მამკოდაში წყალდიდობაა, მაშველებს რამდენიმე კაცი არ ემორჩილება და ქეიფს განაგრძობენ

მამკოდაში წყალდიდობაა, მაშველებს რამდენიმე კაცი არ ემორჩილება და ქეიფს განაგრძობენსოფელ მამკოდაში მდინარის ადიდების შედეგად 70-მდე ადამიანი ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე აღმოჩნდა. მცხეთის მუნიციპალიტეტში მდინარის ადიდება უხვმა ნალექმა გამოიწვია.

სამაშველო ჯგუფები მათ გამოყვანას ცდილობენ. ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე მყოფთა უმეტესობის უსაფრთხო ადგილზე გაყვანა მოხერხდა, თუმცa 10-მდე მოქალაქე კვლავ მდინარის მეორე ნაპირიდან გადმოსვლას ვერ ახერხებს.

არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რუსთავი2-ს განუცხადეს, ადგილზე 25 მაშველი მუშაობს და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით ცდილობენ მოქალაქეების გამოყვანას.

როგორც საქართველოს ,,პირველი არხის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ჩარჩენილთაგან რამდენიმე ადამიანი ამ ეტაპზე მაშველებს არ ემორჩილება და მეორე ნაპირზე არ გადმოდის. ისინი მამკოდის ტერიტორიაზე საქეიფოდ არიან მისული.

როგორც აღვნიშნეთ, მდინარის მეორე ნაპირზე სულ 70 ადამიანი იყო ჩარჩენილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.