Juli 2019

